მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება |
მოწამე ბიკენტი
#წმინდათა ცხოვრება მოწამე ბიკენტი ბავშვობიდანვე ქალაქ ავგუსტოპოლის (დღევანდელი სარაგოსა, ესპანეთი) ეპისკოპოსის, ნეტარი ვალერის მოწაფე იყო. როცა კეთილმსახურმა, განათლებულმა და მჭერმერყველმა ბიკენტიმ სრულწლოვანებას მიაღწია, მღვდელმთავარმა იგი დიაკვნად აკურთხა. იმ ხანებში უღმრთო დიოკლიტიანეს (284-305) ბრძანებით ესპანეთში, ქლაქ ვალენსიაში ქრისტიანთა დასასჯელად ჩავიდა მმართველი დაციანე. წმიდანები შეიპყრეს და ხანგრძლივი წამებისა და ტანჯვის შემდეგ საჯარო დაკითხვა მოუწყვეს. დაკითხვაზე პირველად ეპისკოპოსი წარადგინეს. მეუფე ჩუმად, ენის ბორძიკით, თითქოს გაუბედავად ლაპარაკობდა. მაშინ წინ წარდგა წმიდა ბიკენტი და მსაჯულთა და შემოკრებილი ხალხის წინაშე წარმოთქვა საუკეთესო ქადაგება, რომლითაც საჯაროდ ადიდა და აღიარა ჭეშმარიტი ღმერთი. მტარვალმა მღვდელმთავარი საპყრობილეში ჩააბრუნა და დიაკვნის წამება ბრძანა. ბევრი ტანჯვა დაითმინა ნეტარმა ბიკენტიმ: იგი ჯვარზე გააკრეს და გახურებული წკნელებით დაუწყეს ცემა. როცა უფლის რჩეული ძელს მოწყდა, თვითონვე ითხოვა, ისევ მიემსჭვალათ, რომ ჯვარცმული მაცხოვრის ვნებებს ზიარებოდა. წამების შემდეგ მარტვილი საპყრობილეში გამოკეტეს. გაოცებულ მცველებს ესმოდათ, თუ როგორ გალობდა იგი ფსალმუნებს და საკნიდან გამოსულ არაამქვეყნიურ, ბრწყინვალე ნათელსაც ხედავდნენ. დილას ნეტარი მოწამე ცეცხლში დაწვეს(304). |