მთავარი გვერდი - ბიბლიოთეკა - წმიდა მამები მრისხანების შესახებ

წმიდა მამები მრისხანების შესახებ
ცოდვათა განმარტებანი

შესავალი

წმიდა მამები ერთსულოვნად აღნიშნავენ, რომ ისე სხვა არაფერი განგვაშორებს სულიწმიდას, როგორც მრისხანება. ასე რომ, არ უნდა დავიმშვიდოთ თავი იმით, რომ ჩვენ ნაკლებად ვმრისხანებთ, ვიდრე სხვები, მითუმეტეს, რომ ყოველთვის შეიძლება მოვძებნოთ ადამიანი, რომელიც ჩვენზე უარესად აკეთებს რაიმეს. ადამიანი თავს იმით ინუგეშებს, რომ, ფიცხი ხასიათის მიუხედავად, მალევე მშვიდდება. ამის შესახებ ღირსი იოანე სინელი აღნიშნავს, რომ მრისხანების სულის ეშმაკები მიზანმიმართულად იქცევიან ისე, რომ ადამიანმა არაფერი იღონოს ამ ცოდვისგან გასათავისუფლებლად. მრისხანება არა მარტო განაგდებს ჩვენგან სულიწმიდას, არამედ გონებასაც აბნელებს. თუ ჩვენ გვსურს ვიაროთ ქრისტეს გზით და მოვიხვეჭოთ სულიწმიდის მადლი, რომელიც მარადიულად გვანუგეშებს და გვახარებს - თავი უნდა შევიკავოთ ყოველგვარი მრისხანებისაგან, იქნება ეს სამართლიანი თუ უსამართლო. განრისხების სამართლიანი მიზეზიც რომ გვქონდეს, მრისხანება მაინც არ არის გამართლებული, რადგან ბოროტება ბოროტებით კი არ იკურნება არამედ მხოლოდ სიყვარულით.

მრისხანებისაგან ზიანდება სულიცა და ხორციც. ამ ვნებასთან საბრძოლველად საჭიროა ხანგრძლივი დრო, დიდი ნებისყოფა და დაუღალავი შრომა. წმიდა მამები გვასწავლიან, რომ მრისხანებისაგან განკურნება შესაძლებელია არა იმით, რომ ჩვენ არავინ შეგვაწუხოს და შეურაცხგვყოს, არამედ იმით, რომ ყოველგვარი საყვედური და შეურაცხყოფა სიმდაბლით მივიღოთ.


შემდეგი თავი