მთავარი გვერდი - ბიბლიოთეკა - წმიდა მამები განკითხვის შესახებ

წმიდა მამები განკითხვის შესახებ
ცოდვათა განმარტებანი

აბბა დოროთე

ძმანო, თუ წმიდა მამათა სიტყვები გვემახსოვრებოდა და განუწყვეტლივ მათით განვისწავლებოდით, არც ცოდვებისაგან დავიძლეოდით და არც სიზარმაცეს მივეცემოდით, რადგან, როგორც მამები ამბობენ, თუკი მცირე ცოდვას განვეშორებით, დიდსა და მცირე ცოდვებშიც არ ჩავცვივდებით.

გარწმუნებთ, თუკი უმნიშვნელო ცოდვის გამო იტყვის ვინმე,“არაფერი მოხდება, თუ ამას ვიქმო”, სწორედ ამგვარად დაეჩვევა მისი სული ბოროტების ქმნას და შემდგომ აღარც დიდ ცოდვებს მოერიდება იგი.

იცით, რომ მოყვასის განკითხვაზე უმძიმესი ცოდვა არ არსებობს?! რომ არაფერი სძაგს ღმერთს მასზე უფრო მეტად?! სწორედ ასე ამბობენ წმიდა მამები:“განკითხვაზე საძულველი არაფერია”. როდესაც კაცი ამგვარად ფიქრს იწყებს:“რა დაშავდება, ყურს თუ მივუგდებ, რას ამბობენ” ან“რა მოხდება, მეც რომ გამოვთქვა აზრიო”, სწორედ მაშინ შორდება მისი გონება საკუთარ ცოდვებზე ფიქრს და მოყვასის ცოდვების ცქერას იწყებს.

ამას მოსდევს განკითხვა, სხვის შესახებ ცუდის თქმა და მისი შეურაცხყოფა. საბოლოოდ, რის გამოც მოყვასს განვიკითხავთ, იმავე ცოდვაში თავად ვვარდებით.

თუ კაცი საკუთარ ცოდვებზე არ ფიქრობს, თუკი, - როგორც მამები გვასწავლიან, - საკუთარ მიცვალებულს არ გლოვობს, ვერანაირ სიკეთეში ვერ წარემატება და მხოლოდ მოყვასის განმკითხველი აღმოჩნდება. არაფერი ისე არ განარისხებს ღმერთს, სხვა არაფერი ისე არ ააშკარავებს ადამიანს და აშორებს მას ღმერთს, როგორც ძვირის თქმა, განკითხვა და მოყვასის დამცირება და შეურაცხყოფა.

სრულიად სხვაა ძვირის თქმა მოყვასზე (ძვირისხსენება), სხვაა განკითხვა და სხვა - მოყვასის შეურაცხყოფა. როცა ამბობენ: მან იცრუა, განრისხდა, იმრუშა ან სხვა ამის მსგავსი ჩაიდინაო, ამ ყოველივეს მთქმელი ცუდს ანუ ძვირს ამბობს მოყვასის შესახებ, რადგან მის ამა თუ იმ ცოდვას ააშკარავებს, ხოლო მოყვასის განკითხვაა, როდესაც ამბობენ: ის ცრუა, მრისხანეა, მრუშია... რადგან ამგვარად იმას უსვამენ ხაზს, რომ ეს ყოველივე მოყვასის ცხოვრების წესია. სწორედ ეს არის განკითხვის უმძიმესი ცოდვა, რადგან (როგორც ვთქვით) სრულიად სხვა არის თქმა იმისა, რომ“განრისხდა” და სხვა -“ის მრისხანეა”.

განკითხვის ცოდვა იმდენად მძიმეა, რომ თავად უფალი ასე ამბობს მის შესახებ:“თვალთმაქცო, ჯერ შენი თვალიდან ამოიღე დირე და მერე დაინახავ, როგორ უნდა ამოუღო შენს ძმას ბეწვი თვალიდან” (ლკ. 6: 42). უფალმა მოყვასის ცოდვა ბეწვს შეადარა, განკითხვის ცოდვა კი - დირეს. აი, რამდენად აღემატება“განკითხვა” სხვა ცოდვებს!

