| მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება |
|
ღირსი ათანასია
#წმინდათა ცხოვრება ღირსი ათანასია კუნძულ ეგინაზე მდებარე მონასტრის იღუმენია იყო. ის დაიბადა ღვთისმოსავი ქრისტიანების, ნიკიტას და მარინეს ოჯახში. 7 წლის გოგონამ ფსალმუნთა წიგნი ზეპირად იცოდა. ერთხელ, საქსოვ დაზგასთან მჯდომმა გოგონამ დაინახა, რომ ზევიდან მნათობელი ვარსკვლავი დაეშვა და მის თითებთან გაქრა. ამის შემდეგ ყრმას სული გაუნათდა და მტკიცედ გადაწყვიტა მონასტერში წასულიყო. როცა წმიდა ათანასიას 16 წელი შეუსრულდა, მშობლების თხოვნით გათხოვდა, მაგრამ ჯვრისწერიდან 16 წლის შემდეგ მისი მეუღლე ომში წაიყვანეს, სადაც დაიღუპა. დაქვრივებულმა ათანასიამ დიდი ხნის სურვილის განხორციელება გადაწყვიტა, მაგრამ ამ დროს გამოვიდა იმპერატორ მიხეილის (820-829) ბრძანება, რომლის მიხედვითაც ახალგაზრდა ქვრივები მეომრებზე უნდა გათხოვილიყვნენ. წმიდა ათანასია იძულებული გახდა გათხოვილიყო. ქორწინებაში ის ღვთისმოსავად და კეთილად ცხოვრობდა: საქმიანობდა, ეხმარებოდა ავადმყოფებსა და გაჭირვებულებს, იღებდა და მასპინძლობდა მწირებსა და მოგზაურებს, კვირაობით და დღესასწაულებზე სახლში პატიჟებდა ახლობლებს და წმიდა წერილებს უკითხავდა მათ. მისი გავლენით ქმარი მონასტერში წავიდა და წმიდა ათანასიასაც უფლება მისცა მონაზვნად აღკვეცილიყო. წმიდანმა დაარიგა ქონება და სხვა ღვთისმოშიშ ქალებთან ერთად მყუდრო ადგილას განმარტოვდა. რამდენიმე ხნის შემდეგ დების თხოვნით წმიდა ათანასია ამ მცირე თემის იღუმენია გახდა. ეს იყო მაგალითი სხვა მონაზვნებისათვის. თუმცა, წმიდა ათანასია იღუმენის სახელს ატარებდა, მაინც უმცირესად თვლიდა თავს დებს შორის და ყოველთვის ახსოვდა მაცხოვრის მცნება: „რომელსა უნებს თქუენს შორის წინა ყოფაი, იყოს იგი თქუენდა მონა“. (მთ. 20,27). ღირს ათანასიას ძაძები ეცვა, ძაძებს ზემოდან კი - უხეში ცხვრის მატყლის სამოსი; ცოტა ეძინა, ღამეებს ლოცვაში ათენებდა, დღისით კი დებთან ერთად მუშაობდა; მხოლოდ საღამოობით ჭამდა, ისიც თითო პურის ნაჭერსა და ჭიქა წყალს; ზეთს, თევზსა და ყველს იღებდა მხოლოდ შობასა და აღდგომას; მარხვაში ორ დღეში ერთხელ იღებდა მწვანილს, ღირსმა დედამ სავანეში ოთხი წელი გაატარა. კუნძულ ეგინზე ცხოვრობდა ერთი მოხუცი ბერი, სახელად მათე, რომელმაც აკურთხა დედები, უფრო განმარტოებულ ადგილას გადასულიყვნენ. წმიდა ათანასიამ ააშენა მონასტერი კუნძულის ერთ-ერთ უდაბურ მთაზე, წმიდა სტეფანე პირველმოწამის ძველი ეკლესიის ახლოს. ღირსი დედა ღვთისაგან სასწაულქმედების ნიჭით იყო დაჯილდოებული. მასთან უამრავი ადამიანი მიდიოდა სულიერი და ხორციელი კურნების მისაღებად. შემოწირულობებით წმიდა ათანასიამ ააშენა სამი ეკლესია: ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის, წმიდა იოანე ნათლისმცემლისა და წმიდა ნიკოლოზ სასწაულმოქმედის სახელზე. პატივისა