მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება

წმიდა მოწამენი პროკლე და მარტინიანე
#წმინდათა ცხოვრება

წმიდა მოწამენი პროკლე და მარტინიანე წარმართები იყვნენ და მსახურობდნენ რომში, მამერტინის ციხეში.

პროკლე და მარტინიანე თვალყურს ადევნებდნენ ტყვე ქრისტიანების საქციელს, უსმენდნენ მათ ქადაგებებს და თანდათან შეიმეცნებდნენ ჭეშმარიტ სარწმუნოებას. წმიდა მოციქულ პეტრეს მამერტინის ციხეში ტყვეობისა და  მისი მადლმოსილი ქადაგების შემდეგ პროკლემ და მარტინიანემ საბოლოოდ ირწმუნეს ქრისტე, მოციქულისგან ნათელი იღეს და იგი საპყრობილიდან გაათავისუფლეს. ციხის უფროსმა პავლინემ შეიტყო ეს ამბავი და ახლად ნათლიღებულებს ქრისტეს უარყოფა მოსთხოვა, მათ კი უშიშრად აღიარეს ქრისტიანული სარწმუნოება. პავლინეს ბრძანებით წმიდანები სასტიკად სცემეს, შემდეგ კი საპყრობილეში ჩაყარეს. მალე პავლინეს ღვთის სასჯელი ეწია: მოულოდნელად დაბრმავდა და მესამე დღეს გარდაიცვალა. პავლინეს შვილმა ქალაქის თავს მოწამეთა სიკვდილით დასჯა მოსთხოვა. წმიდა პროკლესა და მარტინიანეს თავები მოჰკვეთეს (დაახლოებით 67 წელს).