| მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება |
|
წმიდა მარტინე აღმსარებელი, რომის პაპი
#წმინდათა ცხოვრება წმიდა მარტინე აღმსარებელი, რომის პაპი, წარმოშობით ტოსკანელი იყო. მან კარგი განათლება მიიღო და ეკლესიის სამსახურში ჩადგა. პაპი თეოდორე I-ის (642-649) გარდაცვალების შემდეგ ის აირჩიეს რომის პაპად. ამ დროს ეკლესიის სიმშვიდე დაარღვია მონოთელიტობის ერესმა, რომელიც ფართოდ გავრცელდა საზოგადოების ყველა ფენაში. იმპერატორის ბრძანებით გამოიცა ერეტიკული „რწმენის ნიმუში“ (ტიპოსი), რომელიც აუცილებელი იყო ყველასათვის და კრძალავდა კამათს. ერეტიკულ „რწმენის ნიმუშს“ რომის ეკლესია 649 წელს გაეცნო. წმიდა პაპმა მარტინემ, რომელიც მართლმადიდებლობის მტკიცე დამცველი იყო, რომში მოიწვია ადგილობრივი კრება და დაგმო მონოთელიტთა ერესი, ამასთანავე კონსტანტინოპოლის პატრიარქს გაუგზავნა ეპისტოლე და მოუწოდა, მართლმადიდებლურ აღმსარებლობას დაბრუნებოდა. გაბრაზებულმა იმპერატორმა მთავარსარდალ ოლიმპიუსს უბრძანა, პაპი შეეპყრო. რომში ჩასულ ოლიმპიუსს შეეშინდა სამღვდელოებისა და ხალხის მღელვარებისა და ერთ-ერთ მეომარს დაავალა, მალულად მოეკლა წმიდა მარტინე. როგორც კი მეომარი პაპს მიუახლოვდა, მაშინვე დაბრმავდა. შეშინებული ოლიმპიუსი მაშინვე სიცილიაში წავიდა და მალე ერთ-ერთ ლაშქრობაში დაიღუპა. 654 წელს იმპერატორმა იმავე მიზნით რომში გაგზავნა სხვა მხედართმთავარი თეოდორე -რომელმაც პაპს ბრალად წაუყენა: იმპერიის მტრებთან საიდუმლო ურთიერთობა და პაპის ტახტზე უკანონოდ ასვლა. მიუხედავად სამღვდელოებისა და ერისკაცთა მხრიდან პაპის სრული უდანაშაულობის მტკიცებისა, თეოდორემ ღამით შეიპყრო წმიდა მარტინე და რომის მახლობლად ერთ-ერთ კუნძულზე გადაასახლა. მთელი წელიწადი იტანჯებოდა წმიდა მარტინე თითქმის უკაცრიელ კუნძუზე და უდრტვინველად იტანდა დარაჯთა მხრიდან შეურაცხყოფას. ნაწამები აღმსარებელი შემდგომ კონსტანტინოპოლში წაიყვანეს. ავადმყოფი მღვდელმთავარი სასამართლოზე საკაცით შეიყვანეს, მაგრამ მსაჯულებმა მას მოსთხოვეს, შეკითხვებზე პასუხი ფეხზე მდგომს გაეცა. ჯარისკაცები ხელებით ამაგრებდნენ ჯანგამოცლილ მოხუცს. სამსჯავროზე ცრუმოწმეები გამოვიდნენ და წმიდანს სარკინოზებთან ურთიერთობა დააბრალეს. მსაჯულებმა წმიდა მარტინეს თავის მართლება ყურად არ იღეს. უსამართლობით გულმოკლულმა მოხუცმა თქვა: „უწყოს უფალმა, როგორ სიკეთეს იქმთ, თუ მალე გამომასალმებთ სიცოცხლეს“. სამსჯავროს შემდეგ წმიდა მღვდელმათავარი სამოსელშემოძარცვული გაიყვანეს ბრბოსთან, რომელიც ყვიროდა: „ანათემა მარტინე პაპს!“. ვინც სიმართლე იცოდა, თვალცრემლიანი ტოვებდა მოედანს. ბოლოს გამოაცხადეს სამსჯავროს გადაწყვეტილება: იმპერატორის სასამართლო წმიდანს პაპის ხარისხს ართმევდა და სიკვდილით სჯიდა. ნახევრადშიშველ მღვდელმთავარს დაადეს ბორკილები და საპყრობილეში ჩააგდეს ავაზაკებთან ერთად. იმპერატორმა კონსტანტინოპოლის პატრიარქ პავლეს სამსჯავროს ამბები აუწყა. პატრიარქმა სთხოვა მას, შეეწყვიტა წმიდა მარტინეს წამება. იმპერატორმა პაპთან ხალხი გაგზავნა დამატებითი დაკითხვის ჩასატარებლად. წმიდანმა მათ უთხრა: „თუნდაც ამკუწოთ, არ მექნება ურთიერთობა კონსტანტინოპოლის ეკლესიასთან, სანამ ის მწვალებლობაშია“. ჯალათები გაოცებულნი დარჩნენ აღმსარებლის სიმტკიცით და სიკვდილით დასჯა ხერსონეში გადასახლებით შეცვალეს. წმიდა მარტინე გადასახლებაში გარდაიცვალა ავადმყოფობით, შიმშილით და ათასგვარი შევიწროებით გაწამებული (16 სექტემბერი, 655). 680 წელს მსოფლიო მე-6 კრებამ დაგმო მონოთელიტთა ერესი. წმიდა აღმსარებლის ნაწილები ჯერ კონსტანტინოპოლში, შემდეგ კი რომში გადაასვენეს. |