მთავარი გვერდი - ბიბლიოთეკა - წმიდა მამები მრისხანების შესახებ

წმიდა მამები მრისხანების შესახებ
ცოდვათა განმარტებანი

ღირსი ბერი პაისი ათონელი

მივმართოთ მრისხანება ვნებების წინააღმდეგ

– გერონდა, მსურს გავთავისუფლდე მრისხანებისაგან; ვხედავ, როგორი შეუფერებელია მრისხანება მონაზონისთვის.

– მრისხანება, უმწიკვლო მრისხანება – სულის ძალაა. თუ ბუნებით თვინიერ ადამიანს ეს თვისება სულიერ სრულყოფაში ეხმარება, მრისხანე ადამიანს, რომელსაც მრისხანება ხასიათში აქვს, მით უფრო მეტ სარგებელს მოუტანს ის, თუკი ვნებებისა და ეშმაკის წინააღმდეგ მიმართავს მას, მაგრამ თუ სწორად არ ისარგებლებს ამ ძალით, მაშინ მას ეშმაკი გამოიყენებს. თუ ბუნებით რბილი ხასიათის ადამიანი არ შეეცდება სიმამაცე მოიხვეჭოს, ვერ შეძლებს დიდი საქმეების აღსრულებას, მაგრამ თუ მრისხანე განიზრახავს დიდ საქმეებს და ბოროტების წინააღმდეგ მიმართავს თავის მრისხანებას, ჩათვალე, რომ საქმე გაკეთებულია. ამიტომ არის, რომ სულიერ ცხოვრებაში წარმატებას აღწევენ ის ადამიანები, რომლებშიც სიგიჟის ნაპერწკალია.

– ე. ი. გერონდა, საჭიროა, რომ ეშმაკზე ვმრისხანებდე და არა ჩემს დებზე.

– ხედავ, დასაწყისში ადამიანი სხვებზე მრისხანებს, შემდეგ, თუ საკუთარ თავზე იმუშავებს, ეშმაკს განურისხდება და ბოლოს, იქამდე მივა, რომ მხოლოდ მასში არსებული ძველი კაცისა და ვნებების წინააღმდეგ იქნება განრისხებული, ამიტომ ეცადე მხოლოდ ეშმაკსა და ვნებებს განურისხდე და არა – დებს.

– გერონდა, ჩემი მრისხანება და სიჯიუტე – ეს ბავშვური ვნებებია?

– არა, საყვარელო! გასაგებია, როდესაც პატარა ბრაზდება, ფეხებს აბაკუნებს და ყვირის: „არ მინდა, არ გავაკეთებ!“, მაგრამ ასაკის მატებასთან ერთად უნდა გათავისუფლდეს მისგან, რადგან მხოლოდ სიმარტივე და უშუალობა უნდა შერჩეს ბავშვური და არა – სიბრიყვე. ხედავ ზოგიერთნი სადამდე მიდიან! – მრისხანებისას თავს ურტყამენ კედელს; კიდევ კარგი, ღმერთმა ისე მოაწყო, რომ ადამიანებს მაგარი თავი აქვთ და არაფერი მოსდით! სხვები ტანისამოსს იხევენ ტანზე! ერთი კაცი იყო, მრისხანების გამო ყოველდღე პერანგს იხევდა თავზე და აქუცმაცებდა, რათა სხვებზე არ გადაეტანა მრისხანება.

– გამოდის, მრისხანება ჯავრის ამოყრაა?

– ასეა, მაგრამ განა უკეთესი არაა ჯავრი შენს ძველ კაცზე იყარო და არა სხვებზე?

რატომ ვმრისხანებთ

– მე მგონია, რომ კი არ ვმრისხანებ, არამედ, უბრალოდ, ვღიზიანდები.

– ეს როგორ? თუ ღიზიანდები, ყურადღება უნდა მიაქციო, მრისხანების ვნება ხომ არ არის შენში. ერთია, როცა გაღიზიანებული მკაცრად ამბობს რამეს, რადგან დაღლილია, ან რამე სტკივა, ან რაღაც პრობლემა აწუხებს და ა. შ. მაგრამ სხვამ შეიძლება მხოლოდ მისალმების დროს გიპასუხოს: „თავი დამანებე!“ – მიუხედავად იმისა, რომ ცუდი არაფერი ჰკადრეს და მხოლოდ „გამარჯობა“ უთხრეს. სულ სხვაა, თუ ადამიანი დაიღალა, რაღაც აწუხებს და ამიტომ რეაგირებს ასე, – ყველაზე დიდი მოთმინების მქონე ვირიც კი, როცა ზომაზე მეტად დატვირთავენ, ტლინკების სროლას იწყებს.

