მთავარი გვერდი - ბიბლიოთეკა - წმიდა მამები მრისხანების შესახებ

წმიდა მამები მრისხანების შესახებ
ცოდვათა განმარტებანი

წმიდა იოანე ოქროპირი

მართლაც, ეშმაკეულზე ნაკლებად როდი მძვინვარებს მრისხანე! შეხედე, როგორ შედის მრისხანების დემონი ადამიანში, ეშმაკეულივით ჭკუიდან გადაჰყავს და ვითარების საწინააღმდეგოდ აქეზებს: ისინი ვერაფერს ხედავენ საღად და ისე იქცევიან, თითქოს მსჯელობის უნარი ჰქონდეთ დაკარგული. ამგვარად, მრისხნებით გაცეცხლებულნი არაფრად აგდებენ გვერდით მყოფებს, ივიწყებენ ნათესაობას, მეგობრობას, ზრდილობას, ღირსებას, ანგარიშს არ უწევენ არავის და მრისხანებით შეპყრობილნი, უფსკრულში ცვივიან. უფრო დიდი საშინელება რაღა შეიძლება იყოს, როცა ამ ვნებას დამონებულნი და დამარცხებულნი ხშირად მკვლელობამდეც მიდიან?! სწორედ ამიტომ სურს ნეტარ პავლეს ამ ბოროტების ამოძირკვა და წერს: „ყოველი სამწარე და რისხვაჲ და გულის წყრომაჲ და ღაღადებაჲ და გმობაჲ მოისპენ თქუენ შორის ყოვლითურთ უკეთურებით“ (ეფ. 4: 31). არა მარტო ის არ მსურს, რომ მრისხანებდეთ და მძვინვარებდეთ, არამედ ისიც, რომ ხმამაღალი სიტყვითაც არ მიმართოთ სხვას, – ამბობს მოციქული, – და აქ მრისხანებით გამოწვეულ ყვირილს გულისხმობს, მაგრამ როდესაც სულში ვნებაა და გულში – ქედმაღლობა, მაშინ ენასაც აღარ ძალუძს სიტყვების ხმადაბლა წარმოთქმა, არამედ შინაგან სულიერ მდგომარეობას ავლენს და ამიტომაც უყვირის მოყვასს. ამგვარად, სურს რა ნეტარხსენებულ მოციქულს, რომ მისი მსმენელნი მუდმივ სიმშვიდეში ცხოვრობდნენ და ბოროტება სრულიად ამოიძირკვოს, შეგვაგონებს: „მრისხანება ანუ ყოველი გულისტკივილი, რა მიზეზითაც არ უნდა იყოს წარმოშობილი, გააფთრება და ყვირილი, განაგდეთ თქვენგან“.

ხოლო ვინც ამგვარ მშვიდ მდგომარეობაში იმყოფება, ის ყოველთვის მყუდრო ნავსაყუდელშია და დაცულია ყოველგვარ ამქვეყნიურ ღელვათაგან, არ ეშინია ქარიშხლის, არც გემის დაღუპვის, აუღელვებლად განლევს ცხოვრებასა და მარადიული და ენითგამოუთქმელი სიკეთებისათვის განამზადებს საკუთარ თავს.

