მთავარი გვერდი - ბიბლია

ახალი აღთქმა
მათე მოციქულის სახარება
თავი 22

1და მერმე მიუგო მათ იესუ იგავით და ჰრქუა:

2ემსგავსა სასუფეველი ცათაჲ კაცსა მეუფესა, რომელმან ყო ქორწილი ძისა თჳსისაჲ.

3და წარავლინნა მონანი თჳსნი მოწოდებად ჩინებულთა მათ ქორწილსა მას, და არა ინებეს მოსლვად.

4კუალად წარავლინნა სხუანი მონანი და ჰრქუა: არქუთ ჩინებულთა მათ: აჰა ესერა პური ჩემი მზა-მიყოფიეს, ზუარაკები და უსხები ჩემი დაკლულ არიან, და ყოველივე მზა არს, მოვედით ქორწილსა ამას.

5ხოლო მათ უდებ-ყვეს და წარვიდეს: რომელიმე თჳსსა აგარაკსა, რომელიმე სავაჭროსა თჳსსა.

6ხოლო სხუათა შეიპყრეს მონანი იგი მისნი, აგინნეს და მოსწყჳდნეს.

7ხოლო მეუფე იგი განრისხნა, ესმა რაჲ ესე, და მიავლინა ერი თჳსი და მოსრნა კაცის-მკლველნი იგი და ქალაქი იგი მათი მოწუა ცეცხლითა.

8მაშინ ჰრქუა მონათა თჳსთა: ქორწილი ესე მზა არს, ხოლო ჩინებულნი იგი არა ღირს იყვნეს.

9წარვედით მებოძირთა გზათასა და რაოდენიცა ჰპოოთ, მოუწოდეთ ქორწილსა ამას.

10და განვიდეს მონანი იგი მისნი გზათა ზედა და შეკრიბეს ყოველი, რაოდენი პოეს ბოროტი და კეთილი. და აღივსო ქორწილი იგი მეინაჴითა.

11ხოლო შე-რაჲ-ვიდა მეუფე იგი ხილვად მეინაჴეთა მათ, იხილა მუნ კაცი, რომელსა არა ემოსა სამოსელი საქორწინე.

12და ჰრქუა მას: მოყუასო, ვითარ შემოხუედ აქა, რამეთუ არა გმოსიეს სამოსელი საქორწინე? ხოლო იგი დუმნა.

13მაშინ ჰრქუა მეუფემან მან მსახურთა თჳსთა: შეუკრენით მაგას ჴელნი და ფერჴნი და განაგდეთ ეგე ბნელსა მას გარესკნელსა. მუნ იყოს ტირილი და ღრჭენაჲ კბილთაჲ.

14რამეთუ მრავალ არიან ჩინებულნი და მცირედ – რჩეულნი.

15მაშინ წარვიდეს ფარისეველნი იგი და ზრახვა-ყვეს, რაჲთა სიტყჳთა საფრჴე უგონ მას.

16და მოუვლინნეს მოწაფენი მათნი ჰეროდიანთა თანა და ჰრქუეს: მოძღუარ, ვიცით, რამეთუ ჭეშმარიტ ხარ შენ და გზასა ღმრთისასა ჭეშმარიტად ასწავებ და არა ჰზრუნავ არავისთჳს, რამეთუ არა თუალ-აღებ პირსა კაცისასა.

17აწ მარქუ ჩუენ, რაჲ გნებავს შენ: ჯერ-არსა მიცემაჲ ხარკისაჲ კეისრისა ანუ არა?

18გულისჴმა-ყო იესუ უკეთურებაჲ მათი და ჰრქუა: რაჲსა გამომცდით მე, ორგულნო?

19მიჩუენეთ დრაჰკანი იგი ხარკისაჲ! ხოლო მათ მოართუეს მას დრაჰკანი.

20ჰრქუა მათ იესუ: ვისი არს ხატი ესე ანუ ზედაწერილი?

21ჰრქუეს მას: კეისრისაჲ. მაშინ ჰრქუა მათ იესუ: მიეცით კეისრისაჲ კეისარსა და ღმრთისაჲ ღმერთსა.