ფარისეველი არ განსჯილა იმის გამო, რომ საკუთარ სათნოებათათვის გულმოდგინედ მადლობდა ღმერთს (რადგან, თუ რამ სთნოებას აღვასრულებთ, სწორედაც, რომ გვმართებს ღვთის მადლიერება, რადგან ღმერთია ყოველგვარი სიკეთის მომნიჭებელი), არც იმის გამო განსჯილა, რომ თქვა, არა ვარ მე სხვათა მსგავსიო, არამედ როდესაც მეზვერეზე მიუთითა და თქვა -“და არც ისეთი, როგორიც ეს მეზვერეო”, მაშინ შესცოდა, რადგან თავად მოყვასიც განიკითხა და მთელი მისი ცხოვრების წესიც, ამიტომაც მეზვერე უფრო მეტად გამართლდა, ვიდრე ფარისეველი (ლკ. 18:11). მართლაც, არაფერია მოყვასის განკითხვასა და შეურაცხყოფაზე უმძიმესი!

რატომ საკუთარ თავს არ განვიკითხავთ და იმ ცოდვებს არ განვსჯით, რომელთა შესახებ დანამდვილებით ვიცით და დარწმუნებული ვართ, რომ პასუხს ვაგებთ ღვთის წინაშე?! რატომ მივიტაცებთ ღვთის სამსჯავროს?! რა გვესაქმება მის ქმნილებებთან?! შიშით რატომ არ ვძრწით, როდესაც ვისმენთ, თუ რა შეემთხვა იმ დიდ მამას, რომელმაც სიძვით დაცემული ძმის შესახებ რომ შეიტყო, თქვა:“საშინელი საქმე ჩაიდინა”. ნუთუ არ იცით, რას მოგვითხრობენ ამ ძმის შესახებ წმიდა მამები?! - უფლის ანგელოზმა დაცემული ძმის სული იმ ბერს წარუდგინა, რომელმაც ცოდვის გამო განიკითხა მოყვასი და უთხრა:“აი, მოკვდა ის, ვინც შენ განიკითხე. სად მიბრძანებ მისი სულის ჩაგდებას, სამოთხეში თუ ჯოჯოხეთში?!” ნუთუ არის რამე უფრო შემაძრწუნებელი, ვიდრე ეს სიტყვები?! ბერისთვის თქმული ხომ ამას ნიშნავდა:“ვინაიდან შენ ხარ ცოდვილთა და მართალთა მსაჯული, თქვი რას ბრძანებ ამ სულისთვის, შეიწყალებ თუ სატანჯველად გაუშვებ!”.

ამ ამბის გამო ის წმიდა ბერი ფრიად შეწუხდა და მთელი დარჩენილი ცხოვრება სულთქმასა და ტირილში გაატარა, რათა ეს ცოდვა ეპატიებინა მისთვის ღმერთს. იგი შენდობის შემდეგაც მეტისმეტად გლოვობდა, მიუხედავად იმისა, რომ გამოეცხადა ანგელოზი და აუწყა:“აი, გიჩვენა შენ ღმერთმა სიმძიმე განკითხვის ცოდვისა, ნუღარ განიკითხავ” (და ეს სიტყვები მისთვის ცოდვის შენდობაზე მეტყველებს), მაგრამ თავად ბერის სული ვერ დამშვიდდა სიკვდილამდე და არ შეუწყვეტია გლოვა.

მაშ, ჩვენ რაღას ვემართლებით მოყვასს?! რას ვეძებთ სხვის ცოდვებში?! ყოველმა ჩვენგანმა საკუთარ თავსა და საკუთარ ცოდვებზე იფიქროს, რადგან უფლის ხელთაა განმართლებაცა და დასჯაც, მხოლოდ მან უწყის თითოეული ჩვენგანის ცხოვრების წესი და შესაძლებლობები, გარემო და პირობები, სხეულის აღნაგობა და სათნოებები და ამ ყოველივეს შესაბამისად მოგვაგებს წყალობასაც და სასჯელსაც. სხვაგვარად განსჯის უფალი ეპისკოპოსს და სხვაგვარად - ერის მმართველს, სხვაგვარად – იღუმენს და სხვაგვარად - მოწაფეს, სხვაგვარად - ხანდაზმულს და სხვაგვარად - ჭაბუკს, სხვაგვარად - უძლურს და სხვაგვარად - ძლიერს, და ვის შეუძლია განარჩიოს ყველა ეს სასჯელი?! მხოლოდ ღმერთს, ვინც დაჰბადა ყოველივე და უწყის ყოველი!

