მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება |
დიდმოწამე კონსტანტი
დიდმოწამე კონსტანტი ქართველთა მთავარი. მე-9 საუკუნე საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მძიმე პერიოდი იყო. ქართლი არაბებს ეპყრათ. თბილისში მთავარმმართებლად ბუღა იჯდა, რომელიც ბაღდადის ამირას, ჯაფარის ბრძანებით ცეცხლითა და მახვილით ავრცელებდა მაჰმადის სჯულს. გაჭირვებაში ჩავარდნილი, შეშინებულ ქართველთთაგან ბევრი არაბთა მძლავრობის გამო ჭეშმარიტ სარწმუნოებას ღალატობდა და მაჰმადიანდებოდა. ამ დროს ქართლში ცხოვრობდა სახელგანთქმული წარჩინებული კონსტანტი, რომელსაც „ეწოდა კახაი სახელად მამულისა მის ქუეყანისა“. დიდი სიმდიდრისა და ყოველგვარი ამქვეყნიური სიკეთის მფლობელს, არა მარტო საქართველოსა და კავკასიაში, არამედ საბერძნეთის სამეფო კარზეც კარგად იცნობდნენ. კონსტანტის მტკიცედ და შეუორგულებლად უყვარდა ქრისტე ღმერთი, პატივს სცემდა სასულიერო პირებს, შეეწეოდა ეკლესია-მონასტრებს, იყო სტუმართმოყვარე და გლახაკთმოწყალე. ქრისტესმოყვარე და ღვთისმოშიში მთავარი ყველაზე ცოდვილად თვლიდა თავს და ხშირად ამბობდა: „არავინაი ვესავ მოტევებასა ცოდვათა, გარნა დათხევითა სისხლთა ჩემთაითა მისთვის, რომელმან იგი დასთხივნა სისხლნი ჩუენთვის“. კონსტანტის დიდი სურვილი ჰქონდა მოელოცა იერუსალიმის წმიდა ადგილები. იერუსალიმში ჩასულმა, დიდძალი საფასე შესწირა ეკლესიებს, ღარიბებს, ქალაქის მკვიდრთ, მოიარა იორდანეს უდაბნოები, მეუდაბნოე მამებისა და წინამძღვრებისაგან ლოცვა-კურთხევა მიიღო და სულიერი სიხარულით აღსავსე დაბრუნდა საქართველოში. საქართველოში დაბრუნების შემდეგ კონსტანტი ყოველწლიურად 30 ათას ვერცხლს აგზავნიდა იერუსალიმში იქაური წმიდა ადგილებისათვის და გლახაკთათვის. მისი სიქველისა და მოსიყვარულე გულის ამბავი ყველამ იცოდა, რისთვისაც დიდ პატივს სცემდნენ. სწორედ ამ დროს ქართლში კვლავ იმძლავრა ქრისტიანტა დევნამ. ამის მიზეზი იყო ის, რომ ამიერკავკასიაში თანდათან ძლიერდებოდა განმათავისუფლებელი მოძრაობა. არაბთა ერთპიროვნულ მმართველობას საფრთხე ემუქრებოდა, თანაც ადგილობრივი არაბი ამირები სრული დამოუკიდებლობისკენ მიისწრაფოდნენ. 853-854 წლებსი ქართლს შემოესია არაბთა მრავალათასიანი ლაშქარი ბუღა-თურქის წინამძღოლობით. ამ ლაშქრობას ორი მიზანი ჰქონდა: თბილისის განმდგარი ამირას დასჯა და ქართველი ხელისუფლების დამორჩილება. ბუღა-თურქის ლაშქრობისას მარტო თბილისში დაიღუპა 50000 კაცი, თბილისი ამირა საჰაკს თავი მოჰკვეთეს, ქალაქი კი გადაწვეს. შემდგომ ააოხრეს ქართლი, კახეთი და მთიანეთი. 85 წლის მთავარმა ხელთ იპყრა მახვილი და ძესთან, თარხუჯთან ერთ ჩაუდგა სათავეში ქართლის ლაშქარს. გორის მისადგომებთან გაიმართა უთანასწორო ბრძოლა არაბთა და ქართველთა შორის.მიუხედავად მედგარი წინააღმდეგობისა, ქართველები დამარცხდნენ. მტრებმა ტყვედ ჩაიგდეს კონსტანტი და თარხუჯი. ქართლის ცხოვრების ამ შემზარავი ეპიზოდის შესახებ ლაკონურად და შთამბეჭდავად მოგვითხრობს ატენის სიონის წარწერა: „თთუესა აგუსტოსა ე-სა, დღესა შაბათსა, ქრონიკონსა ოგ-სა, ასმაიტელთა წელსა სლთ-სა ქალაქი თბილისი დაწუა ბუღა და შეიპყრა ამირაი საჰაკ და მოკლა და მასვე თთუესა აგუსტოსა კვ-სა, დღესა შაბათსავე ზირაქ შეიპყრა კახაი და ძე მისი თარხუჯი“. ტყვექმნილი კონსტანტი მთავარი ბუღა თურქს წარუდგინეს. მან გაკვირვებით ჰკითხა კონსტანტის: „ანუ არა უწყოდეა შენ, რამეთუ ვერ განრინებად იყავ სივლტოლითა შენითა ხელთაგან ჩემთა... აჰა ესერა