***

როდესაც შენს მტერს დაინახავ და გაგახსენდება რამდენი უსიამოვნების მოსმენა და მოთმენა მოგიწია, შეეცადე დაივიწყო ეს ყველაფერი. და თუ მაინც იფიქრებ მათ შესახებ, მაშინ ეშმაკის ნამოქმედარად მიიჩნიე ისინი, თავად კი ის გაიხსენე, რაც მას კარგი უთქვამს და გაუკეთებია შენთვის; და თუ ამ მოგონებებზე შეაჩერებ შენს ყურადღებას, მალევე შეწყვეტ მასთან მტრობას, მაგრამ თუ მაინც მხილებას განიზრახავ ან მისთვის ანგარიშის გასწორებას, ჯერ ვნებები და მრისხანება დაიცხრე და შემდეგ ამხილე: ამგვარად ადვილად შეძლებ გაიმარჯვო მასზე. მრისხანებისას არ შეგვიძლია ვთქვათ ან მოვისმინოთ რაიმე სასარგებლო, ხოლო ამ ვნებისგან გათავისუფლებულნი არც თავად ვიტყვით საწყენ სიტყვას და არც სხვების ნათქვამს მოვისმენთ ამგვარად, რადგან, ჩვეულებრივ, ვღიზიანებდით არა იმდენად სიტყვების, არამედ – იმის გამო, რომ წინასწარ ვიყავით მტრულად განწყობილნი. ხშირად, როდესაც იმავე შეურაცხმყოფელი სიტყვებით კარგ გუნებაზე მყოფთ გვეხუმრებიან მეგობრები ან პატარები – არათუ არ ვგრძნობთ რაიმე უსიამოვნებას და ვბრაზდებით, არამედ ვიღიმებით და ვიცინით კიდეც. ეს იმიტომ, რომ მშვიდად ვართ და არ ვუსმენთ მრისხანების სულით, ასე რომ, თუ მტრების მიმართაც დაიცხრობ მრისხანებას, ვერანაირი სიტყვა ვერ შეძლებს შენს განაწყენებას.

***

იფიქრე, რომ მრისხანება მხეცია, და როგორც ლომებს წვრთნის ზოგიერთი, ასევე შეეცადე, რომ საკუთარ თავზე იმუშავო და დაამშვიდო და მოათვინიერო შენი თავგასული გონება, რადგან მრისხანებას ისეთი საშინელი კბილები და ბრჭყალები აქვს, რომ, თუ არ დააოკებ, ყველაფერს გაანადგურებს. თვით ლომი და იქედნეც კი ისე არ გლეჯენ შიგნეულობას, როგორც მრისხანება ანადგურებს მათ რკინის კლანჭებით. ის არა მარტო ვნებს სხეულს, არამედ მის სულიერ აშლილობას იწვევს, ჭამს, ფლეთს, სულიერ ძალებს აცლის და არაფრის მაქნისად აქცევს. როცა შიგნიდან ჩნდება ჭიები, სუნთქვა ძნელდება, რადგან ისინი შიგნეულობას მთლიანად ჭამენ. მაშ, როგორღა შევძლებთ რაიმე სასიკეთოს წამოწყებას, თუ ასეთ გველს ჩვენ შიგნით დავაბუდებთ (ვგულისხმობ მრისხანებას) - რომელიც ჩვენს შიგნეულობას ანადგურებს? როგორ განვიკურნოთ ამ წყლულისაგან? განვიკურნებით, თუ იმგვარ რამეს დავლევთ, რომელსაც შეუძლია შიგნით მყოფი ჭიებისა და გველების დახოცვა! მაგრამ რომელ სასმელს აქვს ასეთი ძალაო, იკითხავ. ქრისტეს პატიოსან სისხლს, თუ ის სასოებით იქნება მიღებული. მას შეუძლია განკურნოს ყველა სნეულება, შემდეგ – საღვთო წერილის მოსმენასა და მოწყალების გაღებას. ამგვარად შევძლებთ ვნებების მოკვდინებას, რომლებიც ჩვენს სულს ასუსტებენ. ასეთ შემთხვევაში – ვიცხოვრებთ, ახლა კი არაფრით ვართ მკვდრებზე უკეთესნი.

***

საყვარელო, არაფერია მრისხანებასა და უადგილო გაღიზიანებაზე უარესი. მრისხანებას არ უყვარს გადადება, იგი ბობოქარი ვნებაა. ხშირად მრისხანებაში მყოფი ისეთ სიტყვას იტყვის, რომ მთელი ცხოვრებაა საჭირო მის გამოსასყიდად; ან ისეთ საქმეს ჩაიდენს, რომელიც მთელ ცხოვრებას დაუნგრევს. საშინელებაა: მოკლე დროში, ერთი საქციელი, ხშირად ერთი სიტყვაც კი მარადიულ სიკეთეებს გვაკარგვინებს და უსარგებლოდ აქცევს ჩვენს მრავალ შრომას. ამიტომ, გევედრებით, ყველა ღონე იხმარეთ, რომ მოათვინიეროთ ეს მხეცი.