და დიდებისაგან განსარიდებლად წმიდა ათანასია ორ სულიერ დასთან, მარიამთან და ევპრაქსიასთან ერთად მალულად წავიდა კონსტანტინოპოლში და 7 წელი ცხოვრობდა ერთ-ერთ მონასტერში უბრალო მონაზვნის ცხოვრებით. მისმა წმიდა ცხოვრებამ კვლავ მიიპყრო ყურადღება. ეგინას მონასტრის დებმა გაიგეს, თუ სად იმყოფებოდა იღუმენია და სთხოვეს, დაბრუნებულიყო. ღვთის განგებულებას დამორჩილებული წმიდანი მონასტერში დაბრუნდა. მალე იგი ღვთაებრივი გამოცხადების ღირსი შეიქმნა: ორმა ნათლისმოსილმა არსებამ მიართვა ქარტა, რომელზეც ეწერა: „აი შენი აზნაურება, მიიღე და გიხაროდეს“. უკანასკნელი ოცი დღე ღირსმა ათანასიამ შეუწყვეტელ ლოცვაში გაატარა. ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულის წინ დები მიიხმო, უთხრა, რომ მხოლოდ ფსალმუნის 13 კანონის წაკითხვა შეეძლო და სთხოვა, ფსალმუნთა კითხვა ეკლესიაში დაესრულებინათ. დებმა შეასრულეს იღუმენიას თხოვნა და დაბრუნდნენ. წმიდა ათანასიამ აკურთხა დები, სთხოვა, ღირსეულად აღენიშნათ მიძინების დღესასწაული, მოეწყოთ ტრაპეზი ღარიბებისათვის, საღვთო ლიტურგიის შემდეგ კი დაემარხათ მისი ნეშტი, ამ სიტყვებით ღირსმა ათანასიამ ღვთივ მიისვენა (14 აგვისტო, 860). მე-40 დღეს ლიტურგიაზე ღვთისმოსაობით გამორჩეულმა დებმა აღსავლის კარებთან მდგარი წმიდა ათანასია იხილეს. ორმა ნათლითმოსილმა ჭაბუკმა მას ჯვრიანი გვირგვინი დაადგა თავზე, ხელთ ბრწყინვალე კვერთხი მისცა და სამეუფო კარებით საკურთხეველში შეიყვანა. გარდაცვალების წინ წმიდა ათანასიამ ანდერძად დატოვა, 40 დღის განმავლობაში ეკვებათ ღარიბები მის მოსახსენებლად. დებმა მხოლოდ ცხრა დღე გაშალეს მოსახსენებელი ტრაპეზი. წმიდანი გამოეცხადა რამდენიმე დას და უთხრა: „40-დღიანი მოხსენიება და მოწყალების გაღება ძალზე ეხმარება ცოდვილ სულებს“, შემდეგ კვერთხი დაარტყა მიწას და გაუჩინარდა. მეორე დღეს იმ ადგილას წყარო გაჩნდა. ღირსი ათანასიას გარდაცვალებიდან ერთი წლის შემდეგ მის საფლავთან მიიყვანეს ბოროტისაგან გვემული დედაკაცი. როცა მიწა გათხარეს, კეთილსურნელება შეიგრძნეს და კუბო ამოასვენეს. მასთან მიახლოებისთანავე ეშმაკეული განიკურნა. კუბო გახსნეს და იხილეს წმიდანის უხრწნელი მირონმდინარე გვამი. ღირსი ათანასია თითქოს მიძინებული იყო: სახე უბრწყინავდა, სხეული რბილი იყო, თითები ეღუნებოდა. როდესაც წმიდანი ახალ კუბოში გადაასვენეს, დებს უნდოდათ მისთვის ძაძები გაეხადათ და აბრეშუმის სამოსით შეემოსათ, მაგრამ ღირსი ათანასიას სამოსელი ვერ გამოცვალეს: იგი სიკვდილშიც კი უბრალოების და სიღარიბის მოყვარული დარჩა. მაშინ ერთმა დამ მუხლი მოიყარა წმიდანის ნეშტთან და სთხოვა: „ჩვენო პატრონო, შეისმინე ჩვენი სათხოვარი ისე, სიცოცხლეში გვისმენდი, მოგვეც ნება, შეგამკოთ ამ სამოსით, შეიწირე ჩვენგან ეს მცირედი ძღვენი“. ღირსი ათანასიაც ცოცხალივით წამოიმართა და ხელები გაშალა. |