მთავარი გვერდი - ბიბლიოთეკა - წმიდა მამები მრისხანების შესახებ

წმიდა მამები მრისხანების შესახებ
ცოდვათა განმარტებანი

ღირსი ნილოს სორელი

თუ მრისხანების სული გაწუხებს, რომელიც ბოროტების დამახსოვრებას გაიძულებს და გამძვინვარებულს სამაგიეროს გადასახდელად გაქეზებს, უფალ იესო ქრისტეს მიერ ნათქვამი სიტყვები გაიხსენე: „ხოლო თუ არ მიუტევებთ (თქვენს ძმას), არც მამა თქვენი ზეციერი მოგიტევებთ თქვენს შეცოდებებს“ (მათ. 18: 35; მარკ. 11: 26). ასე რომ, ყველამ, ვისაც სურს მიეტეოს თავისი ცოდვები, მთელი გულით უნდა მიუტევოს თავის ძმას, ვინაიდან ცოდვათა მიტევება მხოლოდ ამგვარად შეგვიძლია ვითხოვოთ ღვთისგან „ვითარცა ჩვენ მიუტევებთ“ (მათ. 6: 12), და თუ ჩვენ არ მივუტევებთ, ცხადია, რომ არც ჩვენ მოგვეტევება. ასევე უნდა ვიცოდეთ – თუ ვფიქრობთ კიდეც, რომ რაიმე სიკეთეს ვაკეთებთ, მაგრამ მრისხანებისგან თავს ვერ ვიკავებთ – ეს სიკეთე არ შეიწირება ღვთის მიერ, რამეთუ წმიდა მამები ამბობენ: „მრისხანემ მკვდარიც რომ აღადგინოს, მისი ლოცვა არ იწირება“. ამ გამონათქვამით წმიდა მამებს იმის თქმა კი არ სურთ, რომ მრისხანეს მკვდრის აღდგინება ძალუძს, არამედ ის, თუ რამდენად საძაგელია მისი ლოცვა. ამიტომ არ უნდა ვმრისხანებდეთ, არ უნდა ვუმტროთ ძმას არა მარტო საქმითა და სიტყვით, არამედ – გამომეტყველებითაც კი, რამეთუ შესაძლებელია, რომ ერთი გამოხედვითაც მიაყენო ძმას შეურაცხყოფა, როგორც ამის შესახებაც ამბობენ მამები. საჭიროა მრისხანე გულისთქმებიც განვაგდოთ გულიდან – სწორედ ეს არის მთელი გულით მიტევება.

მრისხანების გულისთქმებზე უდიდესი გამარჯვებაა ის, რომ ილოცო ძმისთვის, რომელმაც შეურაცხგყო და როგორც აბბა დოროთე ბრძანებს, უნდა ვთქვათ: „აცხოვნე, უფალო, ჩემი ძმა და მისი ლოცვით შემიწყალე მე, ცოდვილი!“ ძმისათვის ლოცვა – ეს არის სიყვარული და მოწყალება, ხოლო შეწევნისათვის მისი ლოცვების მოხმობა – ეს არის სიმდაბლე. სიკეთე გაუკეთე მას შენი ძალისამებრ – ასე აღესრულება უფლის მცნებები, რომელიც გვამცნობს: „გიყვარდეთ თქვენი მტერნი; დალოცეთ თქვენი მაწყევარნი; კეთილი უყავით თქვენს მოძულეთ და ილოცეთ თქვენსავ მდევნელთა და შეურაცხმყოფელთათვის“ (მათ. 5:44). ასეთებს უმეტესი ჯილდო აღუთქვა უფალმა: არა მხოლოდ ცათა სასუფეველი, არა მხოლოდ ნუგეში და მადლი (როგორც სხვებს), არამედ შვილად მიღება: „რათა იყოთ შვილნი თქვენი ზეციერი მამისა“ (მათ. 5:45). თვით უფალმა ჩვენმა, იესო ქრისტემ, რომელმაც გვასწავლა ეს მცნება და ასეთი დიდი ჯილდო აღვითქვა, ის, რაც გვასწავლა, თავად აღასრულა და ამით მაგალითი მოგვცა ჩვენ; ჩვენი ძალებისამებრ მივბაძოთ მას. გავიხსენოთ, რამდენი ბოროტება დაითმინა მან ჩვენთვის – ცოდვილთათვის იდუდეველებისაგან? და არათუ განურისხდა, არამედ ლოცულობდა მათთვის მამის წინაშე და ამბობდა: „მამაო, მიუტევე ამათ, რადგანაც არ იციან, რას სჩადიან“ (ლუკ. 23:34). ყველა წმიდანმა ამავე გზაზე სვლით მიიღო მადლი, ისინი არათუ ბოროტებით არ პასუხობდნენ თავიანთ შეურაცხმყოფელებს, არამედ, პირიქით, სიკეთეს უყოფდნენ მათ, ლოცულობდნენ მათთვის, ფარავნდენ მათ ნაკლს, ხარობდნენ მათი გამოსწორებით და როდესაც, ჩადენილი ბოროტების გაცნობიერების შემდეგ, მოდიოდნენ მათთან, – სიყვარულითა და პატივისცემით იღებდნენ და განსწავლიდნენ მათ.


წინა თავი შემდეგი თავი