მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება |
დიდმოწამე მინა
#წმინდათა ცხოვრება დიდმოწამე მინა ეგვიპტელი იყო. იმპერატორების: დიოკლიტიანესა და მაქსიმიანეს (284-305) ზეობისას იგი მხედრად მსახურობდა ქალაქ კოტუანში. როცა თანამმართველებმა ქრისტიანების სასტიკი დევნა დაიწყეს, წმიდანმა დატოვა სამსახური, მთებს მიაშურა და ლოცვისა და მარხვის ღვაწლს მიეცა. ერთხელ, ერთ-ერთი წარმართული დღესასწაულის დროს, მინა კვლავ ჩავიდა კოტუანში და საზეიმო სანახაობების საყურებლად შემოკრებილი ქალაქის მაცხოვრებლების წინაშე იქადაგა ქრისტე მაცხოვრის სარწმუნოება. უფლის რჩეული შეიპყრეს და მმართველი პიროსის წინაშე წარადგინეს, წარმართი მსაჯულის წინაშე მან გაბედულად განაცხადა-აქ იმისათვის ჩამოვედი, რომ ყველანი უსჯულოებაში მემხილებინეთო. მტარვალმა ვერ დაითანხმა წმიდანი ცრუ ღვთაებებისათვის მსხვერპლის შეწირვაზე, რის შემდეგაც იგი სასტიკად აწამეს, ბოლოს კი მახვილით განგმირეს (304). უღმრთო ხელისუფალმა მარტვილის ნეშტის დაწვა ბრძანა. როცა ცეცხლი ჩაიფერფლა, ქრისტიანებმა შეკრიბეს ქრისტეს მხედრის უვნებლად დარჩენილი ნაწილები. მართლმორწმუნეთა დევნის შეწყვეტის შემდეგ ეს სიწმიდე დიდმოწამე მინას მოწამებრივი აღსასრულის ადგილას აგებულ ტაძარში იქნა დაბრძანებული. |