– როდესაც სიმშვიდე არ მაქვს, ნებისმიერი წვრილმანი მაღიზიანებს.

– თუ სიმშვიდე არ გაქვს, ე. ი. სულერ უძლურებაში ხარ და არც არის გასაკვირი, ასე რომ რეაგირებ. როცა ადამიანი სნეულია, ზოგჯერ საუბრის ხმაც აღიზიანებს. ასევეა, როდესაც სულიერად არის ცუდად – არ აქვს სიფხიზლე, მოთმინება, შემწყნარებლობა.

– გერონდა, რატომ ვმრისხანებ პატარა მიზეზზეც?

– მრისხანებ იმიტომ, რომ ყოველთვის სხვებს ადანაშაულებ. შენში მრისხანებას წარმოშობს ის, რომ სხვების შესახებ მარცხნიდან მოსულ აზრებს უსმენ. თუ იმ აზრებს მოუსმენ, რომლებიც მარჯვნიდან მოდიან, მაშინ ყურადღებას არ მიაქცევ იმას, თუ რატომ გითხრეს და როგორ გითხრეს, პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე აიღებ და არ განრისხდები.

– მაგრამ, გერონდა, მიჭირს დავიჯერო, რომ ყოველთვის მე ვარ დამნაშავე.

– ჩანს, შენში დაფარული ამპარტავნებაა. ყურადღებით იყავი, რადგან მრისხანებას მოაქვს თავის მართლება, ამპარტავნება, მოუთმენლობა, ქედმაღლობა.

– გერონდა, ასე ადვილად როტომ ღიზიანდებიან დღეს ადამიანები?

- ახლა ბუზებიც ღიზიანდებიან! ჯიუტად და დაჟინებით იქცევიან. ადრე ბუზს თუ გააგდებდი, გაფრინდებოდა, ახლა კი ჯიუტად ზის... თუმცა ისიც გასათვალისწინებელია, რომ დღეს მოღვაწეობის ისეთი ფორმები არსებობს, რომ არათუ სიმშვიდის მოპოვებაში არ გეხმარებიან, არამედ ბუნებით მშვიდიც შეუძლიათ ნერვული გახადონ.

– რატომ ხდება ასე, რომ ახლა, როდესაც მონასტერში ვცხოვრობ, არ ვმრისხანებ, ხოლო როდესაც ერში ვიყავი, ვმრისხანებდი?

– ხშირად გარეგნული მიზეზების გამო ადამიანი უკმაყოფილებას განიცდის და სიმშვიდეს კარგავს, რადგან რასაც აკეთებს არ აკმაყოფილებს და სხვა რამე სურს, მაგრამ ამგვარი გაღიზიანება მტვერივით ქრება, როგორც კი იმას პოულობს, რისკენაც მიისწრაფვის.

განრისხდებოდეთ და ნუ სცოდავთ (ფს. 4:5)

– გერონდა, გულისწყრომას ეგოიზმი წარმოშობს?

– ყოველთვის არა. არსებობს კიდევ სამართლიანი, წმინდა მრისხანება. წინაწსწარმეტყველ მოსეს ხელთ რჯულის ფიცრები ეკავა, რომლებზეც ათი მცნება ეწერა და როდესაც იხილა როგორ სწირავდა მისი ხალხი ოქროს კერპს მსხვერპლს, საღვთო მრისხანებით დაანარცხა ძირს და დაამსხვრია ფიცრები (იხ. გამოსვლ. 32: 1-24). სანამ მოსე სინას მთაზე ავიდოდა, სადაც მცნებები უნდა მიეღო, მან ისრაიტელებს დაუბარა თუ რა უნდა გაეკეთებინათ მის დაბრუნებამდე. ამასთანავე, ხალხმა თავადაც იხილა და მოისმინა ელვა და ქუხილი მთიდან, მაგრამ რადგან მოსე დიდხანს არ ბრუნდებოდა, მათ ღმერთის ძებნა დაიწყეს, წავიდნენ აარონთან და უთხრეს: „ჩვენ არ ვიცით მოსეს რა დაემართა, ახლა ვინ წაგვიყვანს? შექმენი ჩვენთვის ღმერთები, რომ მათ წაგვიყვანონ“. თავიდან აარონი არ თანხმდებოდა მათ, მაგრამ შემდეგ დანებდა. ხალხი მუშაობას შეუდგა. მოამზადეს ღუმელი, ჩაყარეს მთელი ოქრო, რომელიც მათ ეგვიპტელებს გამოართვეს ეგვიპტიდან გასვლის წინ და ოქროს ხბო ჩამოასხეს, შემდეგ მაღალ ქვაზე დადგეს იგი და დაიწყეს სმა და მხიარულობა. „ის წაგვიყვანს ჩვენ,“ – ამბობდნენ ისინი. მაშინ უთხრა ღმერთმა მოსეს: „საჩქაროდ დაბრუნდი, რადგან ჩემმა ხალხმა მიღალატა“. სინას მთიდან ჩამოსვლისას მოსეს ხმები შემოესმა. ისუ ნავეს ძემ, რომელიც მთის ძირას ელოდა, ჰკითხა: „რა ხმებია ეს, უცხო ტომის ხალხი შემოგვესია?“ „ეს არ არის საბრძოლო ყიჟინა, არამედ მხიარულობენ“, – უპასუხა მოსემ. ბანაკს რომ მიუახლოვდნენ, დაინახეს, რომ მხიარულობდა ხალხი, უხაროდათ, რომ ოქროს ხბო გაუძღვებოდა მათ აღთქმული ქვეყნისკენ. ხედავ, ხბო ოქროსი იყო!.. განრისხდა მოსე, დაანარცხა ძირს ფიცრები მცნებებით და დაამსხვრია.

