მთავარი გვერდი - ბიბლია

ახალი აღთქმა
პეტრე მოციქულის პირველი ეპისტოლე
თავი 2

1მაშ, განიშორეთ ყოველგვარი უკეთურება, ყოველგვარი ზაკვა, პირფერობა, შური და ყოველგვარი ავსიტყვაობა.

2როგორც ახალშობილმა ყრმებმა შეიყვარეთ სუფთა სულიერი რძე, რათა მისი მეოხებით იზარდოთ ხსნისთვის.

3ვინაიდან იგემეთ, რომ ტკბილია უფალი,

4რომელსაც მიეახლეთ, როგორც ცოცხალ ლოდს, კაცთაგან უარყოფილს, ღვთის მიერ კი რჩეულსა და ფასდაუდებელს.

5როგორც ცოცხალი ქვები, თქვენც აშენდით სულიერ სახლად, წმიდა სამღვდელოებად და სულიერი მსხვერპლის მწირველად, იესო ქრისტეს მეშვეობით სასურველად რომ უჩანს ღმერთს.

6რადგანაც წერილი ამბობს: „აჰა, მე დავდებ სიონში ქვაკუთხედ ლოდს, რჩეულსა და უძვირფასესს, და არ შერცხვება მისი მორწმუნე“.

7ამრიგად, ის ფასდაუდებელია თქვენთვის, ანუ მორწმუნეთათვის, ურწმუნოთათვის კი „ქვა, რომელიც დაიწუნეს მშენებლებმა, მაგრამ კუთხის თავად დაიდვა: ქვა ფეხწამოსაკრავი და კლდე საცთური“

8მათთვის, ვინც ეურჩება სიტყვას, და ვისთვისაც ეს ხვედრი იყო გამიზნული.

9ხოლო თქვენა ხართ რჩეული მოდგმა, სამეფო სამღვდელოება, წილხვედრი ხალხი, რათა ყველას აუწყოთ მისი სიქველე, ვინც სიბნელიდან გამოგიხმოთ, რომ გეხილათ მისი საოცარი ნათელი.

10ოდესღაც არა ხალხი, ხოლო აწ ღვთის ხალხი, ოდესღაც არა შეწყალებულნი, ხოლო აწ შეწყალებულნი.

11საყვარელნო, გევედრებით როგორც მწირთა და მსხემთ, თავი შეიკავეთ ხორციელ გულისთქმათაგან, რომელნიც აღიძვრიან სულის წინააღმდეგ.

12კეთილად მოიქეცით წარმართთა შორის, რათა, ნაცვლად იმისა, რომ ბოროტმოქმედებად გსახავდნენ და დრტვინავდნენ თქვენზე, თქვენი კეთილი საქმის შემყურეთ ადიდონ ღმერთი მოხილვის დღეს.

13ღვთის გულისათვის, დაემორჩილეთ კაცთა ყოველგვარ ხელმწიფებას, გინდა მეფეს, როგორც უზენაეს მბრძანებელს,

14გინდაც მთავრებს, როგორც მის მიერ წარმოგზავნილთ ბოროტმოქმედთა დასასჯელად და კეთილის მოქმედთა საქებად.

15ვინაიდან ღმერთმა ისე ინება, რომ კეთილი საქმით ვუკრავდეთ პირს უგუნურ კაცთა უმეცრებას.

16როგორც იქცევიან თავისუფალნი: ბოროტების დასაფარავად როდი იყენებენ თავისუფლებას, არამედ არიან, როგორც ღვთის მონები.

17პატივი ეცით ყველას, გიყვარდეთ საძმო, ღვთის შიში გქონდეთ და პატივი მიაგეთ მეფეს.

18მსახურნო, გულმოშიშებით დაემორჩილეთ ბატონებს, არა მარტო კეთილთა და ლმობიერთ არამედ მკაცრთაც.

19რადგანაც მადლი ის არის როცა ვინმე, უსამართლოდ ტანჯული, ღვთის წინაშე არ ღალატობს სინიდისს და უდრტვინველად იტანს გასაჭირს.

20მართლაცდა, თუკი შეცოდებისათვის გცემენ და ითმენთ, ვითომ რა საქები საქციელია? ხოლო თუ სიკეთის ქმნისათვის გაწამებენ და ითმენთ, ეს კი მადლია ღვთის წინაშე.

21ამისთვისა ხართ ხმობილნი, ვინაიდან ქრისტეც ჩვენთვის ევნო და დაგიტოვათ მაგალითი, რათა მისდიოთ მის კვალს.

22არც შეუცოდავს და არც დასჩენია ზაკვა მის ბაგეს,

23ვისაც ჰგმობდნენ და სანაცვლოდ არავის ჰგმობდა, აწამებდნენ და არ იმუქრებოდა, არამედ თავის თავს ანდობდა მართლად გამკითხეს;

24ვინც ჩვენი ცოდვები თავისი სხეულით აზიდა ძელზე, რათა ცოდვისგან თავდახსნილთ სიმართლით გეცხოვრათ; და ვისი წყლულებითაც განიკურნეთ.

25ვინაიდან გზადაბნეული ცხვრებივით იყავით, ახლა კა დაუბრუნდით მწყემსსა და თქვენი სულების ზედამხედველს.


წინა თავი შემდეგი თავი