***

სულიწმინდა არ მკვიდრობს იქ, სადაც მრისხანებაა. მრისხანე წყევლის ქვეშ იმყოფება. შეუძლებელია რაიმე საღი აზრი არსებობდეს იქ, საიდანაც მრისხანება მომდინარეობს. როგორც ზღვაზე არავის სცალია ფიქრისთვის ძლიერი ქარიშხალის დროს დაბნეულობისა და ყვირილის გამო, ასევეა მრისხანებისას. თუ ადამიანს სურს თქვას ან შეიმეცნოს რაიმე სასარგებლო, ამისთვის თავად უნდა იმყოფებოდეს მშვიდ ნავთსაყუდელში. შენიშნავდი, რომ როდესაც რაიმე მნიშვნელოვანის შესახებ გვსურს ვიფიქროთ, ხმაურისგან დაშორებულ, მშვიდ და ჩუმ ადგილს ვირჩევთ, რათა ხელი არ შეგვეშალოს; და თუ გარეშე ხმაური ასე გვიშლის ხელს, მით უფრო შეგვიშლის ხელს შინაგანი ფორიაქი. ხოლო თუ ვინმე ილოცებს კიდეც ამ დროს, განრისხებული და გაღიზიანებული, ამაო იქნება მისი ლოცვა, და თუ ისაუბრებს – სასაცილო, დუმილი – იგივე, საკვებს თუ მიიღებს – მაშინაც თავს ავნებს; ასე რომ, დალევს თუ არ დალევს, იჯდება თუ იდგება, ივლის თუ ეძინება, ყველგან იგივე ელის. და რა აღარ აქვთ ასეთ ადამიანებს არეული? თვალები – ამაზრზენი, პირი – მოღრეცილი, მთელი სხეული – დაძაბული და აკანკალებული, ენა – დაუოკებელი და არავის ინდობს; გონება – შეშლილი, სამოსი – სამარცხვინო მდგომარეობაში; ყველაფერში დიდი უწესრიგობაა! დააკვირდი ეშმაკეულის, მთვრალისა და მრისხანებით გამძვინვარებულის თვალებს: რით განსხვავდებიან ისინი ერთმანეთისაგან? ყველგან უმსგავსობაა! მაგრამ ეს ხომ დროებითია? მართალია, გამძვინვარებული დროებით არის მრისხანებით შეპყრობილი, მაგრამ ამაზე უარესი რაღა შეიძლება იყოს? არც კი რცხვენიათ და თავს იმართლებენ: გაუაზრებლად ვთქვიო. და რატომ არ გაიაზრე, მოაზროვნე არსებავ, რომელსაც გონება გაქვს? რატომ იქცევი უგუნური ცხოველის, მაგალითად, მრისხანებითა და მძვინვარებით შეპყრობილი ველური ცხენის მსგავსად? შენი თავის მართლება დასაგმობია. სასურველია იცოდე რას ამბობ. იტყვი – ეს მრისხანების სიტყვებია და არა ჩემიო. როგორ – მრისხანების? მრისხანებას ძალა არა აქვს, თუ შენგან არ მიიღებს მას. ეს იგივეა თქვა, რომ ჭრილობები ჩემი ხელისაა და არა ჩემიო.

სად არის ყველაზე მეტად საჭირო მრისხანება თუ არა ომისა და ბრძოლის დროს?! მაგრამ მრისხანებით იქაც ყველაფერი გაფუჭდება და დაიღუპება. განსაკუთრებით მეომარი არ უნდა მრისხანებდეს, არ უნდა ღიზიანდებოდეს ის, ვინც უტევს; მაგრამ იტყვი, სხვანაირად როგორ უნდა იომოო? – გონივრულად, მშვიდად. ბრძოლა მხარეთა ერთიმეორის წინააღმდეგ დგომაა. ნუთუ ვერ ხედავ, რომ ომებიც კი გარკვეულ წესებს, წესრიგსა და ჟამს ექვემდებარებიან? მრისხანება უგუნური სიბრაზეა, უგუნურს კი არ ძალუძს რაიმე გონივრულის გაკეთება.

