მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება |
ღირსი ნილოს მმარხველი
#წმინდათა ცხოვრება წმიდა იოანე ოქროპირის მოწაფე, კონსტანტინოპოლში ცხოვრობდა მე-4-5 საუკუნეში. მან მშვენიერი განათლება მიიღო, რის შემდეგაც, ჯერ ისევ ახალგაზრდა, დედაქალაქის პრეფექტის მნიშვნელოვან თანამდებობაზე გაამწესეს. ამ დროისათვის ნილოსი უკვე დაქორწინებული იყო და ორი შვილი ჰყავდა. მეუღლეებს, რომელთა ცხოვრებასა და მსოფლმხედველობაზე დიდ გავლენას ახდენდა ნეტარი ოქროპირი, სულს უმძიმებდა სამეფო კარის ბრწყინვალე ყოფა. მათ გადაწყვიტეს, გაყრილიყვნენ და მონაზვნურ ღვაწლს შედგომოდნენ. ნილოსის მეუღლემ ასულთან ერთად ეგვიპტის ერთ-ერთ მონასტერს მიაშურა, თავად ნილოსი კი ძესთან, თეოდულესთან ერთად სინას მთაზე, საკუთარი ხელით გამოკვეთილ მღვიმეში დამკვიდრდა. ღირსი მამა 40 წელი ცხოვრობდა ამ გამოქვაბულში. მრავალი განსაცდელი გადაიტანა წმიდანმა ამ ხნის განმავლობაში, მაგრამ ყველაზე ძნელი მაინც საკუთარი შვილის დაკარგვა იყო, რომელიც გასაყიდად მოსტაცეს მას ავაზაკებმა. მარხვით, ლოცვითა და შრომით სრულყოფილების მაღალ საფეხურს მიღწეულ წმიდანთან სიარული იწყეს ყველა ფენის ადამიანებმა-იმპერატორით დაწყებული მიწის მუშაკით დამთავრებული, რომლებიც მოუკლებლად ღებულობდნენ მისგან ნუგეშისცემასა და სულიერ რჩევა-დარიგებებს. განმარტოებაში ღირსი ნილოსი ბევრს წერდა. ჩვენამდე მოაღწია მისმა ეპისტოლეებმა. მათ შორის მამხილებელმა წერილებმა, მიმართული იყო იმპერატორ არკადიუსისადმი (395-408), რომელმაც იოანე ოქროპირი განდევნა. ფართოდაა ცნობილი იოანე ოქროპირის ამ ღირსეული მოწაფის ასკეტური თხზულებები. ღირსმა ნილოსმა დაკარგულ ვაჟიშვილს მიაკვლია ემესის ეპისკოპოსთან, რომელსაც იგი ავაზაკებისგან გამოესყიდა. ამავე მღვდელმთავარმა მამა-შვილი სამღვდელო ხარისხში აკურთხა. ხელდასხმის შემდეგ მეუდაბნოეები სინას მთას დაუბრუნდნენ და ღირსი ნილოსის აღსასრულამდე (430 ან 450) ერთად მოღვაწეობდნენ. |