მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება |
იოანე ოქროპირი
#წმინდათა ცხოვრება იოანე ოქროპირი, კონსტანტინოპოლელი მთავარეპისკოპოსი მე-4 საუკუნის შუა წლებში(ერთი ცნობით დაახ. 347 წელს, სხვა წყაროთა მოწმობით კი-344 ან 354 წელს) დაიბადა ანტიოქიაში, წარჩინებულთა ოჯახში. იოანეს მშობლები თავდაპირველად კერპთმსახურები იყვნენ, „დაფარულნი ბნელითა მათ ღრმითა უმეცრებიასაითა“, მაგრამ წმიდა ძმის შობის შემდეგ, ღვთის მადლით, გონება გაუნათდათ, ირწმუნეს ქრისტე და მოინათლნენ. დედ-მამამ იოანე განსასწავლად მიაბარა. მშობლების მხურვალე ვედრების მიუხედავად, ყრმამ უარი თქვა თავისი წრის სხვა ბავშვების მსგავსად სკოლაში მსახურთა თანხლებით სიარულზე. იოანეს მამა ადრე გარდაეცვალა. დაქვრივებული ანთუსი ბრძნულად განაგებდა დიდ მამულს, ქრისტეს მცნებების ერთგულებით ზრდიდა შვილს. როცა წამოიზარდა, წმიდა იოანე მჭერმეტყველების შესასწავლად ლიბანიოსს-ცნობილ ანტიოქიელ ორატორს და წარმართული რელიგიის თავგამოდებულ დამცველს მიაბარეს. საოცარი ნიჭის წყალობით ნეტარმა „ მცირეთა ჟამნთა დაისწავლნა ზეპირით უმრავლესნი ფილოსოფოზთა ძუელნი წიგნნი, რომელი-რაი პოის კეთილი მათ შინა, მოისთულის, ხოლო ეკლოანი იგი და უნდოი განაგდის“. შემდგომ განათლების დასასრულებლად იოანემ სახელგანთქმულ ათენს მიაშურა, სადაც ღრუბელივით შეიწოვა „ათინელთა სწავლანი“. ღრმად განსწავლულმა წმიდანმა თავისი ორატორული ნიჭით ფართოდ გაითქვა სახელი, მაგრამ მალე სცნო წარმართული ცნობიერების ამაოება, შეიცვალა ცხოვრების წესი, წმიდა წერილს ჩაუღრმავდა და მხურვალე ლოცვას მიეცა. ანტიოქიელმა ეპისკოპოსმა მელეტიმ „ იხილა რაი იოვანესმიერი იგი შესაძენილი ეკლესიისაი“, დაიახლოვა იგი, „ფრიადითა სიტყვითა და სწავლითა მიიზიდვიდა“, ბოლოს კი 25 წელს მიღწეული ყმაწვილი მონათლა კიდეც (სხვა ცნობით, წმიდანი მშობლებს ჩვილობაშივე მოუნათლავთ). მალე იოანე ღვთისმსახურთა დასს შერთეს. მის სულში თანდათან ამ სოფლის განრიდების სურვილი მომწიფდა, მაგრამ დედის ვედრებამ აიძულა გადაედო განზრახვის შესრულება. მას შემდეგ, რაც 372 წელს იმპერატორმა ვალენტიმ(364-378) მღვდელმთავარი მელეტი გადაასახლა, იოანე თეოდორესთან (შემდგომ-მოფსუეტის ეპისკოპოსი) ერთად გამოცდილ მოძღვრებთან- ფლაბიანე და დიოდორე ტარსელებთან სწავლობდა მოსაგრე ცხოვრებას. განსაკუთრებული გავლენა მოავალი დიდი ღვთისმეტყველის ჩამოყალიბებაზე ხუცესმა დიოდირემ იქონია. როცა