| მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება |
|
წმიდა მოწამენი ანტონი, იოანე და ევსტათი
#წმინდათა ცხოვრება წმიდა მოწამენი ანტონი, იოანე და ევსტათი აღესრულნენ ლიტვის დიდი მთავრის, ოლგერდის (1345-1377) დროს. მთავარი დაქორწინებული იყო ვიტებსკელი მთავრის ასულ მარიამზე (1346), აღიარებდა ქრისტეს და მეუღლეს სიცოცხლეში ქრისტიანობის ქადაგების ნებასაც აძლევდა. მისი ძმები - ნეჟილო და კუმეცი ნათელიღეს მარიამის მოძღვრის ხელით, მოინათლნენ და ანტონი და იოანე დაერქვათ. მარიამ დედოფლის თხოვნით ვილნოში მართლმადიდებლური ეკლესიაც აშენდა. მეუღლის გარდაცვალების შემდეგ მთავარმა ოლგერდმა დაიწყო მფარველობა ცეცხლთაყვანისმცემლებისა, რომლებიც დევნიდნენ ქრისტიანებს. წმიდა იოანე და ანტონი ცდილობდნენ, თავიანთი აღმსარებლობა არ გამოეჩინათ, მაგრამ არც წარმართულ წესებს არ ასრულებდნენ. მალე მთავარმა შეამჩნია ძმების განდგომა და დაკითხა ისინი. წმიდანებმა აღიარეს ქრისტიანობა, რისთვისაც ისინი საპყრობილეში ჩააგდეს. ხალხი უწყვეტ ნაკადად მიდიოდა ციხეში. ძმებმა ბევრი წარმართი მოაქციეს ქრისტეს სჯულზე. საპყრობილე ქრისტიანულ სასწავლებლად გადაიქცა. შეშინებული ქურუმები ძმების დასჯას მოითხოვდნენ. 1347 წლის 14 აპრილს წმიდა ანტონი ჩამოახრჩვეს. ქურუმების იმედი არ გამართლდა: ხალხი კვლავ იკრიბებოდა იმ ციხის კედელთან, სადაც იოანე იმყოფებოდა. 1347 წლის 24 აპრილს წმიდა იოანეც ჩამოახრჩვეს. ორივე წმიდანის ნეშტი ქრისტიანებმა პატივით დაასაფლავეს წმიდა ნიკოლოზ სასწაულმოქმედის სახელობის ეკლესიის ეზოში. მალე ქრისტიანობისთვის აღესრულა წმიდა ძმების ნათესავი კრუგლეცი, ნათლისღების შემდეგ - ევსტათი. წამების შემდეგ წმიდა ევსტათი ჩამოახრჩვეს იმავე მუხაზე, რომელზეც აღესრულნენ წმიდა იოანე და ანტონი. ოლგერდის ბრძანებით სამი დღის მანძილზე ეკიდა წმიდანი გვამი ხეზე, მაგრამ ღრუბლის სვეტი იცავდა მას მხეცებისა და ფრინველებისგან. მოგვიანებით ამ ადგილას აიგო ტაძარი. სამმა მოწამემ სიცოცხლის ფასად განადიდა წმიდა სამება, ამიტომ ტაძარი ყოვლადწმიდა სამების სახელზე აკურთხეს. წმიდა ტრაპეზი დადგინდა იმ მუხის ფესვებზე, რომელზეც აღესრულნენ წმიდა მოწამეები. მალე მოხდა მათი წმიდა ნაწილების აღმოყვანება. 1364 წელს კონსტანტინოპოლის პატრიარქმა ფილოთეოზმა ღირს სერგი რადონეჟელს (1392; ხს. 25 სექტემბერს) გაუგზავნა ჯვარი წმიდა მოწამეთა ნაწილებით. ეკლესიამ სამივე წმიდანის ხსენების დღედ 14 აპრილი დაადგინა. |