მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება

წმიდა მოწამე ევფსიხი
#წმინდათა ცხოვრება

წმიდა მოწამე ევფსიხი დაიბადა კაბადოკიის კესარიაში; მშობლებმა იგი ქრისტიანულად აღზარდეს. იმპერატორ იულიანე განდგომილის (361-363) დროს კესარიაში იყო წარმართული ქალღმერთის, ფორტუნას ტაძარი, რომელსაც იულიანე დიდ პატივს მიაგებდა. წმიდა ევფსიხიმ ხალხი შეკრიბა და ტაძარი დაარბია. წმიდანმა იცოდა, რომ ამ საქციელისათვის სასჯელი არ ასცდებოდა, მთელი ქონება ღარიბებს დაურიგა და მოწამებრივი აღსასრულისათვის გაემზადა.

გამძვინვარებულმა იმპერატორმა მოსახლეობის ნაწილი დაახოცვინა, ცნობილი მოქალაქეები გადაასახლა, სამღვდელოება სამხედრო სამსახურში გაიწვია, ეკლესიები გაძარცვა. სახელიც კი წაართვა ქალაქს - კესარია (ე.ი. მეფური) და აქცია უბრალო სოფლად - ძველი სახელით მაზაკა, მოსახლეობას მძიმე ხარკი შეაწერა. იმპერატორმა ბრძანა, რომ საერთოდ გაანადგურებდა ქალაქს, თუ მცხოვრებლები დანგრეული ტაძრის ნაცვლად ახალს არ ააშენებდნენ.

იულიანეს ბრძანებით, დიდხანს ცდილობდნენ ევფსიხი გადაებირებინათ კერპთაყვანისმცემლობისაკენ, მაგრამ ამაოდ. ხანგრძლივი წამების შემდეგ მას თავი მოჰკვეთეს (362 წელს).