მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება |
ღირსი ნილოს მირონმდინარე
#წმინდათა ცხოვრება ღირსი ნილოს მირონმდინარე დაიბადა საბერძნეთის ერთ პატარა სოფელში. წმიდანს ღვთისმოსავი მშობლები ადრე გარდაეცვალა, რის შემდეგაც მისი აღზრდა მისმა ბიძამ, მღვდელ-მონაზონმა მაკარიმ იტვირთა. სრულწლოვანებას მიწევნული ნილოსი ბერად აღიკვეცა. მალე მას ბერ-დიაკვნად დაასხეს ხელი, მოგვიანებით კი -მღვდელ-მონაზვნად. ერთხანს უფლის რჩეული ბიძასთან ერთად მოსაგრეობდა, შემდეგ კი ათონის წმიდა მთაზე წავიდნენ. იღუმენ ათანასეს კურთხევით ბიძა-ძმისწული დამკვიდრდა უდაბურ, მიუვალ და უწყლო ადგილას, რომელიც განსაკუთრებით მოსახერხებელი იყო მდუმარებისთვის. ამ ადგილს წმიდა ქვებს უწოდებდნენ. მოსაგრეები ფრიად დაშვრნენ აქ მცირე ტაძრისა და სენაკების მოსაწყობად, რის შემდეგაც ნეტარი მაკარი მალევე აღესრულა. მოძღვრის გარეშე დარჩენილი ნილოსი კიდევ უფრო მაღალ სულიერ ღვაწლს შეუდგა და დაეყუდა ისეთ ადგილას, რომელიც არათუ ადამიანებისთვის, მხეცებისთვისაც მიუდგომელი იყო. მან აქაც მოაწყო ეკლესია და იგი უფლის მირქმის სახელზე აკურთხა. ღვთის სათნომყოფელი მამა ამსოფლიდან განსვლის შემდეგ თავისი მღვიმის მახლობლად დაკრძალეს და იქვე დაუმაგრეს წარწერა, რომელიც ღირსი ნილოსის ანდერძის თანახმად, მისი ლუსკუმის გახსნას კრძალავდა. მაგრამ, უფალმა ინება, სიკვდილის შემდგომი სასწაულით განედიდებინა თავისი რჩეული: მის ნეშტს გადმოდინდა სურნელოვანი მირონი, რომელმა ლუსკუმის მცირე ღიობიდან გამოჟონა. სიწმიდე ყველას დასანახად ციცაბო კლდის გზით უწყვეტ ნაკადად მიედინებოდა ზღვისკენ (მანძილი საფლავიდან ზღვამდე შვეულად 128 მეტრია). ამ საკვირველმა მოვლენამ მრავლად მიიზიდა მართლმადიდებლები აღმოსავლეთის ყველა ქვეყნიდან. წმიდა მირონის ცხებითა და ღირსი ნილოსისადმი აღვლენილი ლოცვებით ურიცხვი სასწაული აღესრულებოდა. ნილოს მირონმდინარის სახელი კიდევ უფრო ცნობილი გახდა მას შემდეგ, რაც სასუფევლის მკვიდრი მამა 1913-1919 წლებში რამდენჯერმე ეჩვენა მთაწმინდელ ბერ თეოფანეს და წინასწარმეტყველურად განუცხადა მომავალი. ეს ღვთაებრივი ხილვები აღწერილია წიგნში „ღირსი მირონმდინარე ნილოსის სიკვდილისშემდგომი წინასწარმეტყველებანი“. მასში ფართოდაა საუბარი ჩვენი სამყაროს ბოლო ჟამზე. ღირსმა მამამ იწინასწარმეტყველა საშინელი დრო, რომლის შესახებაც უფალი ამბობს: „ოდენ ძე კაცისა მოვიდეს, ჰპოვოს-მე სარწმუნოება ქვეყანასა ზედა“. წმიდა ნილოსმა ათონის მთაზე ხსნის მსურველებს, რომლებიც ღვთისმშობლის საფარქვეშ არიან, ამცნო, არ შეშფოთებულიყვნენ, არ დაეკარგათ რწმენა და არ გასცილებოდნენ წმიდა მთას მანამ, სანამ მას ივერიის ღვთისმშობლის ხატი არ დატოვებდა; ყოფილიყვნენ სინანულისა და ხსნის სასოებაში, მდუმარბასა და მორჩილებაში იმ მცირედის შესანარჩუნებლად, რაც დარჩება უწინდელი მაღალი მონაზვნური ცხოვრებიდან. ბიწიერების გამო წმიდა მთა ზღვაში ჩაიძირება-ეს მოხდება მაშინ, როცა ღვთისმშობელი თავის საფარველს მოაცილებს თავის წილხვედრ მიწას. მას შემდეგ, რაც ივერიის ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატი წმიდა მთას გასცილდება, ბერებმა უნდა იჩქარონ ათონის მთის დატოვება. წმიდა მამა დაწვრილებით აღწერს საყოველთაო ანარქიას, რომელიც წინ წაუძღვება ანტიქრისტეს მოსვლას, წინასწარმეტყველებს მისი მოსვლის დროს, უკანასკნელი თაობის გარყვნილებას, ადამიანთა დაკნინებას, ანტიქრისტეს ბეჭდის მიღების მოქმედებას ადამიანის გულზე, ენუქისა და ილიას ქადაგებებს ამ ბეჭდის წინააღმდეგ. წმიდა მამის ზოგიერთი უხრწნელი ნაწილი მისი ღვაწლით განწმენდილი გამოქვაბულის მახლობლად, ყველაწმიდის სახელობის ეკლესიაში ასვენია, სხვები კი- წმიდა ათანასეს ლავრაში. |