მთავარი გვერდი - ბიბლიოთეკა - წმიდა მამები განკითხვის შესახებ

წმიდა მამები განკითხვის შესახებ
ცოდვათა განმარტებანი

წმიდა იოანე ოქროპირი

საკუთარი თავი და საკუთარი ცოდვები განიხილე. ამას არავინ გიშლის, რადგან ამგვარად ცოდვებსაც გამოასწორებ და არც თავს დაიზიანებ, ხოლო თუ საკუთარ თავს ყურადღებას არ მიაქცევ და სხვების მსაჯულად იქცევი, ვერც კი იგრძნობ, ისე დააგროვებ ცოდვების ტვირთს. სწორედ ამიტომ, გევედრები, ყველანაირად მოერიდე მოყვასის განკითხვას. მართალია, შენ არ ხარ მსაჯული და მხოლოდ აზრებით განიკითხავ, მაგრამ მაინც ვარდები ცოდვაში, რადგან მტკიცებულებების გარეშე და, როგორც ხშირად ხდება, მხოლოდ ეჭვის ან ცილისწამების გამო განიკითხავ, ამიტომაც ბრძანებს დავით მეფსალმუნე:“რომელი იტყჳნ იდუმალ მოყუსისა თჳსისა ძვირსა, ესე წარვსდევნი” (ფს. 100:5).

***

მკაცრად ნუ განიკითხავ სხვებს და ნუ იქნები სასტიკი მსაჯული, იყავი მშვიდი და კაცთმოყვარე. შეიძლება ჩვენ არ ვართ მრუშები, საფლავების მძარცველნი, ქურდები, მაგრამ გვაქვს სხვა ცოდვები, რომელთა გამოც მრავალი სასჯელის ღირსი ვართ. მაგალითად, ძმისთვის ხშირად გვიწოდებია სულელი, რის გამოც გეენას ვიმსახურებთ; დიაცებისთვის შეგვიხედავს თავშეუკავებელი მზერით, რაც მრუშობის ტოლფასია და რაც ყველაზე უარესია – ღირსეულად არ ვმონაწილეობთ საიდუმლოებებში, რაც ქრისტეს სისხლისა და ხორცის წინაშე დამნაშავეებად გვაქცევს. ნუ ვიქნებით მკაცრი გამომძიებლები სხვების საქმეების, ჩვენს ნამოქმედარზე ვიფიქროთ და მაშინ აღარ ვიქნებით ასეთი არაადამიანურნი და სასტიკნი. უნდა ითქვას ისიც, რომ ბევრ კეთილ ადამიანს აღმოვაჩენთ, რომელთაც მთელი ქალაქის ფასი აქვთ. იმ საპრყობილეშიც, რომელშიც იოსები ჩააგდეს, მრავალი ცოდვილი იმყოფებოდა, ხოლო ეს მართალი ადამიანი ყველასთვის ზრუნავდა; თვითონაც ხომ მათთან ერთად იმყოფებოდა! იგი მთელ ეგვიპტედ ღირდა, თუმცა საპყრობილეში იყო და იქ მყოფთაგან არავინ იცნობდა. მსგავსადვე, ახლაც არის შესაძლებელი, რომ მრავალი პატიოსანი და კეთილი ადამიანი იმყოფებოდეს საპყრობილეში, მაგრამ მათ არავინ იცნობდეს და თუ ყველასთვის იზრუნებ, დაგიფასდება ეს შრომა. და რომც არავინ იყოს იქ კეთილშობილი, ამ შემთხვევაშიც დიდი საზღაური გელის. თვით ჩვენი უფალიც მხოლოდ მართლებთან როდი საუბრობდა: იგი არ გაურბოდა ცოდვილებს, პირიქით, ქანაანელიც საოცარი კეთილგანწყობით მიიღო და ცოდვილი სამარიტელიც, ასევე, განკურნა მეძავი, რომლის გამოც კიცხავდნენ იუდეველები და არ აუკრძალა ცოდვილ ქალს ცრემლით დაესველებინა მისი ფეხები, რითაც გვასწავლა, რომ შემწყნარებელნი ვიყოთ ცოდვილთა მიმართ. აი, რა არის კაცთმოყვარეობა!

შენ კი რას ამბობ? იმას, რომ საპყრობილეში ყაჩაღები და საფლავების მძარცველნი არიან? მაგრამ, მითხარი, განა ქალაქში ყველა მართალი ცხოვრობს? იქნებ, პირიქით, უარესნიც არიან და უსირცხვილოდ ძარცვავენ სხვებს?! ისინი, სხვა თუ არაფრით, ღამის სიბნელით მაინც იფარავენ თავს და მალვით აღასრულებენ თავიანთ ბოროტ საქმეებს, ესენი კი, მათგან განსხვავებით, ყოველგვარი ნიღბის გარეშე, დაუფარავად ბოროტმოქმედებენ, ძალადობენ, ძარცვავენ და იხვეჭენ. და, საერთოდაც, ძნელია იპოვო ადამიანი, რომელიც ცრუ არ არის.

***

უმეტესად საძულველია ის, ვინც წყენას აყენებს და უმეტესად პატივსაცემია ის, ვინც წყენას ითმენს. პირველი (რომელიც წყენას აყენებს) ბოროტმოქმედი არის და უკეთური, ხოლო მეორე (რომელიც წყენას ითმენს) – ბრძენია და პატივსაცემი; პირველი ადამიანიც არ არის, მეორე კი მსგავსია ანგელოზისა. შეურაცხყოფილი შეურაცხმყოფელზე ნაკლები რომც იყოს, თუკი მოისურვებდა, შეძლებდა შური ეძია, მაგრამ რადგან ის ამას არ აკეთებს, ყველა მას თანაუგრძნობს, შეურაცხმყოფელი კი სძულთ. მაშ, რა გამოდის? განა ამის გამო შეურაცხყოფილი შეურაცხმყოფელზე უკეთესი არ არის? შეურაცხმყოფელს ყველა ისე შეხედავს, როგორც უგუნურს და შეურაცხყოფილს კი – როგორც კეთილგონიერს, ამიტომ თუ ვინმე გაქეზებს, რომ სხვა განიკითხო, უთხარი მას: მე არ შემიძლია რაიმე ცუდი ვთქვა მის შესახებ – ვშიშობ, რომ შეიძლება ისეთი არ იყოს, როგორიც ჩანს. გონებაშიც კი ნურასოდეს გაიფიქრებ ცუდს სხვების მისამართით, მით უმეტეს სხვათა წინაშე. ნუ დრტვინავ მის გამო ნურც ღვთის წინაშე. თუ შეიტყობ, რომ მის შესახებ ცუდს ამბობენ, დაიცავი იგი და თქვი: ეს ვნებების ბრალია და არა – ადმიანის, მრისხანების და არა – მეგობრის, სიშმაგის და არა – კაცის.


წინა თავი შემდეგი თავი