***

მრისხანება ცეცხლია, ძლიერი ალია, რომელიც საწვავს ითხოვს. ნუ შეუკეთებ ცეცხლს და მალევე აღკვეთ ბოროტებას. მრისხანებას, თუ სხვა არ აძლიერებს, თავისთავად, ძალა არ აქვს, ამიტომ თავს ვერ გაიმართლებ. გამძვინვარებული შეპყრობილია და არ იცის რას სჩადის, მაგრამ თუ მისი დამნახავი იმავე მდგომარეობაში ვარდები, თუ მისი მაგალითით არ ბრძენდები, ნუთუ მიიღებ პატიებას? თუ ვინმე წვეულებაზე უმსგავსო მდგომარებაში მყოფ მთვრალს დაინახავს და ამის შემდეგ თვითონაც იმავე მდგომარეობაში აღმოჩნდება – განა უფრო მეტად უპატიებელი არ იქნება მისთვის, რომ ნანახით არ გამოფხიზლდა? ასეა აქაც. ნუ ვიფიქრებთ, რომ შევძლებთ თავის გამართლებას, თუ ვიტყვით, რომ ჩვენ არ ვართ წამომწყებნი. ეს სიტყვები ისევ ჩვენ გვამტყუნებს, რადგან დავინახეთ და არ გავითვალისწინეთ. ეს იმას ჰგავს, ვინმემ რომ თქვას პირველს არ მომიკლავსო. სწორედ იმიტომ ხარ დასჯის ღირსი, რომ მაგალითი წინ გქონდა და თავი არ შეიკავე.

რომ გენახა, თუ როგორ არწყევს მთვრალი, როგორ წვალობს და იტანჯება, როგორ გადმოკარკლავს თვალებს და უწმინდურობით აღავსებს მაგიდას, როგორ გაურბის ყველა და ამის შემდეგ მაინც მის მსგავს მდგომარეობაში თუ აღმოჩნდები, ნუთუ უმეტესად ამაზრზენი არ იქნები? ასე იქცევა ის, ვინც მრისხანებს. იგი უფრო მეტადაც კი ჭიმავს ძარღვებს, ვიდრე მთვრალი, რომელიც არწყევს, თვალებსაც მეტად აბრიალებს, შინაგანად იტანჯება, სიტყვებსაც გაუაზრებლად აფრქვევს – იმ ამოღებულ საკვებზე ბევრად საძაგელსა და მოუნელებელს, დაუფიქრებლად გამოთქვამს ყველაფერს და სასარგებლოს არ ამბობს არაფერს, რადგან მრისხანება უშლის ხელს. და როგორც ვერმონელებულის ამოღება აღიზიანებს და ასუსტებს კუჭს, ასევე უზომო სიფიცხე აღაშფოთებს სულს და არ ძლევს საშუალებას არ გამოააშკარავოს ის, რის შესახებაც დუმილი სჯობს. მრისხანე, შეიძლება თუ არ შეიძლება, არად დაგიდევს – ამბობს ყველაფერს და ამით არა სხვებს, არამედ საკუთარ თავს არცხვენს. ამიტომ მრისხანებაში მყოფთ ისევე გავურბივართ, როგორც იმათ, ვინც არწყევს; და რას ვაკეთებთ შემდეგ? ნაცარს ვაყრით ნარწყევს და მათ შესაჭმელად ძაღლებს ვუხმობთ. ვიცი, რომ ზიზღით ისმენთ ამ ყოველივეს, მაგრამ მსურს, რომ იგივე გრძნობა გაგიჩნდეთ, როცა მრისხანებაში მყოფს ხედავთ. მრისხანე არაფრით არის იმ ძაღლზე უკეთესი, რომელიც საკუთარ ნარწყევს უბრუნდება (იხ. 2 პეტრ. 2: 22). მას რომ ერთგზის რწყევის შემდეგ აღარ გაემეორებინა იგივე, არ დაემსგავსებოდა იმ ძაღლს, მაგრამ თუ კვლავ არწყევს, ცხადია, რომ მიუბრუნდა და შეჭამა ნარწყევი. და რა შეიძლება იყოს ამაზე უფრო დიდი სიბილწე? რა შეიძლება იყოს იმ პირზე უფრო უწმინდური, რომელიც ასეთ საკვებს იღებს? ამასთან, პირველს ბუნება განაპირობებს და უკანასკნელს კი –არა, ან, უმჯობესია ვთქვათ, რომ ერთიცა და მეორეც საზიზღარია ბუნებისთვის. რატომ? იმიტომ, რომ უმიზეზო რისხვა (მათ. 5: 22) უჩვეულო და საძაგელია ბუნებისათვის, ამიტომაც არის, რომ მრისხანე ადამიანურად კი არ იქცევა, არამედ მხეცივით ან ეშმაკეულივით. და როგორც ხორციელი სნეულება უპირისპირდება ბუნებას, ასევე უპირისპირდება მას მრისხანება, რაც იქიდანაც ჩანს, რომ თუ დიდხანს დარჩება ვინმე მრისხანებაში, დაიღუპება, ხოლო ეს რომ მისი ბუნებრივი მდგომარეობა ყოფილიყო, არ დაიღუპებოდა. სუფრასთან იმის გვერდით ჯდომა მირჩევნია, ვინც სიბინძურეს ჭამს, ვიდრე ადამიანთან, რომელიც ბილწ სიტყვებს ამბობს. გინახავთ როგორ ნთქავენ ღორები ნეხვს? ასევე არიან ესენი. რა არის მრისხანის სიტყვებზე უფრო სამარცხვინო და დასაძრახი! თითქოს განგებ ცდილობენ, რომ საღი და სასიკეთო კი არ თქვან რამე, არამედ – სამარცხვინო და უმსგავსოდაც მოქმედებენ, და რაც ყველაზე უარესია, ფიქრობენ, რომ ამით სხვებს შეურაცხყოფენ, სინამდვილეში კი მხოლოდ თავს ირცხვენენ, ხოლო ეს რომ ასეა, ზემოთქმულიდანაც კარგად ჩანს.

