მთავარი გვერდი - ბიბლიოთეკა - წმიდა მამები მრისხანების შესახებ

წმიდა მამები მრისხანების შესახებ
ცოდვათა განმარტებანი

წმიდა დიმიტრი როსტოველი

ღმერთმა წინასწარგანსაზღვრულად შექმნა დედა ფუტკარი ნესტარის გარეშე, რამეთუ რომ ჰქონოდა იგი, ყველას მოაკვდინებდა. ეს საგულისხმოა ხემძღვანელთათვის: ხელმძღვანელს არ უნდა ახასიათებდეს ბრმა, უმიზეზო მრისხანება და მძვინვარება, რათა თავისი დაუნდობელი თავდასხმით არ მოაკვდინოს ყველა, ვინც მისი მორჩილების ქვეშ იმყოფება. მაშ, სიკეთით გაიმარჯვე ბოროტებაზე – და არა ბოროტებით, რამეთუ როგორც ცეცხლს ვერ ჩააქრობ ცეცხლით, არამედ – მხოლოდ წყლით, ასევე მრისხანებას ვერ დაამარცხებ მრისხანებით, არამედ – სიმდაბლითა და დიდი მოთმინებით.

არის კი ვინმე, ვინც რაიმე მიზეზით ან უმიზეზოდ მრისხანებს, და უქმნია სიკეთე? ნუთუ ვინმეს, ვინც არ არის მდაბალი, შემწყნარებელი და მომთმენი, გააჩნია სრულყოფილი სათნოება ან გაუმარჯვია ოდესმე? არავინ არის ასეთი! რადგან თვით მოციქულებიც რომ გაღიზიანებილიყვნენ და განრისხებულიყვნენ უმიზეზოდ, ვერავის დააყენებდნენ სულის ხსნის გზაზე, ვერავის წაიყვანდნენ ქრისტესკენ. მართალია, ზოგჯერ მკაცრნიც იყვნენ ცოდვილთა მიმართ, მაგრამ – არა განრისხანებულნი და გამძვინვარებულნი, არამედ კეთილგონიერებითა და დიდი მოთმინებით ლოცულობდნენ ღვთის წინაშე მათი გამოსწორებისათვის და განსწავლიდნენ მათ.


წინა თავი შემდეგი თავი