მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება |
მოციქული ფილიპე
#წმინდათა ცხოვრება მოციქული ფილიპე გალილეის ქალაქ ბედსაიდის მკვიდრი, წმიდა წერილში ღრმად იყო განსწავლული. მას სწორედ ესმოდა ძველი აღთქმის წინასწარმეტყველებათა არსი და მესიის მოლოდინით ცხოვრობდა. ფილიპე პირველივე მოწოდებისთანავე თან გაჰყვა მაცხოვარს (ინ. 1,43), მან მიიყვანა ქრისტესთან მოციქული ნათანაელი (ინ.1,46); უფალი მას დაეკითხა, თუ რამდენი ფული იყო საჭირო 5000 კაცის საკმარი პურის საყიდლად (ინ. 5,6-7); მან სთხოვა მაცხოვარს:“უფალო, მაჩუენე ჩუენ მამაი შენი, და კმა არს ჩუენდა“(ინ.14,8). ქრისტეს ამაღლების შემდეგ ფილიპე მოციქული გალილეაში ქადაგებდა ღვთის სიტყვას. ნეტარის სწავლებას საკვირველი სასწაულები ახლდა თან. გალილეი და ფილიპე მოციქული საბერძნეთში გადავიდა და იქ გადასახლებულ იუდეველებს შორის ქადაგებდა. ფილიპეს განსასჯელად იერუსალიმიდან ელადაში ფარისეველები ჩავიდნენ მღვდელმთავრის წინამძღოლობით. ფილიპე მოციქულმა სიცრუეში ამხილა იუდეველი მღვდელმთავარი, რომელიც ამტკიცებდა, მაცხოვრის ცხედარი მოწაფეებმა მოიპარეს და გადამალესო: წმიდანმა შემოკრებილებს ამცნო, რომ მცველები, რომელთაგანაც გავრცელდა ეს ჭორი, ფარისევლების მოსყიდულნი იყვნენ. როცა იუდეველმა მღვდელმთავარმა და მისმა თანამგზავრებმა ღვთის გმობა დაიწყეს და ფილიპე მოციქულს თავს დაესხნენ, დაბრმავდნენ, მაგრამ მოციქულის ლოცვით ყველას დაუბრუნდა თვალისჩინი. ამ სასწაულის მხილველთაგან მრავალი მოექცა ქრისტიანობაზე. ელადადან ფილიპე ჯერ პართეთში გაემგზავრა, შემდეგ კი-ქალაქ აზოტში. აზოტიდან ფილიპე მოციქული სირიის იერაპოლში გადავიდა. აქ ფარისევლებისგან მოსყიდულმა იუდეველებმა იროსს, რომელმაც წმიდა მოციქული შეიფარა, სახლი დაუწვეს. თავად ფილიპეს ისინი მოკვლას უპირებდნენ, მაგრამ როდესაც უფლის რჩეულის მიერ აღსრულებული სასწაულები იხილეს, სინანულში ჩავარდნენ და ბევრი მათგანი მოინათლა. წმიდა მოციქულმა იროსი იერაპოლის ეპისკოპოსად დაადგინა, თვითონ კი მოიარა სირია, მცირე აზია, ლიდია, მიზია... წმიდა ფილიპეს მუდამ თან დაჰყვებოდა მისი და, მარიამნა, რომელიც ძმის გაჭირვების თანაზიარი იყო. შემდეგ მოციქული ფრიგიაში, ქალაქ იერაპოლში ჩავიდა, სადაც მრავალი წარმართული სალოცავი იყო, მათ შორის გველების სახელზე აგებული ტაძარიც, სადაც უზარმაზარი იქედნე ბუდობდა. ფილიპე მოციქულმა ლოცვის ძალით მოკლა ქვეწარმავალი და მრავალი ადამიანი განკურნა. განკურნებულთა შორის იყო ქალაქის თავის მეუღლე, რომელმაც ირწმუნა ქრისტე და მოინათლა. ქალაქის მმართველმა ბრძანა, შეეპყროთ ფილიპე, მისი და მარიამნა, და მათი თანმხლები ბართლომე მოციქული. იქედნეს ტაძრის ქურუმთა შეგონებით წარმართმა ხელისუფალმა ფილიპე და ბართლომე საკერპოს წინ თავდაყირა გააკრეს ჯვარზე. ამ დროს საშინლად შეირყა ქვეყანა და სამსჯავროზე მყოფნი მიწამ შთანთქა. ჯვარზე თავდაყირა მიმსჭვალული ფილიპე ლოცულობდა, რომ უფალს მისი მტანჯველები დაეხსნა თავს დამტყდარი უბედურებისაგან. მომხდარის მხილველმა ხალხმა ირწმუნა ქრისტე და მოითხოვა, ჩამოეხსნათ მოციქულები. ჯვრიდან გარდამოხსნილი ბართლომე ჯერ ისევ ცოცხალი იყო. გათავისუფლების შემდეგ ნეტარმა ახალმოქცეულები მონათლა და მათ ეპისკოპოსიც დაუდგინა; ფილიპე მოციქული კი ჯვარზე აღესრულა. წმიდანის დამ, მარიამნამ მიწას მიაბარა ძმის ცხედარი, შემდეგ კი ბართლომე მოციქულთან ერთად სომხეთში გაემგზავრა სახარების საქადაგებლად. აქ წმიდა ბართლომე ჯვარს აცვეს (ხს.11 ივნისს), მარიამნა კი განაგრძობდა წარმართთა შორის ღვთის სიტყვის ქადაგებას მანამ, სანამ ლიკაონიაში არ ეწია ნეტარი აღსასრული (ხს.17 თებერვალს). |