უფლის რჩეულს დედა გარდაეცვალა, მან მემკვიდრეობით მიღებული მთელი ქონება ეკლესია-მოასტრებსა და გლახაკებს დაურიგა, მონა-მხევლები გაათავისუფლა და ბერად აღიკვეცა. ერთხელ ამ სავანის მხცოვანმა ბერმა, ევსუქიმ საღვთო ჩვენებით იხილა, თითქოს იოანესთან ორი ბრწყინვალე სამოსლით შემოსილი კაცი შევიდა: ერთს ხელში ეტრატის გრაგნილი ეჭირა, მეორეს კი-გასაღები. პირველი იოანე მახარობელი იყო. მან გრაგნილი გაუწოდა იოანეს და უთხრა: უფალს „აწ ჩემ მიერ ჰნებავს, რაითა მოგცეს შენ აღხსნაი ყოველთა წერილთაი და ხელყოფილ-გყოფს შენ მეცნიერებისა მათისა მიმართ“. მეორემ კი თქვა, რომ ის იყო პეტრე მოციქული. მან გასაღები გაუწოდა წმიდანს და უთხრა: ღვთის ნებით გეძლევა იგი, „რაითა რაოდენი კრულ გინა ჰხსნილ-ჰყვნე ქუეყანასა ზედა, იყვნენ იგინი კრულ გინა ჰხსნილ ზეცათა შინა“. მონასტერში გატარებული 4 წლის შემდეგ იოანემ კიდევ უფრო გაამკაცრა ღვაწლი- ორი წელი მარტოდმარტო დაჰყო გამოქვაბულში, მაგრამ, ღვთის ნებით, დასნეულდა და იძულებული შეიქმნა ანტიოქიაში დაბრუნებულიყო. 381 წელს წმიდა მღვდელმთავარმა მელეტი ანტიოქიელმა იგი დიაკვნად აკურთხა, 386 წელს კი ეპისკოპოსმა ფლაბიანემ მღვდლად დაასხა ხელი. ხელდასხმის დროდ თოვლივით თეთრი მტრედი გარდამოხდა ზეციდან და იოანეს თავს დაადგა. ეპისკოპოსმა ფლაბიანემ უფლის რჩეულს ღვთის სიტყვის ქადაგება დაავალა ეკლესიაში და 12 წლის მანძილზე იგი, ჩვეულებრივ, კვირაში ორჯერ, ხშირად კი ყოველდღიურადაც მოძღვრავდა მორწმუნეებს ამბიონიდან. ქადაგების ღვთივბოძებული მადლისთვის მრევლმა მას „ოქროპირი“ უწოდა. ანტიოქიელი მქადაგებლის სახელმა იმპერიის დედაქალაქამდეც მიაღწია და 397 წელს, როცა კონსტანტინოპოლის მთავარეპისკოპოსი ნექტარიოსი გარდაიცვალა, მისი კათედრა იოანეს გადააბარეს. ნეტარი მღვდელმთავარი ბევრს ზრუნავდა კონსტანტინოპოლის სამღვდელოების სრულყოფისათვის. იმ სახარებიდან, რაც მისთვის, როგორც მწყემსმთავრისთვის იყო განკუთვნილი, იგი პირადი საჭიროებისათვის ძალიან ცოტას ხარჯავდა: მკაცრად მარხულობდა, ქვრივებს, ობლებსა და გლახაკებს კი მფარველობასა და შეწევნას არ აკლებდა, აგებდა საავადმყოფოებს და დავრდომილთა თავშესაფრებს... წმიდანი იღწვოდა ღვთისმსახურების გამართვისთვისაც: შეადგინა ლიტურგიის წესი, შემოიტანა ანტიფონური გალობა ღამისთევის ლოცვის დროს, დაწერა რამდენიმე ლოცვა ზეთის კურთხევის წესისათვის. ამ ხანებში დაიწყო იოანემ პავლეს ეპისტოლეთა განმარტებების