მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება

მოციქულთა 70-თაგანთა: იროდიონისა, აგაბოსი, ასინკრიტესი, რუფოსი, ფლეგონტისა, ერმისა და სხვათა მათ თანა
#წმინდათა ცხოვრება

წმიდა მოციქულები: იროდიონი, აგაბო, ასინკრიტე, რუფოსი, ფლეგონტე, ერმი და სხვები (1) იყვნენ 70-თაგანნი, რომლებიც ქრისტემ აირჩია და გაგზავნა საქადაგებლად (ხს. 70 მოციქულთა კრებისა 4 იანვარს).

წმიდა იროდიონ მოციქული პავლე მოციქულის ნათესავი იყო და მას ახლდა თან მოგზაურობაში. როდესაც ბალკანეთის ნახევარკუნძულზე ქრისტიანობა გავრცელდა, პეტრემ და პავლემ იროდიონს ხელი დაასხეს ეპიკსოპოსად. მოციქულებმა ბევრი წარმართი და იუდეველი მოაქციეს ქრისტეს სარწმუნოებაზე.

წმიდა იროდიონის ქადაგებით გამძვინვარებული კერპთაყვანისმცემლები და იუდეველები ერთხელ თავს დაესხნენ მას. ერთმა იუდეველმა დანა ჩაარტყა მოციქულს. როცა მკვლელები თვალს მიეფარნენ, უფალმა უვნებლად აღადგინა იგი.

წმიდა იროდიონი დიდხანს ეხმარებოდა წმიდა პეტრეს სამოციქულო საქმიანობაში. პეტრე მოციქულის ჯვარზე გაკვრის დროს (67 წელს) წმიდა იროდიონს თავი მოჰკვეთეს.

წმიდა აგაბოს მომადლებული ჰქონდა წინასწარხედვის ნიჭი. მან იწინასწარმეტყველა შიმშილობა იმპერატორ კლავდიუსის დროს და წმიდა პავლეს წამება იერუსალიმში (საქმე 21,11). მოციქული აგაბო ქადაგებდა სხვადასხვა ქვეყანაში და ბევრი წარმართი მოაქცია.

მოციქული რუფოსი, რომელსაც ახსენებს წმიდა პავლე რომაელთა მიმართ ეპისტოლეში (რომ. 16,13), იყო საბერძნეთის ქალაქ თებეს ეპისკოპოსი, მოციქული ასინკრიტე-ჰირკანიის (აზიაში) ეპისკოპოსი, მოციქული ფლეგონტე-მარათონის (თრაკიაში), მოციქული ერმი კი - დალმატიისა (ცნობილია 70-თაგან სხვა მოციქული ერმიც, რომელიც ფილოპოპოლისის ეპისკოპოსი იყო).

 

ყველა მოციქული მოწამეობრივად აღესრულა.