22და ესმა რაჲ ესე, დაუკჳრდა და დაუტევეს იგი და წარვიდეს.

23მას დღესა შინა მოუჴდეს მას სადუკეველნი, რომელნი იტყოდეს, ვითარმედ: არა არს აღდგომაჲ. ჰკითხეს მას

24და ეტყოდეს: მოძღუარ, მოსე ესრეთ თქუა: უკუეთუ ვინმე მოკუდეს და არა ესუას შვილი, ესიძენ ძმაჲ მისი ცოლსა მისსა და აღუდგინენ თესლი ძმასა თჳსსა.

25იყვნეს უკუე ჩუენ შორის შჳდნი ძმანი. და პირველმან მან შეირთო და მოკუდა, და არა დაშთა თესლი, და დაუტევა ცოლი თჳსი ძმასა თჳსსა.

26ეგრეთვე მეორემან და მესამემან ვიდრე მეშჳდედმდე.

27ხოლო უკუანაჲსკნელ ყოველთასა მოკუდა დედაკაციცა იგი.

28აწ უკუე აღდგომასა მას ვისა შჳდთა მათგანისა იყოს იგი ცოლად, რამეთუ ყოველთა ესუა იგი?

29მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: სცთებით, რამეთუ არა იცნით წიგნნი, არცა ძალი ღმრთისაჲ,

30რამეთუ აღდგომასა მას არცა იქორწინებოდიან, არცა განჰქორწინებდენ, არამედ, ვითარცა ანგელოზნი ღმრთისანი, იყვნენ ცათა შინა.

31ხოლო აღდგომისათჳს მკუდართასა არა აღმოგიკითხავსა თქუმული იგი ღმრთისამიერი, რომელსა იტყჳს:

32მე ვარ ღმერთი აბრაჰამისი და ღმერთი ისაკისი და ღმერთი იაკობისი? არა არს ღმერთი – ღმერთი მკუდართაჲ, არამედ ცხოველთაჲ.

33და ესმა რაჲ ესე ერსა მას, დაუკჳრდებოდა მოძღურებაჲ იგი მისი.

34ხოლო ფარისეველთა რაჲ ესმა, რამეთუ დაუყო პირი სადუკეველთა მათ, შეკრბეს ერთად.

35და ჰკითხა ერთმან მათგანმან სჯულის-მოძღუარმან, გამოსცდიდა მას და ეტყოდა:

36მოძღუარ, რომელი მცნებაჲ უფროჲს არს სჯულსა შინა?

37ხოლო იესუ ჰრქუა მას: შეიყუარო უფალი ღმერთი შენი ყოვლითა გულითა შენითა და ყოვლითა სულითა შენითა და ყოვლითა გონებითა შენითა.

38ესე არს დიდი და პირველი მცნებაჲ.

39და მეორე, მსგავსი ამისი: შეიყუარო მოყუასი შენი, ვითარცა თავი თჳსი.

40ამათ ორთა მცნებათა ყოველი სჯული და წინაწარმეტყუელნი დამოკიდებულ არიან.

41შეკრებულ რაჲ იყვნეს ფარისეველნი იგი, ჰკითხა მათ იესუ

42და ჰრქუა: ვითარ ჰგონებთ თქუენ ქრისტესთჳს, ვისი ძე არს? ხოლო მათ ჰრქუეს: დავითისი.

43ჰრქუა მათ იესუ: ვითარ უკუე დავით სულითა ჰხადის მას უფლად და იტყჳს:

44ჰრქუა უფალმან უფალსა ჩემსა: დაჯედ მარჯუენით ჩემსა, ვიდრემდის დავსხნე მტერნი შენნი ქუეშე ფერჴთა შენთა?

45 უკუეთუ დავით სულითა უფლად ხადის მას, ვითარ ძე მისი არს?

46და ვერვის ეძლო სიტყჳს-მიგებად მისა, არცაღა ვინ იკადრა მიერ დღითგან კითხვად მისა არღარაჲ.


წინა თავი შემდეგი თავი