სულიერი ადამიანი შეიძლება კიდეც გაბრაზდეს, განრისხდეს, დაიყვიროს, მაგრამ მხოლოდ მნიშვნელოვანი სულიერი მიზეზით. შინაგანად არანაირი ბოროტება არ აქვს და არც სხვას უკეთებს ბოროტებას. „განრისხდით, მაგრამ ნუ სცოდავთ,“ – განა ასე არ ამბობს წინასწარმეტყველი დავითი?

განვემზადე და არა შევძრწუნდი (ფს. 118: 60)

– გერონდა, როგორ დავძლიო მრისხანება?

– მთავარი ისაა, რომ მრისხანებამდე არ მივიყვანოთ საქმე. თუ ადუღებამდე ვერ მოასწრებ რძის ცეცხლიდან დროულად გადმოდგმას, სწრაფად ამოვა და დაიქცევა.

– და როგორ უნდა შევძლოთ, რომ მრისხანებამდე არ მივიდეთ?

– სიფხიზლეა საჭირო. ყურადღება მიაქციე საკუთარ თავს და შეაკავე შენი მრისხანება, რათა ვნებამ ფესვი არ გაიდგას შენში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ნაჯახითაც რომ მოინდომო მისი მოჭრა, ის მაინც მუდმივად ამოიყრის. გაიხსენე რას ამბობს წინასწარმეტყველი დავითი: „განვემზადე და არა შევძრწუნდი“ (ფს. 118,60). იცი, როგორ იქცეოდა ერთი ბერი? კელიიდან გამოსვლისას პირჯვარს იწერდა და ამბობდა: „უფალო, დამიცავი განსაცდელებისაგან“. ის მზად იყო განსაცდელებთან შესახვედრად. როგორც იტყვიან, სადარაჯოზე იდგა. ყურადღებით აკვირდებოდა, რომელი მხრიდან მოვიდოდა ცდუნება, რათა თავი დაეცვა მისგან. თუ რომელიმე ძმა ცუდად მოეპყრობოდა, ის მზად ხვდებოდა განსაცდელს და სიმდაბლითა და მორიდებით პასუხობდა. შენც ასე მოიქეცი.

– გერონდა, ზოგჯერ, როდესაც განსაცდელი მოდის, საკუთარ თავს ვეუბნები: „გავჩუმდები“, მაგრამ ბოლოს თავს ვერ ვიკავებ და პასუხს ვცემ.

– რას ნიშნავს „თავს ვერ ვიკავებ“? და თავშეუკავებელი მერე სად მიდის? დაიწვება, ხომ? როგორც ჩანს, თავმდაბლობა მცირედ არის შენში, ამიტომ გარკვეულ ზღვრამდე ითმენ და მეტს ვეღარ ითმენ. ცოტა მეტი სიმდაბლეა საჭირო. მანამდე, სანამ რამეს იტყვი, ორჯერ ან სამჯერ იესოს ლოცვა წარმოთქვი, რათა გონება გაგინათდეს. ერთი ქალი, როდესაც ბრაზდებოდა, რაიმეს თქმამდე ჯერ მრწამსს კითხულობდა. ხედავ, ერის ადამიანები არიან, მაგრამ როგორ მოღვაწეობენ!

