მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება

წმიდა მამანი და დედანი, ქვაბთახევის მონასტერში წამებულნი
#წმინდათა ცხოვრება

გიორგი ბრწყინვალის ძისწულის, ბაგრატ V-ის მეფობის დროს, ჩვენს ქვეყანას უფალმა სასჯელი გარდამოუვლინა ცოდვებისათვის: სამარყანდელი თემურ ლენგი 7-ჯერ შემოესია საქართველოს ურიცხვი ლაშქრით, „რომელსაც ვერ იტევდნენ მთანი და ველნი და ყოველივე არენი და სანახნი საქართველოსანი“. მტერმა იავარ-ჰყო და პირისაგან მიწისა აღგავა მრავალი ეკლესია-მონასტერი. შვიდგზის მიიღო ქართლმა „ვნებაი მისგან მახვილისა მიერ ტყვეობისა და ცეცხლისა და შენობითთა საფუძველთა აღმოყრისა“.

თემურ-ლენგმა ტყვედ იგდო ბაგრატ მეფე, ქართლი ააოხრა და სხვა დიდებულებთან ერთად მეფე-დედოფალი შირვანს წაიყვანა. უსჯულო თემური ყოველნაირად აიძულებდა მეფეს ქრისტიანობის დატოვებას, სამაგიეროდ კი მეფის ტიტულის შენარჩუნებასა და სხვა ტყვეებთან ერთად განთავისუფლებას ჰპირდებოდა.

კარგა ხანი ვერ მოდრიკეს ბაგრატი, მაგრამ ბოლოს „უღონოდქმნილი ყოვლისგან კაცობრივისა შეწევნისა... სარწმუნოებისგან სათანადოისა მოაკლდა“. შემდეგ ღვთის სასოება კვლავ აღდგა მასში, მოტყუებით მოიმადლიერა თემურ-ლენგი და ქართლში თავისი პატივის შენარჩუნებით დაბრუნების ნებართვაც მიიღო. ბაგრატის თხოვნით თემურმა მას გააყოლა 12-ათასიანი სპა, რომელიც თითქოს მას თავისი სამეფოს გამაჰმადიანებაში უნდა დახმარებოდა.

ხუნანს მიახლოებულმა ბაგრატმა თავის ძეს, გიორგის მოუწოდა ლაშქრითურთ და თემურ-ლენგის მხედრობა „აღსყდა... მახვილთა ერთისაცა ბარბაროსთაგანისცა განურუდებელად“.

ცნობამ ლაშქრის განადგურების შესახებ და ბაგრატის ღალატმა განარისხა თემურ-ლენგი და „ჩუენ ზედა განმხედრებად აღძრული“ წამოემართა ბაგრატზე შურის საძიებლად. ქართველებმა მტრის პირველი შეტევა მოიგერიეს, მაგრამ თემურმა დამხმარე ლაშქარი მოიშველია, დაქანცულ ქართველებს ახალი ძალით შეუტია და უკან დაახევინა.

თათრებმა მოაოხრეს თბილისი, ნისანი, კალისი, ქართლის ქალაქები და სოფლები დაწვეს, წმიდა ეკლესიები დაარღვიეს და „ესრეთ მარბიელობით“ ჩააღწიეს ქვაბთახევის მშვენიერ მონასტრამდე.

ქვაბთახევში მტერს დაუხვდა „გარემო მახლობელთა მონასტერთაგანნი მონაზონნი, მრავალნი მამანი და დედანი, აზნაურთაგანნი და მღვდელნი და დიაკონნი და თვით მონასტრის ძმანი“, გარდა სასულიერო პირებისა, „ერისკაცთა მათ სიმრავლე სოფელთაგან მახლობელთა იყო არა მცირე“...

ბარბაროსებმა მონასტრის კარები შეამტვრიეს, გაძარცვეს იგი, „განიტაცეს ჭურჭელი და გამოიღეს სიმდიდრენი მონასტრისა საუნჯეთა და არა მცირედი, რამეთუ ფრიად მდიდარი იყო მონასტერი იგი“. მოხუცებულნი და უძლურნი, რომელთა ტყვედ წასხმა შეუძლებელი იყო, მახვილით მოწყვიტეს.

