მთავარი გვერდი - ბიბლიოთეკა - წმიდა მამები განკითხვის შესახებ

წმიდა მამები განკითხვის შესახებ
ცოდვათა განმარტებანი

შესავალი

განკითხვა სიძულვილის ნაყოფია. მას მოყვასის მიმართ სიყვარულის ნაკლებობა წარმოშობს, მაგრამ თუ გვეყვარებოდა მოყვასი, ყველაფერში მას გავამართლებდით, რადგან, როგორც პავლე მოციქული ბრძანებს: „სიყვარული ყველაფერს ფარავს“. სწორედ განკითხვა გვაიძულებს სხვისი ცოდვების დანახვას და საკუთარი თავის უცოდველად წარმოჩენას.

არანაირი უფლება არ გვაქვს სხვისი განკითხვისა, რადგან სიცოცხლე ჩვენ არ გვიბოძებია მისთვის; მხოლოდ უფალს აქვს უფლება სხვების გამართლებისა და განსჯის, „შენ კი ვინა ხარ, რომ განსჯი მოყვასს?“ (იაკ. 4:12), – ბრძანებს იაკობ მოციქული. ჩვენ, ადამიანებმა, უნდა ვისწავლოთ, რომ ვხედავდეთ პირად ცოდვებს და არ უნდა განვიკითხოთ სხვა.

ეფრემ ასური განმარტავს, რომ ღმერთი განსაცდელებს იმათ მიმართ უშვებს, ვინც განკითხვის ცოდვაშია. მაგალითად, ხორციელი განსაცდელები მოყვასის განკითხვის შედეგია, რადგან იმათზე, ვინც ძმებზე ქედმაღლობს, ღმერთი უშვებს ხორციელ განსაცდელებს, რათა დამდაბლდნენ, დაინახონ საკუთარი არარაობა და შეწყვიტონ განკითხვა.

განკითხვის ჩვევა საკმაოდ გავრცელებულია. რთულია იპოვო ადამიანი, რომელიც იმას ამბობს, რისი თქმაც საჭიროა და დუმს, როდესაც დუმილი მართებს. ერთი შეხედვით, შეიძლება ჩანდეს კიდეც, რომ განკითხვის ცოდვა უმნიშვნელოა, მაგრამ სინამდვილეში მას დიდი ბოროტება მოაქვს კაცობრიობისთვის, ამიტომ ყოველგვარი ძალისხმევით უნდა განვერიდოთ მას.


შემდეგი თავი