მსმენია ერთი შემთხვევის შესახებ: ერთხელ ერთ ქალაქში მონებით სავსე ხომალდი შევიდა. ამ ქალაქში ერთი წმიდა და კეთილკრძალული ქალწული ცხოვრობდა. ქალაქში ხომალდის შემოსვლის შესახებ რომ შეიტყო, ქალწულმა გაიხარა, რადგან ერთი მცირეწლოვანი გოგონას ყიდვა სურდა და ფიქრობდა, ისე აღეზარდა ასული, რომ წუთისოფლის უკეთურებათა და სიბილწეთა გემო არ გამოეცდევინებინა მისთვის... ქალწულმა თავისთან მოიხმო ხომალდის უფროსი, რომელსაც ტყვეებს შორის ორი მცირეწლოვანი გოგონა აღმოაჩნდა (სწორედ იმ ასაკის, ქალწულს რომ სურდა), მანაც ორივე მყიდველთან მიიყვანა. ქალწულმა თანხა გადასცა ხომალდის მეპატრონეს და ერთ - ერთი გოგონა თავისთან დაიტოვა. უკან გაბრუებულ ხომალდის მეპატრონეს გზად ახლა მეძავი შემოხვდა, ერთი ბოროტი და უკეთური ქალი. მეორე გოგონა სწორედ მან შეიძინა...

ხედავთ ღვთის საიდუმლოს?! ჩასწვდით ღვთის განგებას?! ვის ძალუძს მასში გარკვევა?!

წმიდა ქალწულმა პატარა გოგონას ღვთის შიში და კეთილკრძალული ცხოვრების წესი ასწავლა, ხოლო იმ მეძავმა ის საბრალო ეშმაკის ჭურჭლად აქცია და სულის წარსაწყმედად განსწავლა. რა გვეთქმის ამგვარი სასტიკი სამართლის გამო?! ორივე გოგონა მცირეწლოვანი იყო, ორივე გაყიდეს და არც კი იცოდნენ, რა ბედი ელოდათ. და აი, ერთი მათგანი ღვთის ხელთ აღმოჩნდა, მეორე კი - ეშმაკის კლანჭებში ჩავარდა. განა შეგვიძლია ვთქავთ, რომ ღმერთი ორივეს ერთნაირად განიკითხავს ან ორივეს ერთნაირად განსჯის?! თუკი ორივე სიძვით დაეცემა, ვიტყვით, რომ ორივეს ერთი სასჯელი მოელის, რაკი ერთნაირად შესცოდეს?! ამგვარად როგორ იქნება?! ერთი ხომ ღვთის სამსჯავროსა და სასუფევლის შესახებ განისწავლებოდა, დღედაღამ ღვთის სიტყვით იწვრთნებოდა, ხოლო მეორეს, იმ საბრალოს, ყოველგვარ საეშმაკო საქმესა და საძაგლობაში ჩავარდნილს ხომ კეთილის შესახებ არც კი სმენოდა?! მაშ, როგორ იქნება, რომ ერთნაირად დასაჯოს ისინი ღმერთმა?! ამიტომ ასე ვთქვათ: ვერავინ ჩასწვდება ღვთის სამართალს, არავის შეუძლია იცოდეს ღვთის განგებულება. მხოლოდ თავად უფალია ის, ვისაც ხელეწიფება ყოველივე და უწყის ყოველი.

ხშირად ზოგიერთი ძმა თავისი გულუბრყვილობით სცოდავს, მაგრამ თუ მას ერთი სათნოება მაინც აღმოაჩნდება მთელ შენს ცხოვრებაზე მეტად ღვთისთვის მოსაწონი, შენ კი მას განიკითხავ, ფრიად ავნებ საკუთარ სულს... ან რა იცი, როგორ იღვაწა მან ამ ცოდვით დაცემამდე? და სწორედ ამ შრომის საზღაურად რომ შეუნდოს ღმერთმა ჩადენილი დანაშაული?! ან რა იცი, რამდენი ცრემლი ღვარა ამ ცოდვის გამო მან ღვთის წინაშე?! შენ დაინახე მისი ცოდვა, მაგრამ არ დაგინახავს მისი სინანული! ღმერთი შეიწყალებს მას, შენ კი განიკითხავ და ამით დაიღუპავ სულს.

