| მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება |
|
წმიდა მოწამენი ტერენტი, პომპიოს, აფრიკანე, მაქსიმე, ზენონ, ალექსანდრე, თეოდორე და სხვანი
#წმინდათა ცხოვრება წმიდა მოწამენი ტერენტი, პომპიოს, აფრიკანე, მაქსიმე, ზენონ, ალექსანდრე, თეოდორე და სხვანი იმპერატორ დეკიუსის (249-251) დროს აღესრულნენ ქრისტესათვის. იმპერატორმა გამოსცა ბრძანება, რომ იმპერიის ყველა ქვეშევრდომს მსხვერპლი შეეწირა კერპებისათვის. როდესაც ეს ბრძანება აფრიკის გამგებელმა ფორტუნატიანემ მიიღო, მოედანზე შეკრიბა ხალხი და წამების საშინელი იარაღები აჩვენა და მოითხოვა, უკლებლივ ყველას შეესრულებინა მსხვერპლშეწირვის რიტუალი. წამების შიშით ბევრმა შეასრულა უსჯულოთა ბრძანება, მაგრამ წმიდა ტერენტიმ 40 ქრისტიანთან ერთად უშიშრად განაცხადა თავისი ერთგულება ქრისტესათვის. ფორტუნატიანეს გაუკვირდა მათი სიმამაცე და ჰკითხა: გონიერ ადამიანებს როგორ შეგიძლიათ, ღმერთად ჩათვალოთ ის, ვინც იუდეველებმა ჯვარს აცვეს, როგორც ავაზაკი?! წმიდა ტერენტიმ უპასუხა, რომ მათ სწამთ მაცხოვარი, ადამიანთა ცოდვათათვის ჯვარცმული და მესამე დღეს მკვდრეთით აღმდგარი. ფორტუნატიანე მიხვდა, რომ ტერენტი თავისი მაგალითით ამხნევებდა და სიმტკიცისაკენ მოუწოდებდა სხვა ქრისტიანებს და ბრძანა მისი საპყრობილეში ჩაგდება სამ უახლოეს მეგობართან - აფრიკანესტან, მაქსიმესთან და პომპიოსთან ერთად; სხვა მოწამეებს კი, მათ შორის ზენონს, ალექსანდრეს, და თეოდორეს, აიძულებდა, უარი ეთქვა სარწმუნოებაზე. ვერავითარმა დაპირებამ და წამებამ ვერ გაჭრა: წმიდანები მტკიცედ იცავდნენ სარწმუნოებას და უფალიც განამტკიცებდა მათ. ფორტუნატიანემ ბრძანა, მოწამეები კიდევ ერთხელ მიეყვანათ ტაძარში და კიდევ ერთხელ მოსთხოვა მათ, მსხვერპლი შეეწირათ კერპებისათვის. წმიდანებმა კი ღმერთს შეჰღაღადეს: „ყოვლადძლიერო უფალო, რომელმან ცეცხლი უწვიმე სოდომ უსჯულოებისა მისისათვის, დააქციე უწმიდური ტაძარი ესე, ჭეშმარიტებისა შენისთვის!“ კერპები ჩამოცვივდნენ და დაიმსხვრა, შემდეგ ტაძარიც ჩამოინგრა. გამძვინვარებულმა გამგებელმა წმიდანების დახოცვა ბრძანა. მოწამეების დახოცვის შემდეგ ფორტუნატიანემ იხმო ტერენტი, მაქსიმე, აფრიკანე და პომპიოსი, უჩვენა წამებულთა გვამები და კვლავ უბრძანა მსხვერპლშეწირვა. წმიდანებმა უარი განაცხადეს. მაშინ გამგებელმა ბორკილები დაადო მათ და საპყრობილეში გამოამწყვდია. ღამით უფლის ანგელოსმა ბორკილები შეხსნა მოწამეებს და დააპურა. დილით დარაჯებმა მხნე და დაპურებული მოწამეები იხილეს. ფორტუნატიანემ ჯალათებს უბრძანა, გველებითა და ყოველგვარი უწმიდურებით აევსოთ საკანი, მაგრამ დარაჯებმა დაინახეს, რომ ქვეწარმავლები წმიდანებს არაფერს ვნებდნენ. ბოლოს, განრისხებული ფორტუნატიანეს ბრძანებით, მოწამეებს თავები მოჰკვეთეს. ქრისტიანებმა პატივით დაკრძალეს წმიდანთა ნეშტი ქალაქგარეთ. წმიდა მოწამენი იაკობ ხუცესი, აზადან და იაკობ დიაკონნი აღესრულნენ სპარსეთში მეფე საპორის დროს. ისინი შეიპყრეს ეპისკოპოს აკეფსიმესთან (ხს. 3 ნოემბერს) ერთად. ხანგრძლივი წამების შემდეგ მოწამეებს ნესტოებში ძმარგარეული მდოგვი ჩაასხეს, გააშიშვლეს და ყინვაში დაკიდეს ფეხებით. დილით ხელახლა აწამეს და ისევ საკანში ჩაყარეს, ბოლოს კი თავები მოჰკვეთეს (დაახლოებით 380 წელს). |