მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება |
მართლმორწმუნე მეფე იუსტინიანე 1 და დედოფალი თეოდორა.
#წმინდათა ცხოვრება ბიზანტიის წმიდა იმპერატორი იუსტინიანე წარმოშობით ბულგარეთიდან, სრედეცის (დღევანდელი სოფია) მახლობლად მდებარე სოფელ ბერდიანიდან იყო. კეთილმსახური ხელისუფალი გულმოდგინედ იღწვოდა ქვეყანაში მართლმადიდებლური სარწმუნოების განსამტკიცებლად, მისი მეფობის დროს (527-565) ბიზანტიამ ბრწყინვალე გამარჯვებები მოიპოვა სპარსეთში, აფრიკასა და იტალიაში, რაც დიდად უწყობდა ხელს წარმართული სარწმუნოების აღმოფხვრას ვანდალებსა და ვესტგუთებს შორის. მეფე იუსტინიანეს ბრძანებით ათენში წარმართული სკოლები დახურეს. მან მცირე აზიაში ქრისტიანობის განსამტკიცებლად გაგზავნა ეფესელი ეპისკოპოსი იოანე, რომელმაც 70000-ზე მეტი კაცი მონათლა. მეფემ ბრძანა, ახალმოქცეულთათვის 90 ტაძარი აეგოთ და უხვად შეეწეოდა საეკლესიო მშენებლობას იმპერიაში. მისი დროის ხუროთმოძღვრების საუკეთესო ნიმუშებად ითვლება მონასტერი სინას მთაზე და წმიდა სოფიას ტაძარი კონსტანტინოპოლში. მრავალმხრივ განათლებული იმპერატორი გულმოდგინედ იღწვოდა ღვთისმსახურთა და ბერმონაზონთა განათლებაზე. ცრუსწავლების წინააღმდეგ წმიდა იუსტინიანემ შექმნა საგალობელი „მხოლოდშობილი ძე და ღვთისა სიტყვა“ და დააკანონა მისი გალობა ეკლესიებში. ამ დროიდან მოყოლებული დღემდე ეს საგალობელი სრულდება საღვთო ლიტურგიის დროს, მცირე გამოსვლის წინ. იმპერატორის ბრძანებით, 553 წელს მოწვეულ იქნა მე-5 მსოფლიო კრება, რომელმაც დაგმო ორიგენეს ცრუსწავლება და დაამტკიცა ქალკედონის მე-4 კრების დადგენილებანი. წმიდა იუსტინიანე ზრუნავდა სახელმწიფო წესრიგის, სამართლისა და კანონიერების დასაცავად. მისი ხელძღვანელობით და ზედამხედველობით შედგა რომაულ კანონთა კრებული, რომელმაც ჩვენამდე „იუსტინიანეს კოდექსის“ სახელწოდებით მოაღწია. პირად ცხოვრებაში იუსტინიანე მკაცრი ქრისტიანული კეთილმსახურებით გამოირჩეოდა. მან 505 წელს შეჰვედრა სული უფალს. ეკლესიამ იმპერატორთან ერთად წმიდანად შერაცხა მისი მეუღლე თეოდორაც. ნეტარი თეოდორა მიიცვალა 548 წელს. |