ხშირად ჩვენ არა მარტო განვიკითხავთ მოყვასს, არამედ შეურაცხვყოფთ კიდეც. შეურაცხყოფა სხვა რამ არის და განკითხვა - სხვა რამ. შეურაცხყოფაა, როდესაც კაცს სძულს მოყვასი, რაც განკითხვაზე უარესია...

ვისაც ცხონება სურს, სხვის ცოდვებს არ უყურებს. ასეთი მხოლოდ საკუთარი ცოდვებს აქცევს ყურადღებას და მათზე გამარჯვებას ესწრაფვის იმ ძმის მსგავსად, რომელმაც, ცოდვაში ჩავარდნილი მოყვასი რომ იხილა, თქვა:“ვაი ჩემდა! რამეთუ ეს ახლა (დღეს) სცოდავს, მე კი - მომავალში (ხვალე)!” ხედავთ მის დაუბრკოლებლობას, სწორ მსჯელობას! ხედავთ მის სწორ სულიერ განწყობილებას! როგორ განიშორა მოყვასის განკითხვა ამგვარი მსჯელობით,“მე ხვალ მომელის ცოდვებში ჩავარდნაო”. მან ღვთის შიში მოიძია, საკუთარ სულზე იზრუნა და ამგვარად დააღწია თავი მოყვასის განკითხვას, თან თავიც დაიმდაბლა და თქვა:“ის მოინანიებს, მე კი - არა”.

ხედავთ მის სულიერებას? მან არათუ მოყვასი არ განიკითხა, არამედ მასზე უარესადაც აღიარა თავი. ჩვენ კი, უკეთურნი, კიდეც განვიკითხავთ და კიდეც შეურაცხვყოფთ ჩვენს ძმას. უმნიშვნელო რამეს თუ შევნიშნავთ ან შევიტყობთ მის შესახებ, სასწრაფოდ დასკვნა გამოგვაქვს...

ამაზე უარესადაც ვიქცევით ხოლმე, როცა საკუთარი სულის გარდა სხვისასაც ვაზიანებთ. მაგალითად, რომელიმე ძმას თუ შევხვდებით, სასწრაფოდ მივახლით, ამა და ამ ძმამ ესა და ეს ჩაიდინა და სცოდაო და, ამგვარად, მასაც ვვნებთ, რადგან მის გულში ცოდვა შეგვაქვს და საკუთარ სულსაც. ჩვენ არ ვძრწით მის წინაშე, ვინც თქვა:“ვაი მას, ვინც თავის თვისტომს ასმევს თავისი რისხვის თასს და ათრობს, რომ მათ სიშიშვლეს უყუროს!” (ამბაკ. 2:15). ამგვარად, ეშმაკის საქმეებს აღვასრულებთ, რადგან ბოროტს სწორედ ის მოსწონს, თუკი კაცი სხვასაც უბიძგებს ცოდვისაკენ და სხვასაც აშფოთებს. ასე ვიქცევით ხოლმე ეშმაკთა თანაშემწეებად და საკუთარი სულისა და მოყვასის დამღუპველებად. ასე რომ, ვინც სხვის სულს დაღუპვისაკენ უბიძგებს, ეშმაკის მსახურია, ხოლო ვინც სხვის სულს შეეწევა - ანგელოზთა შემწე.

მაშ, რატომ ვცვივდებით ამ უბედურებაში? მაინც, საიდან მოდის ამდენი ბოროტება? იქიდან ხომ არა, რომ ჩვენში არ არის სიყვარული?! მოყვასის სიყვარული და მასზე გულისტკივილი დაგვანახებდა, რომ“სიყვარული სხვისთვის ბოროტს არ განიზრახავს” (I კორ. 13.5), რადგან“ცოდვათა სიმრავლეს სიყვარული ფარავს” (I პეტრ. 4.8).

