| მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება |
|
ღირსი ეფრემ დიდი
#წმინდათა ცხოვრება ღირსი ეფრემ დიდი იყო ტაო-კლარჯეთის უდაბნოთა არქიმანდრიტის - გრიგოლ ხანძთელის (ხს. 5 ოქტომბერს) მოწაფე და თანამოსაგრე. სულიერი შვილის მოსაძებნად აფხაზეთს მიმავალმა გრიგოლმა ქართლში „ნებითა ღმრთისაითა ძიებასა მას ძმათასა ჰპოვა ეფრემ ყრმაი, ჭაბუკი ღირსი და ღირსებასა შინა იხილვა მამაკაცებასა სრულსა მიწევნული სიწმიდითა და სიწმიდესა შინა აწყურისა ეპისკოპოსი სასწაულმოქმედი“. გრიგოლმა დაიმოწაფა ეფრემი, უკან დაბრუნებულმა კი თან წაიყვანა ხანძთას და ქართლის მომავალ კათოლიკოსთან, ყრმა არსენთან (ხს. 25 სექტემბერს) ერთად აღსაზრდელად თავის თანამოღვაწეებს, ქრისტეფორესა და თეოდორეს ჩააბარა. ხანძთის სავანეში ყრმების გამოჩენამ საძმოს უკმაყოფილება გამოიწვია, რადგან ეს მონასტრის წესდებით აკრძალული იყო. ბერებმა ღირს გრიგოლს მიმართეს: „საქმენი შენნი განუკითხველ არიან ყოველნი თვინიერ ამისა, რომელ ყრმანი ესე მოიყვანენ და წესსა შენგან დამტკიცებულსა შენ ზევე გამოეხუების მომავალთა ჟამთა საკდემელად ჩვენდა. დააღაცათუ უშიშ არს გული ჩუემი ჟამისა ამისათვის, არამედ გარეშე წესისა არს საქმე ესე და აწ ესე არს სიტყვა ჩვენი, წმიდაო ღმრთისაო“. ღირსმა გრიგოლმა ძმებს აუწყა, რომელიმე ღვთაებრივი გამოცხადებით ჰქმნა: „ქრისტემან ღმერთმან წმიდისა ანგელოზისა პირითა მაუწყა ამათი საქმე ყოველი, რამეთუ ვითარცა ეფრემ ასური და არსენი ჰრომაელი, კაცთაგან განშორებულნი და ღმრთისა მიახლებულნი, ესრეთ იყვნენ ღირსი ესე ყრმანი აღზრდილ უბიწოდ ხანძთას ჟამამდე პატივისა მათისა“. ღირსი ეფრემი აწყურის ეპისკოპოსად იქნა დადგენილი. ის უდიდესი მოღვაწე იყო იმდროინდელი საქართველოს ეკლესიისა. ჯავახეთში შეკრებილ საეკლესიო კრებაზე, რომელსაც კათოლიკოსის ტახტზე არსენის დარჩენა-გადადგომის საკითხი უნდა გადაეწყვიტა, ერთ-ერთი უპირველესი ეპისკოპოსთაგანი, რომლის სიტყვასაც გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა, სწორედ ეფრემ მაწყვერელი იყო. ეფრემი იყო წინამძღოლი ეპისკოპოსთა და სამღვდელოთა იმ დასისა, რომელიც კათოლიკოსის ტახტზე უკანონოდ აღსაყდრებული არსენის გადაყენებას მოითხოვდა. კრების მონაწილენი მისგან ელოდნენ ჭეშმარიტი მსჯავრის დადებას, ამიტომ პირველი სიტყვის თქმა მას სთხოვეს: „ბრძანე პასუხი, რაი ჯერ არს“. ღირსმა ეფრემმა მორჩილად თქვა: „სადა მამაი გრიგოლ იყოს, მე მუნ არა ვიკადრებ სიტყუად“. გრიგოლ ხანძთელმა ეკლესიის მამებს და კრების ორგანიზატორს, გუარამ მამფალს აუხსნა, რომ არსენი ღვთის ნებით შეიქმნა კათოლიკოსი საქართველოისა, „არამედ მირან მამამან მისგან აუგიან ყო უჟამოდ შესწრაფებისა, ვითარცა ადამ ჭამა ხილი იგი, რომელ არღა მწიფე იყო.“ წმიდა ეფრემ მაწყვერელმა უდიდესი ღვაწლი დასდო საქართველოს ეკლესიის ეკლესიის საბოლოოდ განმტკიცების საქმეს. მისი შემწეობით ქართულმა ეკლესიამ მირონის მცხეთაში კუთხევის უფლება მიიღო. მანამდე საქართველოს ეკლესიის საჭეთმპყრობელები წმიდა მირონს ანტიოქიის ეკლესიიდან იღებდნენ (მთავარეპისკოპოს ანანია ჯაფარიძის გამოკვლევითა და ვარაუდით, ქართული ეკლესია IV საუკუნეში ხარშავდა და აკურთხებდა მირონს მცხეთაში, ანტიოქიიდან კი მხოლოდ „წმიდა მირონის არომათი“ ნივთიერებები შემოჰქონდათ.) წმიდა ეფრემი 40 წელი განაგებდა აწყურის კათედრას. მას ღვთისაგან მომადლებული ჰქონდა განჭვრეტის, სასწაულთა ქმნისა და კურნების ნიჭი. წმიდა ეფრემ დიდი მაწყვერელი ღრმად მოხუცებული მიიცვალა. მის წმიდა ნაწილებთან სარწმუნოებით მისულნი მრავალგვარ სნეულებათაგან იკურნებოდნენ. (სხვა ცნობები წმიდა ეფრემ მაწყვერელზე იხილეთ 25 სექტემბრის, ღირსი არსენი დიდის ხსენების დღის საკითხავში). |