მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება

წმიდა მოწამე საბა
#წმინდათა ცხოვრება

წმიდა მოწამე საბა წარმოშობით გუთი იყო. იგი ქრისტიანობაზე მოაქცია ეპისკოპოსმა ვულფილმა, რომელიც IV საუკუნეში ქადაგებდა გუთთა მხარეში.

გუთმა მთავრებმა და მსაჯულებმა წარმართი ქურუმების გავლენით, ქრისტიანთა დევნა დაიწყეს და აიძულებდნენ მათ ნაკერპავი ეჭამათ. ბევრი წარმართი თანაუგრძნობდა ქრისტიან ნათესავებსა და ახლობლებს და ნაკერპავის ნაცვლად ჩვეულებრივ ხორცს აძლევდნენ. წმიდა საბამ არ ისურვა სიცოცხლის შესანარჩუნებლად ამგვარ ტყუილთან შეგუება და განაცხადა, რომ ქრისტიანმა თავისი სარწმუნოება აშკარად უნდა აღიაროს. წმიდანის სიმტკიცით გაბრაზებულმა თანასოფლელებმა სოფლიდან გააძევეს იგი, მაგრამ შემდეგ მოინანიეს და დაბრუნება სთხოვეს. როცა ქრისტიანთა დევნა გაძლიერდა, საბას თანასოფლელებმა გადაწყვიტეს, სამსჯავროზე წასულიყვნენ და ფიცის ქვეშ განეცხადებინათ, რომ მათ შორის არ იყო არცერთი ქრისტიანი. წმიდა საბამ ხმამაღლა წარმოთქვა: „ჩემ მაგივრად ფიცს ნუ დადებთ, რადგან მე ქრისტიანი ვარ“. სოფლელები წავიდნენ და განაცხადეს, რომ მათ შორის მხოლოდ ერთი ქრისტიანი იყო. მსაჯულმა მოითხოვა, მასთან მიეყვანათ წმიდანი, მაგრამ როცა მისი სიგლახაკე იხილა, საშიშ მტრად ვერ მიიჩნია იგი და სახლში გაუშვა.

დევნა გრძელდებოდა. წმიდა აღდგომის დღესასწაულზე წმიდა საბას სოფელს ერთ-ერთი გუთი მხედართმთავარი - ათარიდი დაესხა თავს. წმიდა საბა ეპისკოპოს გუთიკთან უნდა შეხვედროდა დღესასწაულს, მაგრამ უფლის ანგელოსმა გზიდან მოაბრუნა და სოფელში დარჩენა უბრძანა. ამ დროს საბერძნეთიდან დაბრუნდა ხუცესი სპასალიც. მეომრებმა სპასალი და საბა შეიპყრეს, ხუცესი ურემზე შესვეს, წმიდა საბას კი ჯოხის ცემით ეკალ-ბარდებში ათრევდნენ. უფალმა დაიცვა წმიდანი: დილით, როცა ქალაქამდე მიაღწიეს, მან მეომრებს უთხრა: „შეხედეთ ჩემს სხეულს, ხედავთ მასზე ეკლებისა და ცემის კვალს?“ გაოგნებული დარაჯები შესცქეროდნენ უვნებელ მოწამეს. ამ სასწაულით გაბოროტებულებმა წმიდა საბა ურემზე მიაბეს და დაუნდობლად სცემეს. მეორე დღეს საბასას და სპასალს ათარიდის ბრძანებით ნაკერპავის ჭამა უბრძანეს. სპასალმა უპასუხა: „უმალ ჯვარცმას დავთანხმდებით, ვიდრე ეშმაკებისაგან შერყვნილი ხორცის ჭამას“. წმიდა საბამ იკითხა: „ვინ გამოგზავნა ხორცი?“ - „მეუფე ათარიდმა“ - უპასუხა მსახურმა. - „არა არს მეუფე თვინიერ ღვთისა, მამისა ზეცათასა“, - წარმოთქვა მოწამემ. ერთმა განრისხებულმა მსახურმა წმიდანს შუბი ჩასცა მკერდში. ყველას ეგონა, რომ წმიდა საბა მოკვდა, მაგრამ მას ტკივილიც არ უგრძვნია.

ათარიდმა ბრძანა, წმიდა საბა სიკვდილით დაესაჯათ. იგი მდინარისკენ წაიყვანეს. სასიკვდილოდ გამზადებული წმიდანი გზაში ხმამაღლა მადლობდა უფალს, რამეთუ მან სათნოიჩინა მოწამეობრივი გვირგვინი მიემადლებინა მისთვის.

მსახურებმა საბას გათავისუფლება შესთავაზეს, მაგრამ მოწამემ უარყო: „ქმენით ნაბრძანები. მე ვხედავ ანგელოზებს, რომლებმაც უნდა შეივედრონ ჩემი სული“. წმიდანი მდინარეში დაახრჩვეს.

წმიდა საბა აღესრულა 372 წლის 12 აპრილს, 38 წლისა. ჯალათებმა მისი გვამი წყლიდან ამოიღეს და ნაპირზე დააგდეს. ქრისტიანებმა პატივით დაკრძალეს წმიდა ნეშტი. მოგვიანებით გუთმა მთავარმა იუნი სარანმა წმიდა საბას ნაწილები კაბადოკიაში გადაასვენა.