ჭეშმარიტად, სიყვარული რომ გვქონოდა, ის ჩვენს მრავალ ცოდვას გადაფარავდა. ნუთუ წმინდანები ვერ ამჩნევენ სხვის ცოდვებს?! ნუთუ მათ არ სძულთ ცოდვა?! მათაც სძულთ ცოდვა, მაგრამ მათ არ სძულთ ცოდვილი! მეტიც, ისინი ცოდვილებთან ერთად იტანჯებიან! წუხან მათთვის, არიგებენ, ანუგეშებენ. წმიდა მამები სიყვარულით ექცევიან ცოდვილებს, როგორც დასნეულებულ და დაუძლურებულ სხეულის ნაწილს, კურნავენ მათ და ყოველ ღონეს მიმართავენ მათ გადასარჩენად. წმიდანები იმ მეთევზეებს ემსგავსებიან, რომლებიც თევზის დასაჭერად ზღვაში აგდებენ ბადეს. თევზი ბადეს რომ მოჰყვება, კრთის და ფართხალებს, მაგრამ მებადურები ერთბაშად კი არ მოზიდავენ თავისკენ (რათა თოკები არ დაწყდეს და სრულებით არ გაექცეთ თევზი), არამედ იმდენზე მიუშვებენ ბადეს, რომ თევზმა სურვილისამებრ იმოძრაოს, დაიღალოს და დაცხრეს. მებადურები მხოლოდ ამის შემდეგ ეწევიან ბადეს თავისკენ. მსგავსადვე, წმიდანებიც სიყვარულით, სულგრძელებითა და მოთმინებით იახლოვებენ ცოდვილებს და განსაკუთრებით ზრუნავენ მათზე ისე, როგორც დედა ზრუნავს ხეიბარ შვილზე. მშობელს ხომ არ სძულს უძლური შვილი?! ხომ არ ეზიზღება?! პირქით, სიყვარულით უფრო მეტადაც ანებივრებს და ყველაფერს აკეთებს, რათა ანუგეშოს. წმიდა მამებიც მსგავსადვე და უფრო მეტადაც ზრუნავენ ცოდვილთათვის, რათა თავად ისინიც განკურნონ და გამოასწორონ და სხვებსაც არაფერი ევნოთ მათგან, ამასთან, თავადაც უმეტესად წარმატებიან ქრისტეს სიყვარულში.

იცით როგორ მოიქცა წმიდა ამონი, როდესაც მასთან მისულმა ძმებმა ერთი ბერის შესახებ აუწყეს, მოდი და თავად ნახე, სენაკში მას დედაკაცი ჰყავსო? იხილეთ მისი სიყვარული! იხილეთ მისი მიმტევებლობა! წმიდა მამამ გულისხმაყო, რომ ძმას დედაკაცი ქვევრში ჰყავდა დამალული, სწორედ იმ ქვევრზე ჩამოჯდა და ამბის მიმტანებს სენაკის გაჩხრეკა დაავალა. ცხადია, მათ ვერავინ იპოვეს. მაშინ უთხრა ამონმა ენის მიმტანებს:“ღმერთმა შეგინდოთ!” - და ამგვარად შეარცხვინა ისინი, რათა შემდგომში ასე იოლად აღარ დაეჯერებინათ ძმის ცოდვილობა. ამგვარი ქმედებით წმიდა მამამ იმ ძმებსაც არგო და თავად ცოდვილსაც. მან კი არ დაიცვა ცოდვილი, არამედ ძმების წინაშე არ ამხილა, მათი წასვლის შემდგომ კი ასე მიმართა:“იზრუნე, ძმაო, შენი სულისთვის”, და ღვთის ამგვარმა კაცთმოყვარებამ მეყსეულად დაამდაბლა ცოდვილი ძმის გული.

ამგვარად, ძმანო, ჩვენც შევიძინოთ სიყვარული და შემწყნარებლობა მოყვასის მიმართ, განვიშოროთ ბოროტი გულისთქმები (ძვირისხსენება), მოვიძულოთ განკითხვა და უარი ვთქვათ მოყვასის შეურცხყოფაზე და სიძულვილზე, დავეხმაროთ ერთმანეთს, როგორც ერთი სხეულის ასოები. განა ვინ იქნება ისეთი, რომ ხელი სტკიოდეს, ან ფეხი, ან სხეულის რომელიმე სხვა ნაწილი და მოიძულოს ისინი?! განა მოიკვეთს მათ იმის გამო, რომ დაუჩირქდნენ და დაუწყლულდნენ?! ვფიქრობ (და ამასვე ამბობს მამა ზოსიმეც), ასეთი კაცი უმალ მათ გასუფთავებას დაიწყებს, საჩქაროდ მალამოს დაიდებს, იარას შეიხვევს, ნაკურთხ წყალს ისხურებს და წმიდანებსაც შეევედრება ილოცონ მისთვის. მართლაც, არავინ მოიძულებს საკუთარ სხეულს წყლულების გამო, არც მათი სიმყრალის გამო შეიზიზღებს მას, არამედ ყოველმხრივ შეეცდება მის განკურნებას.

