მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება

წმიდა კელესტინე - რომის პაპი
#წმინდათა ცხოვრება

წმიდა კელესტინე - რომის პაპი, მართლმადიდებლობის ერთგული დამცველი, ცხოვრობდა წმიდა თეოდოსი მცირის (408-450) დროს. მან კარგი განათლება მიიღო, შესანიშნავად ფლობდა ფილოსოფიას, მაგრამ ყველაზე გულმოდგინედ წმიდა წერილს სწავლობდა, გულმოდგინებამ და საღვთო წერილის ცოდნამ წმიდა მამას საყოველთაო ავტორიტეტი და სიყვარული მოუპოვა. წმიდა პაპის - ბონიფაციუს I-ის (418-422) გარდაცვალების შემდეგ კელესტინე რომის კათედრაზე აირჩიეს. ამ დროს აღმოცენდა ნესტორის ერესი. 430 წელს რომის ადგილობრივ კრებაზე წმიდა კელესტინემ ამხილა და დაგმო მწვალებლობა. კრების შემდეგ პაპმა ეპისტოლე გაუგზავნა ალექსანდრიის მთავარეპისკოპოს წმიდა კირილეს (ხს. 18 იანვარს) და აუწყა, რომ თუ ნესტორი 10 დღის განმავლობაში არ უარყოფდა თავის ცრუსწავლებას, განიკვეთებოდა ეკლესიიდან.

წმიდა კელესტინე ნესტორიანობას ამხელდა კონსტანტინოპოლისა და ანტიოქიის ეკლესიებისადმი გაგზავნილ ეპისტოლეებშიც.

კრების შემდეგ ორი წლის განმავლობაში წმიდანი მხურვალედ ქადაგებდა ჭეშმარიტ სწავლებას ქრისტეზე, როგორც განხორციელებულ ღმერთზე და მშვიდობით მიიცვალა 432 წლის 6 აპრილს.