ღვთის სამკვიდრებელში შესულმა უღმერთოებმა შეაგინეს წმიდა ტაძარი-გააშიშვლეს მახვილები, „ჰკაფდეს უწყალოდ ვენახსა მას სიტყვერსა ანუ ხილნარსა მტილისა ღვთისას“, უფლის ღირსი მონათა ცხედრები ცის ფრინველთა საჭმელად და „მხეცთა ქუეყანასათა“ საჯიჯგნად დატოვეს.

როდესაც ბარბაროსებმა კვლასა და შეკვრისგან მოიცალეს, წმიდა სამღვდელო კაცთა, მონაზონთა, ქალწულთა და მოწესეთა დაცინვა დაიწყეს - ეჟვნები შეაბეს მათ, თვითონ კი ეშმაკისგან გაგიჟებულებმა, „იწყეს ხლდომად და როკვად“. „ვა ჩუენდა, მონაზონთა“, -  ქვითინით და ვაებით გოდებდნენ მოწამეები.

ამის შემდეგ ბარბაროსებმა ყველა იქ მყოფს მიმართეს: „ან უარყავით ქრისტე, ან შეკრულებს შეგყრით ეკლესიაში, შეშას შემოგიწყობთ და დაგწვავთო“. ტყვედქმნილნი პასუხობდნენ: „ჩუენ უკეთუ მიცემულთა ხელთა მიმართ თქუენთა ცოდვათათვის ჩვენთა, რომელნი ვქმნენით და განვარისხეთ შემოქმედი ჩვენი და ღმერთი და არა თუ სიმართლისათვის თქუენთა ვესავთ, ვითარმედ განგვწმინდეს პატიჟითა ამით დროებითითა და განგვისვენნეს უწელიწდოებითსა შინა საუკუნოსა... ვერა რამემან განმაშორნეს სიყუარულისა მას ქრისტესსა, ჭირმან, ანუ იწროებამან, დევნამ, ანუ სიყმილმან, შიშლოებამან, ანუ ურვამან, ანუ მახვილმან“.

მოწამეები ერთმანეთს ამხნევებდნენ და გალობდნენ ფსალმუნის სიტყვებს - „შენთვის მოსწყდებით ჩუენ მარადღე და შევირაცხენით ჩუენ, ვითარცა ცხოვარნი კულადნი“.

როცა მარტვილნი ეკლესიის კართან მიიყვანეს, ასე მიმართეს უფალს: „შევიდე სახლსა შენსა, თაყუანის ვსცე ტაძარსა წმიდასა შენსა შიშითა შენითა, უფალო, მიძეღუ მე სიმართლითა შენითა, მტერთა ჩემთათვის წარმართე შენ წინაშე გზაი ჩემი“.

ღვთის ტარიგნი ბარბაროსებს ეუბნებოდნენ: „აღანთენით ხორცნი, ბოროტმსახურნო, რათა ცეცხლითა საღმრთოითა მდებარენი სულნი უბრწყინვალეს მზისა გაბრწყინდეს სასუფეველსა შინა ზეციერსა მამისასა, ნუ იცადებთ შეწირვასა ჩუენსა, რათა სახილველ ვიქმნეთ სოფლისა და ანგელოსთა და კაცთა, დაღაცათუ ჯერეთ სურელსა ჩუენსა მხოლოდ უფალი ჰხედავს და სიმართლისათვის ჩუენისა ნუგეშინის გვცემს“.

მტარვალებმა შეშა მიზიდეს და დიდი ცეცხლი აღაგზნეს, ალი მაღლა ადიოდა, ხშირი ნაკვერცხლები ცვიოდა, „ქუხილსა სახმილისასა მთანიცა ხმას სცემდეს“, ყოვლადდასაწველტა ნეტარი სულები კი გალობდნენ: „აკურთხევდით ცეცხლი და სიცხე უფალსა, უგალობდით და ზესთა ამაღლებდით მას უკუნისამდე“, აკურთხევდით მღვდელნი უფალსა, აკურთხევდით მონანი უფალსა, უგალობდით და ზესთა ამაღლებდით მას უკუნისამდე.“

ასე შეიწირნენ ღვთის მიმართ ტარიგნი უბიწონი.

ეკლესიის იატაკზე მოწამეთა დამწვარი სხეულების კვალი აღიბეჭდა „და ვიდრე დღეინდელად დღემდე იხილვების შინაგან იატაკსა ზედა წმიდისა ეკლესიისასა და დამწვარნი სახენი მათნი დღესაცვე ზედან სხენან“.