ასევე ჩვენც უნდა თანავუგრძნოთ ერთმანეთს, რათა საკუთარ თავსაც შევეწიოთ და მოყვასსაც, რადგან, როგორც მოციქული გვასწავლის,“ყველანი ერთი სხეული ვართ და ერთმანეთის ასოები” (რომ. 12.5) და“თუ ერთი ასო იტანჯება, მასთან ერთად იტანჯება ყველა” (I კორ. 12.26). ან, როგორ ფიქრობთ, განა მონასტერში ერთი სხეულის ასოები არ არიან?! ის, ვინც ზრუნავს და პატრონობს მონასტერს - თავია, ვინც ამჩნევს და აწესრიგებს ყოველგვარ სიგლახეს - თვალი, ვინც სიტყვით ზრუნავს - პირი, ვინც სმენით - ყური, ვინც ქმნის რაღაცას - ხელი, ვინც მსახურებს სხვას - ფეხი...

და თუ თავი ხარ - იზრუნე, თუ თვალი - იფრთხილე, თუ პირი - სასარგებლო რამ თქვი, თუ ყური - ისმინე! თუკი ხელი ხარ - იქმოდე, თუ ფეხი - ემსახურე... თითოეულმა შესაძლებლობებისამებრ ისწრაფეთ, რომ ან სიტყვით არგოთ ერთმანეთს, ან საქმით, ან კიდევ - რითაც შეძლებთ. ასე რომ, თქვენი ძალისამებრ ეცადეთ სიყვარულით მიეახლოთ ერთმანეთს, რამეთუ რამდენადაც ძმას უახლოვდება ძმა, იმდენადვე უახლოვდება იგი ღმერთს.

და რომ უკეთ ჩასწვდეთ ზემოთქმულს, მამათა მიერ გამოთქმულ ერთ შედარებას გავიხსენებ: თვალით დასანახად წრე მოხაზეთ: ცენტრში წერტილი მონიშნეთ, ცენტრიდან სწორი ხაზებით კი წრემდე რადიუსები გაავლეთ. წრის ცენტრი ღმერთია, ცენტრის გარშემო შემოვლებული წრე - წუთისოფელი, ხოლო ცენტრისა და წრის შემაერთებელი რადისუები - სათნოებები. და რამდენადაც სათნოებების გზით ღვთისკენ ისწრაფვიან წმიდანები, იმდენადვე უახლოვდებიან ისინი ერთმანეთს და რამდენადაც უახლოვდებიან ერთმანეთს, იმდენადვე უახლოვდებიან ისინი ღმერთსაც (ანუ ერთსა და იმავე დროს უახლოვდებიან ღმერთსაც და ერთმანეთს). იგივე უნდა ვთქვათ ღვთისა და მოყვასის სიშორეზეც: რამდენადაც ღმერთს შორდებიან ადამიანები, იმდენადვე შორდებიან ისინი ერთმანეთს, და რამდენადაც ერთმანეთს შორდებიან ისინი, იმდენადვე შორდებიან ისინი ღმერთს.

აი, ასეთია არსი სიყვარულისა: თუ ღმერთს შევიყვარებთ, მოყვასსაც შევიყვარებთ და თუ დავშორდებით ღმერთს, შესაბამისად, დავშორდებით ერთმანეთს; და რაც უფრო მეტად შევიყვარებთ ერთმნეთს, მით მეტად მივუახლოვდებით ღმერთს; და რაც უფრო შორს ვიქნებით მოყვასის სიყვარულისგან, მით მეტად შორს ვიქნებით ღვთის სიყვარულისგანაც!

დაე, უფალმა მოგვმადლოს უნარი ავირჩიოთ უმჯობესი და აღვასრულოთ ის, რამეთუ რაც უფრო მეტად მოვისურვებთ უმჯობესს, მით უფრო მეტად შეგვეწევა და გაგვიცხადებს თავის ნებას უფალი. დიდება და პატივი მას უკუნითი უკუნისამდე, ამინ.


წინა თავი შემდეგი თავი