***

როდესაც შინამოსამსახურე ლამპარს ანთებს, ან მზარეული აჩაღებს ცეცხლს, მათ მკაცრად ჩააგონებენ, რომ ეს არ გააკეთონ ქარში, ან ხის ნივთების შორიახლო და სიბნელეში, ხოლო როცა ღამდება, ცეცხლს ვაქრობთ, რადგან ვშიშობთ, რომ ჩვენი ძილისას, როცა ვერავინ მიაქცევს მას ყურადღებას, არ აალდეს და არ დაწვას ყოველივე.

მსგავსად უნდა მოვექცეთ მრისხანებასაც: ნუ იქნება ის ყველა ჩვენი ფიქრის თანამდევი, არამედ გულის სიღრმეში დავიმარხოთ, რათა არ გაღვივდეს მოწინააღმდეგის სიტყვების ქარით, და მხოლოდ ჩვენ შეგვეძლოს მისი ანთება, ოღონდ უნდა ვისწავლოთ მისი ზომიერად და უსაფრთხოდ გამოყენება; როდესაც ის გარედან ღვივდება, ვერ გაუფრთხილდები და ირგვლივ ყველაფერი შეიძლება გადაწვას. შეუძლება მაშინ აალდეს, როცა გვძინავს და ისევ, ყველაფერი შეიძლება გადაიბუგოს, ამიტომ მხოლოდ იმდენად უნდა გავაღვივოთ ის ჩვენში, რომ მხოლოდ გაანათოს. მოგეხსენებათ, მრისხანებაც გამოსცემს რაღაც სინათლეს, როდესაც საჭირო დროს ვლინდება, –- გამოვიყენოთ ეს სინათლე ეშმაკისა და იმათ წინააღმდეგ, ვინც სხვებს ჩაგრავს. დაე, ყველგან და ყოველთვის ნუ მიმოიბნევა მისი ნაპერწკალი, არამედ ვიქონიოთ ის ნაცარში შენახული ნაღვერდალივით ანუ მდაბალი აზრებით შევაკავოთ ის, რადგან ყოველთვის როდია საჭირო, არამედ – მხოლოდ მაშინ, როდესაც აუცილებელია რაიმეს გამოსწორება და დაცხრობა ან სიჯიუტის დაძლევა და ვინმეს გონს მოყვანა.


წინა თავი შემდეგი თავი