მოგუცნა თქუენ ღმერთმან დღესა ამას მოსასრველად ხელთა ჩუენთა“. წმიდა კონსტანტიმ მშვიდად მიუგო: „ღმერთმან მოგუცნა ხელთა თქუენთა არა სიყუარულისა თქუენისათვის, არცა საქმეთა თქუენთათვის, არამედ რამეთუ არა დავიმარხენით ჩუენ მცნებანი მისნი, ამისათვისცა ნათესავითა მით ურჩებისაითა განგუკაფნა ჩუენ“. მორჩილი და მონანული მთავარი ხედავდა, რომ ქართველთა ცოდვები იყო მიზეზი ქვეყნის უბედურებისა. საპყრობილეში მყოფი წმიდანი მხნედ იტანდა განსაცდელს. იგი მეუდაბნოე მამებსა და წინამძღვრებს წერილებს სწერდა და სთხოვდა, ელოცათ მისთვის. ცოტა ხნის შემდეგ ბორკილდადებული კონსტანტი კახი ბაბილონის ქალაქ სამარაში გაგზავნეს ხალიფა ჯაფართან. ჯაფარმა იცოდა, თუ რაოდენ მნიშვნელოვანი პიროვნება იყიო იგი ქართველთათვის და სრულიად საქრისტიანოსათვის, თავაზიანად მოიკითხა და შესთავაზა სარწმუნოების გამოცვლა; სანაცვლოდ პატივსა და დიდებას დაპირდა, თან დაემუქრა: „უკეთუ არა ისმინო ჩემი, სიკვდილითა მოჰკვდე შენ პირითა მახვილისაითა და ხორცნი სენნი მივსცნე საჭმელად მფრინველთა ცისათა“. მამაცმა და ქრისტეს მიერ განმტკიცებულმა მხცოვანმა მთავარმა თამამად უთხრა: „არა მეშინის მე მახვილისგანა შენისა, არამედ მისა მეშინის, რომელი იგი შემძლებელ არს მოწყუედად სულისა და ხორცთა და კუალად ხელმწიფებაი აქუს განცხოველებად, ვითარცა იგი მოსიკუდიდ, ამისთვისცა სიხარულით მოვითმენ სახელისა მისათვის, რამეთუ იგი არს ჭეშმარიტი ღმერთი, ძლიერი ხელმწიფე და მთავარი მშვიდობისა, მამა მერმეთა მათ საუკუნეთა“. ამის გამგონე ჯაფარი რისხვით აღივსო და დილეგში ჩააგდებინა წმიდა კონსტანტი; შემდგომ მოუგზავნა სარწმუნოების უარმყოფელი და ხალიფასგან განდიდებული ორი სომეხი დიდებული, რომლებიც ურჩევდნენ, გამოეჩინა გონიერება და მოეგო პატივი... წმიდა კონსტანტინემ სომხებს მიუგო: „ ესე არქუთ მეფესა თქუენსა: ნუ ჰგონებ რასა ესევეთარსა საქმესა ჩემგან, დაღაცათუ ჩვეულებაი მეფეთაი ბაბილოვნისათაი გაიძულებს შენ, რამეთუ იგინიცა წინააღმდგომ იყვნეს ჭეშმარიტებისა, არამედ ბრძანე შენ ყოფად, რაი იგი გეგულების ყოფად, იქმოდე. ხოლო თქუენ რაისაღა ზედამდგომელობით და დამესხმით, ვითარცა მეცა თქუენ გემსგავსე? ამიერთაგან განმეშორენით ჩემგან, რაითა გამოვიძინე მე მცნებანი ღმერთისა ჩემისანი“. შემდეგ აღაპყრო ხელნი და ლოცვა დაიწყო: „ გიგალობ შენ, უფალო ღმერთო ძალთაო, ღმერთო საუკუნეთაო, რომელთაგან მომეც მე ძალი წინააღდგომად უკეთურისა ამის მსაჯულისა, ვითარცა იგი წინასწარ სთქუ, ვითარმედ: „თქუენ მომცენით გულნი თქუენნი და მე მიგეც ძალი ჩემი“. ღირს მყავ მე ნათელსა პირსა შენისასა, რამეთუ შენდა მოვივლვი ქრისტე, ზეო ღმრთისაო“. ლოცვად მდგარ წმიდა კონსტანტინეს „ნაკადულნი ცრემლთანი გარდამოდიოდეს თვალთაგან მისთა... ხოლო გარემოს მდგომარენი იგი მისნი სცემდეს პირსა მისაა და მრავლითა ტანჯვითა სტანჯვიდეს მას, არამედ ენაი მისი ვერ დააბრკოლეს გალობად“. სომეხი დიდებულები დაბრუნდნენ ჯაფართან და ყოველივე მოახსენეს. განრისხებულმა ხალიფამ ჯალათებს უბრძანა, თავი მოეკვეთათ წმიდა კონსტანტისათვის. უცხოთესლმა ლოცვად დამდგარ მარტვილს თავი მოჰკვეთა და „ მიართუა მეფესა თვისსა, ვითარცა თავი იგი იოანე ნათლისმცემლისაი ჰეროდეს“. ეს მოხდა 10 ნოემბერს, წმიდა დიდმოწამე გიორგის ხსენების დღეს. წმიდანის გვამი მაღალ ძელზე დაკიდეს ხალხის დასანახად, შემდეგ კი დამარხეს. რამდენიმე წლის შემდეგ ქართველებმა წმიდა ნეშტი სამშობლოში გადმოასვენეს და დიდი პატივით დაკრძალეს. |