წერაც. როცა ამ საქმეს შეუდგა, მას არ ასვენებდა ფიქრი იმაზე, ზედმეტად ხომ არ გავკადნიერდიო, მაგრამ, ღვთის ნებით, ეჭვი მალე გაუქარწყლდა: იოანეს მოწაფემ, პროკლემ მოძღვრის სენაკის კარის ჭუჭრუტანიდან რამდენჯერმე იხილა, თუ როგორ ედგა გვერდით პავლე მოციქული წერაში გართულ მღვდელმთავარს და თავად კარნახობდა კომენტარებს. დედაქალაქის ზნე-ჩვეულებათა აღვირახსნილობამ, განსაკუთრებით კი-იმპერატორის სასახლის კარზე გავრცელებულმა უზნეობამ, შეურიგებელი მამხილებელი ჰპოვა იოანე ოქროპირის სახით, რაც თანდათან ძაბავდა ურთიერთობას მასა და დედოფალ ევდოქსიას შორის. ერთხელ ევდოქსიამ ერთი შერისხული დიდებულის ქვრივისა და და შვილებისათვის უკანასკნელი ქონების ჩამორთმევა ბრძანა. წმიდანი აღდგა შევიწროეუბულთა დასაცავად და ჯვართამაღლების დღეს მხლებლებთან ერთად ღვთისმსახურებაზე დასასწრებად მისული დედოფალი ტაძარში არ შეუშვა. განრისხებული ევდოქსია კიდევ უფრო გააფთრდა, როცა ავმა ენებმა მოახსენეს, ამაო და ცრუ დედაკაცებზე ქადაგებაში იოანე შენ გგულისხმობდაო. მან გადაწყვიტა, თავიდან მოეშორებინა არასასურველი მწყემსმთავარი და ამისათვის ნეტარ იოანეზე განაწყენებული ეპისკოპოსები გამოიყენა თეოფილე ალექსანდრიელის ხელმძღვანელობით. ამ მღვდელმთავართა უკანონო კრებამ იოანეს დედოფლის შეურაცხყოფისათვის ხარისხის აყრა და სიკვდილით დასჯა მიუსაჯა, მაგრამ იმპერატორმა წმიდანს სასიკვდილო განაჩენი გადასახლებით შეუცვალა. ამ დროს ტაძართან აღელვებული ხალხი ირეოდა. მათ გადაწყვეტილი ჰქონდათ, რადაც არ უნდა დაჯდომოდათ, დაეცვათ თავისი მღვდელმთავარი. შფოთისა და არეულობის თავიდან ასაცილებლად იოანე თვითონ ჩაბარდა ხელისუფალთ. იმ ღამეს კონსტანტინოპოლში ძლიერი მიწისძვრა მოხდა, იმპერატორის სასახლე შეირყა და დედოფლის რამდენიე ოთახი ჩამოინგრა. შეშინებულმა ევდოქსიამ იმპერატორს სთხოვა, სასწრაფოდ დაებრუნებინათ წმიდანი, თვითონაც მონანიების წერილი მიწერა იოანეს. მთელი ქალაქი გაეშურა ნეტარი მღვდელმთავრის შესაგებებლად. იგი პატივით მიაბრძანეს ეკლესიაში და სთხოვეს, თავისი ტახტი დაეკავებინა. რამდენიმე ხნის შემდეგ დედოფალმა ვერცხლის ქანდაკება დადგა ეკლესიის მახლობლად. ამ ქანდაკების ირგვლივ ღვთისმსახურების დროს ხმაურიანი ცეკვა-თამაში იმართებოდა. იოანემ კვლავ სცადა, დედოფალი ცოდვისაგან ეხსნა, მაგრამ ევდოქსიამ ვერც ეხლა დაიოკა რისხვა. „აჰა, ესერა, კუალად აღიძვრის ჰეროდიადა და ეძიებს მოკუეთად თავსა იოანესა და მირებად ლანკნითა“,-განაცხადა წმიდა მწყემსმთავარმა. 