– როგორ მოვიქცე, თუ ერთ-ერთი დის ქცევა არ მომწონს?

–კეთილად მოექეცი. შეეცადე სიყვარულით გაამართლო. ეს დაგეხმარება, რომ ბუნებრივი გზით ისწავლო სწორ სულიერ მდგომარეობაში ყოფნა და როდესაც მრისხანების ვნება გეწვევა, იხილავს სიყვარულით დაკავებულ შენს გულს, და რადგან თავისთვის ადგილს ვერ მონახავს, გაგეცლება.

მრისხანებას თავმდაბლობითა და მდუმარებით ვამარცხებთ

– გერონდა, როგორ შეუძლია ადამიანს გაიმარჯვოს მრისხანებაზე?

– მრისხანებას თავმდაბლობითა და მდუმარებით ვამარცხებთ. რატომ ვუწოდებთ გველს ბრძენს? იმის მიუხედავად, რომ ძლიერი იარაღი – შხამი – თან აქვს და შეუძლია გვავნოს, როგორც კი მცირე ხმაურს იგებს, მაშინვე იქაურობას ტოვებს. ჯიქურ კი არ მოიწევს ჩვენკენ, არამედ ადგილს უთმობს ჩვენს მრისხანებას. შენც ასე მოიქეცი – თუ ვინმე სიტყვიერად შეგეხება, არ უპასუხო. დუმილით განაიარაღებ მას. ერთხელ კატა დიკასი ჩემთან, კელიაში, ბაყაყის დაჭერას აპირებდა. ბაყაყი უმოძრაოდ იჯდა, დიკასმა თავი მიანება და წავიდა. ბაყაყმა თავისი უმოძრაობითა და სიჩუმით გაიმარჯვა მასზე, მაგრამ საკმარისი იყო ცოტათი მაინც ამოძრავებულიყო, რომ დიკასი მაშინვე დაიჭერდა და აქეთ–იქით თრევასა და მის ცემას შეუდგებოდა.

– როდესაც დასთან მაქვს უთანხმოება და ორივენი ჩვენ-ჩვენს აზრს ვიცავთ, გამოუვალ მდგომარეობაში ვცვივდებით და ბოლოს მე ვღიზიანდები.

– ერთ–ერთი უნდა დამდაბლდეს და მეორეს დაუთმოს, სხვანაირად არაფერი გამოვა. თუ ორ ადამიანს გრძელი ფიცრის კარებში შეტანა სურს, ერთ–ერთი მათგანი უნდა შევიდეს პირველი და მეორე – შეჰყვება, სხვანაირად ისინი ფიცარს ვერ შეიტანენ. როცა ორივე თავის აზრს იცავს და არ თმობს, ეს იგივეა, რომ ქვა ქვას ეხეთქება და აქეთ–იქით მხოლოდ ნაპერწკლები ცვივა. ფარასის მცხოვრებლები, როდესაც რომელიმე თავისას არ იშლიდა, ასე ამბობდნენ:“შენი თხა იყოს ბეკეკა და ჩემი – თიკანი“ და ამგვარად იცილებდნენ თავიდან დაპირისპირებას. ვინც თმობს, ყოველთვის იგებს, რადგან რაღაცას მაინც სწირავს მსხვერლად და ამას სიხარული და სიმშვიდე მოაქვს მისთვის.

– მაგრამ თუ ადამიანი მხოლოდ გარეგნულად თმობს და სულში შფოთი აქვს?

– ეს იმას ნიშნავს, რომ ჯერ კიდევ ძველი კაცი ცოცხლობს მასში და მას ებრძვის.

– მაგრამ, გერონდა, თუკი სწორად იქცევა, რატომ არ აქვს სულიერი სიმშვიდე?

– სიმშვიდე როგორ ექნება? იმისათვის, რომ ადამიანს სიმშვიდე ჰქონდეს, იგი შინაგანადაც უნდა იყოს სწორად ორიენტირებული. მაშინ მას ტოვებს მრისხანება, შფოთი, ადამიანში ღვთაებრივი სიმშვიდე დაივანებს. ეს ღვთაებრივი სიმშვიდე კი მრისხანების შვილებს გაანადგურებს, სულიერ ხედვას მიანიჭებს და ადამიანი სწორად დანახვას იწყებს. სწორედ ამიტომ ამბობს იესო ქრისტე „მშვიდობისმყოფელთა“ შესახებ, რომ ისინი „ღმრთის ძეებად იწოდებიან“ (მთ. 5. 9).


წინა თავი შემდეგი თავი