მთავარი გვერდი - წმინდათა ცხოვრება |
მოწამენი და აღმსარებელნი: გური, სამონი და აბიბო
#წმინდათა ცხოვრება წმიდა გური და სამონი ქალაქ ედესაში (მაკედონია) დაიბადნენ. ქრისტეს სიყვარულით ანთებული წმიდანები უდაბნოში გავიდნენ სამოღვაწეოდ და მრავალ წარმართს მოაქცევდნენ ქრისტიანულ სარწმუნოებაზე. როცა იმპერატორებმა დიოკლიტიანემ და მაქსიმიანემ 9284-305) ქრისტიანთა დევნა დაიწყეს, უფლის რჩეულები შეიპყრეს და კერპებისათვის მსხვერპლის შეწირვა მოსთხოვეს. წმიდანებმა უღმერთოებს მტკიცე უარით უპასუხეს, რისთვისაც საშინელი სატანჯველები დაატყდათ თავს, მაგრამ გური და სამონი ყველაფერს მოთმინებით იტანდნენ და მხურვალედ ევედრებოდნენ უფალს შემწეობას. ნეტართა წამების ერთ-ერთმა მოწმემ მათი ლოცვის სიტყვებიც შემოგვინახა: „უფალო ღმერთო ჩვენო, რომლის ნების გარეშე ბადეში ერთი ჩიტიც კი არ ხვდება, შენ, რომელმან ჭირთა შინა განავრცე გული დავითისი, წინასწარმეტყველი დანიელი ლომთა უმტკიცესად გამოაჩინე, ებრაელი ყმები ჯალათთაგან და სახმილსა შინა უვნებლად დაიცევ, შენ ანცა, უფალო, უწყი უძლურება ბუნებისა ჩვენისა... მოწყალე თვალით მოგვხედენ და დაიცავ შორისა ჩვენსა ჩაუქრობელი ლამპარი მცნებათა შენთა. ნათლითა შენითა წარმართე სლვანი ჩვენნი და ღირს გვყავ ნეტარებათა შენთა მიმთხვევად, რამეთუ კურთხეულ ხარ უკუნითი უკუნისამდე“. ღამით მოწამეები ქალაქგარეთ გაიყვანეს და თავები მოჰკვეთეს (299-306). ქრისტიანებმა მათი წმიდა ნეშტი პატივით დაკრძალეს. წარმართმა იმპერატორმა ლიკინიუსმა (307-324) კვლავ დაიწყო ქრისტიანთა დევნა. მტარვალმა ბრძანა, ედესის ეკლესიის დიაკონი აბიბოც შეეპყროთ. უფლის რჩეულმა არ ისურვა, რომ მის ძიებას სხვა ქრისტიანებიც ემსხვერპლა, ამიტომ თავად გამოცხადდა ჯალათებთან სამსჯავროზე. უღმერთოებმა მას დაწვა მიუსაჯეს. მოწამე თავად შევიდა კოცონში და ლოცვით შეჰვედრა სული უფალს (322). როცა ცეცხლი ჩაქრა, მარტვილის დედამ და ნათესავებმა მისი სრულიად უვნებელი ნეშტი იხილეს, წმიდანის ცხედარი პატივით დაფლეს გურისა და სამონის გვერდით. წმიდანთა გარდაცვალების შემდეგ მათდამი სასოებით აღვლენილი ლოცვებით მრავალი სასწაული აღესრულებოდა. ასე მაგალითად, ერთხელ ედესაში განწესებულმა გუთმა მეომარმა ქალწული ეფემია შეირთო ცოლად. ჯვრისწერის წინ მან ასულის დედას, სოფიას წმიდა მოწამეთა: გურის, სამონისა და აბიბოს საფლავთან შეჰფიცა, რომ მეუღლეს სიყვარულსა და პატივს არ მოაკლებდა. ედესაში მსახურების დამთავრების შემდეგ მხედარმა თან წაიყვანა ეფემია და სამშობლოში დაბრუნდა. მალე გაირკვა, რომ მას ქალწული მოეტყუებინა- სამშობლოში სხვა ცოლი ჰყოლია, ეფემია კი მისი მხევალი გახდა. მრავალი დამცირებისა და დაცინვის დათმენა მოუხდა მოტყუებულ ქალს. როცა მას შვილი შეეძინა, ეჭვიანობით გონდაკარგულმა გუთმა დედაკაცმა საწამლავი დაალევინა. ეფემიამ მხურვალე ლოცვით შემწეობა გამოსთხოვა გურის, სამონსა და აბიბოს- მაცდური მხედრის ფიცის მოწმეებს. ლოცვის შემდეგ ეფემია არა მარტო მოწამვლით სიკვდილს გადაურჩა, არამედ შვილთან ერთად სასწაულებრივად აღმოჩნდა მის მშობლიურ ქალაქ ედესაში. რამდენიმე ხნის შემდეგ ფიცის გამტეხი გუთი ისევ მოხვდა ეფემიას ქალაქში. ეფემიამ საჯაროდ ამხილა უსჯულოს ბოროტმოქმედება, რისთვისაც, მმართველის ბრძანებით იგი სიკვდილით დასაჯეს. |