მთავარი გვერდი - ბიბლიოთეკა - მითითება ცათა სასუფევლისკენ მიმავალ გზაზე |
თავი პირველი. თუ რა არის ის სიკეთეები, რომლებიც მოგვმადლა იესო ქრისტემ თავისი სიკვდილით
|
ვიდრე ამ თემის შესახებ დავიწყებთ საუბარს, გავიხსენოთ რა სიკეთეებს ფლობდა ადამი ედემში ცოდვით დაცემამდე და რა ბოროტება ეწია მას (და მასთან ერთად მთელ კაცობრიობას) ცოდვით დაცემის შემდეგ. პირველი ადამიანი შექმნილი იყო ღვთის ხატად და მსგავსად და ნეტარებდა იგი ამ მსგავსებით მანამ, ვიდრე არ შებღალა ეს მსგავსება თავისი თვითნებობით, რადგან როგორც ღმერთს არა აქვს დასასრული და არის მარადიული, ასევე ადამი იყო შექმნილი უკვდავად; ღმერთი არის ყოვლადმართალი და ადამიც შექმნილი იყო უცოდველად და მართლად; ღმერთი არის ყოვლადნეტარი და ადამიც შექმნილი იყო ნეტარად და მისი ნეტარებაც დღითიდღე იზრდებოდა მარადისობაში. ადამი ცხოვრობდა მშვენიერ სამოთხეში, თვით ღვთის მიერ შექმნილ ბაღში და იყო იგი ყველაფრით კმაყოფილი და ჯანმრთელი, და არასოდეს ეცოდინებოდა რა არის ავადმყოფობა. მას არავისი ეშინოდა, რადგან ყველა ცხოველი და ფრინველი მას ემორჩილებოდა, როგორც მეფეს; იგი არ გრძნობდა არც სიცივეს და არც სიცხეს და, მართალია, შრომობდა სამოთხეში, მაგრამ ამას აკეთებდა სიამოვნებით და არ გრძნობდა სიმძიმეს შრომით და დაღლილობას – სხეულით. ადამის სული და გული აღვსილი იყო ღვთის შემეცნებით, იყო ყოველთვის მშვიდი, მხიარული, არ იცოდა და არ უხილავს არც უსიამოვნება, არც ღელვა, არც ტანჯვა და არც მწუხარება, ყველა მისი სურვილი იყო სუფთა და უმწიკვლო, მისი მეხსიერება, გონება და ყოველგვარი სულიერი შესაძლებლობები – სრულყოფილი, და როგორც უბიწო და წმიდა, ყოველთვის იმყოფებოდა ღმერთან და ესაუბრებოდა მას, ღმერთსაც უყვარდა, როგორც საყვარელი შვილი, ერთი სიტყვით, სამოთხე იყო ადამში და ადამი იყო სამოთხეში. ამრიგად, ადამს რომ არ დაერღვია შემოქმედის მცნებები, თავად ადამიც და მთელი მისი შთამომავლობაც სამუდამოდ იქნებოდა ასევე ნეტარი. მაგრამ ადამმა შესცოდა ღვთის წინაშე, დაარღვია მისი კანონი, კანონი, რომელიც იყო ყველაზე მარტივი - და ამის გამო ღმერთმა გამოაძევა იგი სამოთხიდან, რადგან ღმერთს არ შეუძლია ყოფნა ცოდვასთან და ცოდვილთან. სწორედ მაშინ მეყსეულად დაკარგა ადამმა თავისი კეთილდღეობა, რომლითაც ის ტკბებოდა სამოთხეში: მისი სული დაბნელდა, აზრები და სურვილები აუფორიაქდნენ, წარმოსახვა და მეხსიერება დაებინდა, სულიერი სიხარულისა და სიმშვიდის ნაცვლად კი იხილა მწუხარება, სევდა, წყენა, სიღატაკე, მტანჯველი შრომა და სხვადასხვა სახის უსიამოვნება, ამ ყველაფერთან ერთად, მას მოელოდა მტკივნეული სიბერე და ბოლოს – სიკვდილი, მაგრამ ყველაზე საშინელი მაინც ისაა, რომ ეშმაკმა, რომელიც ტკბება ადამიანის ტანჯვა–წამებით, ძალაუფლება მოიპოვა მასზე (ადამზე). თვით სტიქიონები - ჰაერი, ცეცხლი და სხვ. – რომლებიც ადამის ცოდვით დაცემამდე მის ნეტარებაში ყოფნას ემსახურებოდნენ, ცოდვით დაცემის შემდეგ გახდნენ მის მიმართ მტრულად განწყობილნი. ამის შემდეგ ადამი და მთელი მისი შთამომავლობა გრძნობდნენ სიცივეს, სიცხეს, ქარის და ამინდის ცვლილების ზემოქმედებას; მხეცები გახდნენ მძვინვარენი, მტრად მოეკიდნენ ადამიანებს და უყურებდნენ როგორც თავიანთ საკბილოს. ამავე დროიდან ადამიანები შეიგრძნობდნენ შინაგან და გარეგან სნეულებებს, რომლებიც დროთა განმავლობაში უფრო და უფრო მრავალფეროვანი და სასტიკი ხდებოდა. ადამიანებმა დაივიწყეს, რომ ყველანი ძმები არიან (ადამის შთამომავლები) და შეიძულეს ერთმანეთი, დაიწყეს ერთმანეთის მტრობა, მოტყუება, წამება, თავდასხმა და მოკვლა. და ბოლოს, მრავალი შრომისა და საზრუნავის შემდეგ, ყველანი იხოცებოდნენ. და როგორც ცოდვილებს, ყველას ელოდა ჯოჯოხეთი და დაუსრულებელი ტანჯვა. არცერთ ადამიანს თავისით არ შეეძლო და არ შეუძლია დაიბრუნოს ის, რაც დაკარგა ადამმა. და იესო ქრისტეს თავისი გულმოწყალებით რომ არ გამოვესყიდეთ ადამის მთელი შთამომავლობა, რა მოგველოდა ჩვენ? ან რა მოელოდა კაცობრიობას? ღმერთმა, რომელსაც უფრო მეტად ვუყვარვართ, ვიდრე თავად ჩვენ გვიყვარს ჩვენი თავი, თავისი უზომო გულმოწყალებით, მოგვივლინა თავისი მხოლოდშობილი ძე, იესო ქრისტე, რათა გვაცხოვნოს ჩვენ. იესო ქრისტე განკაცდა და გახდა ჩვენი მსგავსი (ოღონდ ცოდვათა გარეშე). იესო ქრისტემ თავისი სწავლებით განაქარვა ადამიანთა უმეცრება და გონების წყვდიადი და გაანათლა იგი სახარების სინათლით. და აწ უკვე ყოველს, რომელიც მოისურვებს, შეუძლია შეიცნოს ღვთის ნება, გზა და საშუალებები თავისი ნეტარებისთვის. იესო ქრისტემ თავისი ცხოვრებით გვაჩვენა გზა ცათა სასუფეველისკენ, რომელიც დაკარგა ადამმა და ამავდროულად, გვაჩვენა თუ როგორ უნდა ვეძიოთ და ვიაროთ ამ გზაზე. იესო ქრისტემ თავისი ტანჯვითა და სიკვდილით გამოისყიდა ჩვენი ვალი, რომელიც ჩვენ უნდა დაგვებრუნებინა ღვთისთვის და რომელსაც ვერასოდეს ვერ გადავიხდიდით ჩვენი მდგომარეობის გამო, და ჩვენ, ეშმაკისა და ცოდვის მონობაში მყოფნი, გაგვხადა ღვთის ძეებად, და ის ტანჯვა, რომელიც ჩვენ უნდა გვეტვირთა, როგორც ღვთის რჯულის დამრღვევებს, თავად იტვირთა და თავისი სიკვდილით გვიხსნა მომავალი უბედურებების, ტანჯვისა და მარადიული სიკვდილისაგან. იესო ქრისტემ თავისი მკვდრეთით აღდგომით შემუსრა ჯოჯოხეთი და განგვიღო სამოთხის კარი, რომელიც დახშული იყო ყველასათვის ადამის ურჩობის გამო, ქრისტემ გაიმარჯვა და შემუსრა ჩვენი მტრების – ეშმაკისა და სიკვდილის – ძალაუფლება. ამიტომაც ყველა, ვინც კვდება, მაგრამ სწამდა და იმედი ჰქონდა იესო ქრისტესი, სიკვდილის გზის გავლით ამაო, ხრწნადი და წარმავალი ცხოვრებიდან გადადის ნათელ, უხრწნელ და მარადიულ ცხოვრებაში; ხოლო ეშმაკის დასაძლევად და განსადევნად გვაქვს ჯვარი და ლოცვა. იესო ქრისტემ თავისი მკვდრეთით აღდგომით განადიდა ადამიანთა მოდგმა, რადგან კაცობრივი სხეულით ამაღლდა ზეცად. ასე რომ, იესო ქრისტეს ღვაწლით და მადლით, ახლა უკვე ჩვენც შეგვიძლია შევიდეთ ცათა სასუფეველში და მივიღოთ შეწევნა და დახმარება ამ გზაზე; ჩვენ, ყველას, დაუბრკოლებლად და ჭეშმარიტად შეგვიძლია მივიღოთ სულიწმიდა და აღვივსოთ მისით. სულიწმიდის გარეშე შეუძლებელია იმ გზის გავლა, რომელიც გაიარა იესო ქრისტემ. რომ არ მოვლენილიყო იესო ქრისტე დედამიწაზე, ვერცერთი ადამიანი ვერ შევიდოდა ცათა სასუფეველში, ახლა კი ყველას და ყოველ ჩვენგანს უეჭველად შეუძლია შევიდეს, თუმცა იქ შესვლა შეუძლებელია სხვაგვარად, თუ არა მხოლოდ იმ გზით, რომელიც გაიარა იესო ქრისტემ დედამიწაზე ცხოვრების დროს. მაგრამ თუ რა განგვიმზადა უფალმა იქ, ზეცაში - ამის არც თქმა და არც წარმოდგენა არავის ძალუძს; ამის შესახებ ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ მხოლოდ ის, რომ ვისაც სწამს იესო ქრისტესი და აღასრულებს მის მცნებებს, გარდაცვალების შემდეგ იცხოვრებს ანგელოზებთან, მართლებთან და წმინდანებთან ერთად, და იქ, ზეცაში, იხილავენ ღმერთს პირისპირ. განიხარებენ სუფთა და მარადიული სიხარულით, და არ ეცოდინებათ რა არის სევდა, მწუხარება, ზრუნვა, წვალება და ტანჯვა, და ბოლოს, უკანასკნელ ჟამს, სამყაროს დასასრულს, აღდგებიან თავიანთი სხეულებით და დაუსრულებლად იმეფებენ ქრისტესთან ერთად. ამ ყველა სიკეთეს ქრისტე უბოძებს არა მხოლოდ ერთ რომელიმე ერს, არამედ ყველას: ვინც მოისურვებს – ყველა მიიღებს მას, გზა ნაჩვენებია, გაკვალულია და რამდენადაც შესაძლებელია, მოსწორებულია, უფრო მეტიც, თავად იესო ქრისტე არის მზად დაგვეხმაროს ამ გზაზე სიარულში, შეიძლება ითქვას, რომ თავად სურს გვატაროს ხელჩაჭიდებულმა, ჩვენ კი ისღა დაგვრჩენია, რომ არ ვეჯიუტოთ და წინააღმდეგობა არ გავუწიოთ, არამედ სრულად მივენდოთ მის ნებას: დაე, თავად წარგვიძღვეს საითაც და როგორც ინებებს. აი, როგორ ვუყვარვართ იესო ქრისტეს და როგორ გვიწყალობებს თავის სიკეთეებს! და თუ სწორედ ამ წუთს, მეყსეულად, იესო ქრისტე მოგვევლინებოდა და გვკითხავდა: ჩემო შვილებო, გაქვთ ჩემ მიმართ სიყვარული იმის გამო, რაც მე გავაკეთე თქვენთვის? გაქვთ თქვენს გულებში მადლიერება ჩემ მიმართ? – რომელი ჩვენგანი არ უპასუხებდა: „დიახ, უფალო, გვიყვარხარ და გმადლობთ?!“ მაგრამ თუ თქვენ გიყვართ იესო ქრისტე და მიგაჩნიათ, რომ მადლობელი ხართ მისი, შეასრულებთ კი იმას, რასაც მოითხოვს თქვენგან? რადგან ვისაც ვინ უყვარს და ვინც ვის მიმართ გრძნობს მადლიერებას, ის შეასრულებს ყველაფერს, რაც სურს მის კეთილისმყოფელს. მაგრამ იესო ქრისტეს თქვენგან სურს მხოლოდ ერთი – გაჰყვეთ მას ცათა სასუფეველში. იესო ქრისტემ ყველაფერი გააკეთა ჩვენთვის - და ნუთუ ჩვენ არ შევასრულებთ მის ერთადერთ სურვილს? იმისათვის, რომ გვაცხოვნოს, იესო ქრისტე გარდამოხდა ზეციდან დედამიწაზე – და ნუთუ იესო ქრისტესთვის ჩვენ არ მოვისურვებთ მცირეოდენი გავიჭირვოთ და მოვითმინოთ? ნეტარია და უმეტესად ნეტარი ის, ვინც მთელი თავისი ცხოვრების განმავლობაში გაყვება ქრისტეს და ივლის მისი გზით, რამეთუ აუცილებლად დამკვიდრდება იქ, სადაც იმყოფება თავად იესო ქრისტე. ბედნიერია ისიც, ვინც ზრუნავს და ცდილობს მიბაძოს იესო ქრისტეს, რადგან მიიღებს შეწევნას თავად ქრისტესგან; მაგრამ უბედურია ის, ვისაც არ სურს შეუდგეს ქრისტეს და გაჰყვეს მას და თავს გაიმართლებს იმით, რომ მძიმეა მის გზაზე სიარული, ან რომ არ ჰყოფნის ამისთვის ძალები, რადგან ასეთი ადამიანი თავად აკლდება ღვთის მადლს და ერთგვარად, თავადვე განიშორებს იესო ქრისტეს მიერ მის შესაწევნელად გამოწვდილ მარჯვენას. და ვაი იმ კაცს, ვინც ეწინააღმდეგება იესო ქრისტეს, ჯიუტობს, და ასე ვთქვათ, მის წინააღმდეგ მიდის, ვინაიდან ასეთი ადამიანის ხვედრი და ადგილსამყოფელი ცეცხლმოკიდებულ ტბაშია! |
წინა თავი | შემდეგი თავი |