მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება |
მოწამე ორესტი
#წმინდათა ცხოვრება მოწამე ორესტი ქალაქ ტიანში ცხოვრობდა მე-3 ს-ის დასასრულს, იმპერატორ დიოკლიტიანეს ზეობისას. იგი დახელოვნებული მკურნალი იყო. იმპერატორის ბრძანებით ქრისტიანების დასასჯელად ქალაქ ტიანში გაიგზავნა მხედართმთავარი მაქსიმინე. ორესტი პირველი წარსდგა მისი სამსჯავროს წინაშე. მაქსიმინეს განკარგულებით წმიდანს კერპების თაყვანისცემა მოსთხოვეს. უფლის რჩეულმა უარი განაცხადა, რისთვისაც სასტიკი სატანჯველები დაატეხეს თავს: 40 მხედარი მონაცვლეობით გვემდა მას არგნებით და ხარის ძარღვებით, შემდეგ კი ცეცხლით დაუწყეს წამება. ორესტი ლოცულობდა: „უფალო, ყავ ჩემ თანა სასწაულ კეთილ, და იხილედ მოძულეთა ჩემთა და ჰრცხუენოდინ“. უეცრად მიწა იძრა, კერპები ჩამოცვივდა და დაიმსხვრა. გააფთრებულმა მაქსიმინმა ბრძანა, მოწამე ერთი კვირით საპყრობილეში უსმელ-უჭმელად გამოემწყვდიათ, მერვე დღეს კი კვლავ საწამებლად გაეყვანათ. ნეტარს ლურსმნები ჩააჭედეს ქუსლებში, შემდეგ კი ცხენს შეაბეს და მიწაზე ათრიეს. ამგვარ ტანჯვაში აღმოხდა სული უფლის რჩეულს 304 წელს. წმიდანის სხეული ზღვაში გადააგდეს. 1685 წელს, კიევო-პეჩორის ლავრის ბერს, დიმიტრის (შემდგომ როსტოვის მიტროპოლიტი, ხს. 28 ოქტომბერს), რომელიც ძველი ხელნაწერიდან წმიდა ორესტის ცხოვრებას იწერდა, ჩათვლიმა. სიზმრისეულ ჩვენებაში მის წინაშე წმიდა მოწამე წარდგა, უჩვენა ღრმა ჭრილობა მკერდზე, იდაყვებთან გადაჭრილი ძარღვები, გადამსხვრეული წვივები და უბრძანა, შეევსო მისი ცხოვრება, რადგან ხელნაწერებში სრულად არ იყო აღწერილი მისი სატანჯველები, რომლებიც მან დაითმინა. |