404 წელს შედგა კრება, რომელმაც იოანე ოქროპირის გაძევება გადაწყვიტა. წმიდანმა უარი განაცხადა, ნებით დაეტოვებინა კათედრა. დიდი შაბათი იდგა. იოანე ოქროპირს კათამკმევლები უნდა მოენათალა-ტაძარი ხალხით იყო სავსე, მაგრამ მიუხედავად ამისა, მეომრები ძალით შეიჭრნენ შიგ. სისხლი დაიღვარა. ქალაქის ქუჩებს აღელვებული ხალხი გამოეფინა. ყველგან მოთქმა-გოება ისმოდა.. ეკლესიები დაცარიელდა. იოანეს მტრებს სურდათ, ცისკრის ლოცვაზე დასაწრებად ხალხი ძალით მიეყვანათ ტაძრებში, მაგრამ ამაოდ. მეორე დრეს მთელი კონსტანტინოპოლი დაცარიელდა-მართლმორწმუნეები ქალაქგარეთ, დაბლობზე შეიკრიბნენ და აქ აღნიშნეს ბრწყინვალე დღესასწაული. ამასობაში იოანე საკუთარ სახლში ჰყავდათ გამომწყვდეული. მისი მომხრე სასულიერო პირები და ერისკაცებიც კი სასტიკად იდევნებოდნენ. კიდევ ორი თვე დაჰყო იოანე ოქროპირმა დედაქალაქში, ბოლოს კი დატოვა კონსტანტინოპოლი. იგი ფარულად წავიდა, რომ ხალხის მღელვარება და მსხვერპლი არ გამოეწვია. მისი გაძევების შემდეგ ცეცხლმა ფერფლად აქცია წმიდა სოფიას ტაძარი და სენატის შენობა, ხოლო მალე ბარბაროსთა ამაოხრებელი შემოსევებიც დაიწყო; 404 წლის ოქტომბერში დედოფალი ევდოქსია გარდაიცვალა. ამ მოვლენებში თვით წარმართებიც კი ზეციურ სასჯელს ხედავდნენ. სომხეთში, კუკუზოში გადასახლებული მთავაეპისკოპოსი ერთმა იქაურმა მკვიდრმა, ადელფიოსმა შეიფარა. წმიდა მამამ იქაც გააგრძელა თავისი მოღვაწეობა-ზრუნვა სულიერ შვილთა რწმენაში განმტკცებისათვის, წერდა მრავალრიცხოვან წერილებს აზიის, ევროპისა და აფრიკის ეპისკოპოსებისადმი. მტრები არ ცხრებოდნენ: დედაქალაქიდან ბრძანება მოვიდა, რო იგი კიდევ უფრო შორს, პიტიუნტში(ბიჭვინთაში) გადაეყვანათ. დაუძლურებული მღვდელმთავარი მცველთა თანხლებით სამი თვის განმავლობაში მიდიოდა ქარსა და წვიმაში გადასახლების ადგილისაკენ. ქალაქ კომანში მას სრულიად წაერთვა ხორციელი ძალები. წმიდა ვასილისკოს საფლავთან მას ეს წმიდა მოწამე გამოეცხადა და ანუგეშა: „გაძლიერდი, ძმაო, გაძლიერდი და გიხაროდენ, რამეთუ ხვალისა დღემან ზოგად შემომკრიბენ ჩუენ“. წმიდა მღვდელმთავარი ქრისტეს სისხლსა და ხორცს ეზიარა და სული უფალს შეჰვედრა. მისი უკანასკნელი სიტყვები იყო: „დიდება ღმერთს ყველაფრისათვის“ (407წ. 14 სექტემბერი). მღვდელმთავარ იოანეს წმიდა ნაწილები 438 წელს ზეიმით გადაასვენეს კონსტანტინოპოლში. |