მთავარი გვერდი - ბიბლიოთეკა - წმიდა მამები მრისხანების შესახებ

წმიდა მამები მრისხანების შესახებ
ცოდვათა განმარტებანი

ღირსი ეფრემ ასური

ტრაბახი გარეულ ტახზე მონადირეს სასაკლაომდე მიიყვანს, ხოლო მრისხანება კაცს დაცემას უმზადებს.

თუ გსურს დასძლიო მრისხანება, შეიძინე თავმდაბლობა, სულგრძელება და იფიქრე იმის შესახებ, რამდენი ბოროტება გაუკეთეს იუდეველებმა ქრისტეს, მაგრამ ის, როგორც კაცთმოყვარე ღმერთი, კი არ მრისხანებდა, არამედ ლოცულობდა მათთვის: „მამაო, მიუტევე ამათ, რადგანაც არ იციან, რას სჩადიან“ (ლუკ. 23: 34).

უმჯობესია მახვილით სიკვდილს დასთანხმდე, ვიდრე მრისხანების ტყვეობაში აღმოჩნდე. უმჯობესია მრისხანება დამალო გულში, ვიდრე გამოაჩინო ის.

ნეტარია ის ადამიანი, რომელიც ადვილად არ ღიზიანდება და არც მრისხანებს. ვისშიც არ არის მრისხანების სული, ის არ ამწუხრებს სულიწმინდას. ასეთი ყველას მიერ ქებულია: მას ხოტბას ასხამენ ანგელოზები, იგი ძვირფასია ქრისტესთვის, მისი სული და სხეული ყოველთვის ჯანმრთელია. ხოლო ის, ვინც მრისხანების სულით არის შეპყრობილი, ხშირად ბრაზობს არაფრის გამო. და ნამდვილად საცოდავია და წყეული, ვინც თავს ვერ იკავებს ასეთ შემთხვევებში. მრისხანე კლავს საკუთარ სულს.

დაე, ნუ გადააქცევს მრისხანება შენს ცხოვრებას არარაობად და ნუ დაიღუპები ამ ცოდვის გამო, წინააღმდეგ შემთხვევაში, მკვდრად ჩაითვლები, რადგან სრულიად მოაკლდები სიცოცხლეს: თუ მრისხანებას შემოუშვებ სულში, მის მიერ შენი ცხოვრების ეს დღე უკვე განადგურებულია, იმას მაინც ნუ დაუშვებ, რომ მეორე დღესაც გაგყვეს მრისხანება, რათა მთელი შენი ცხოვრება არ დაღუპო. „ყოველ დღეს საკმარისად აქვს თავისი გასაჭირი“ (მათ. 6: 34), – ბრძანებს მაცხოვარი. კმარა მრისხანებისთვის, თუ შენს ერთ დღეს დაღუპავს, ნუ მისცემ მას იმის საშუალებას, რომ ღამე გაათიოს შენს სულში; მზემ არ დაგასწროს ჩასვლა ისე, რომ არ იყო გათავისუფლებული მრისხანებისაგან. თუ ბოროტი მოგზაური გესტუმრა და დაბინავდა შენთან, გააგდე იგი, აიძულე დაგტოვოს და წავიდეს, ნუ დაუთმობ ადგილს. განვლილ დღესთან ერთად განიშორე მრისხანება და ნუ დატოვებ შენს სულში, როგორც არ ჩერდება დრო, ასევე ნუ გააჩერებ შენში მრისხანებას; შენს სულში დასვენების საშუალებას ნუ მისცემ მას, რადგან თუ ღამეს გაათენებინებ, შემდეგ მეტად რთული იქნება მისი გაძევება. ნუ მისცემ საშუალებას ღამე გაატაროს შენთან, ნუ დატოვებ მას დიდხანს, რადგან თუ მრისხანებამ ფესვი გაიდგა შენში, იგი გახრწნის, არევ-დარევს, დააავადებს, წაბილწავს სულს და ბოროტების მსახურად აქცევს მას. ცუდი საფუარი მთელ ცომს ააყროლებს, ასევე, სულში თუ მრისხანება ჩასახლდება, თავის უსიამოვნო გემოს დაატყობს მას. უმოწყალო და ულმობელი არიან ასპიტი და ვასილისკო (მეტად შხამიანი გველები), მაგრამ მათზე უფრო სასტიკია მრისხანება. იგი კლავს, აკვდინებს და ღმერთს განაშორებს სულს. თუ სახლში გველს დაინახავ, შეეცდები დაიჭირო და მოკლა ის, შენს მომაკვდინებელ მრისხანებას კი შენს სულში აცხოვრებ და არ გსურს მისი გაგდება. თუ სადმე დაინახავ, რომ გველი წევს – მაშინვე შორს გარბიხარ მისგან, რადგან გეშინია რომ არ დაგგესლოს; ხოლო მრიხსანებას კი, რომელიც ათასი მომაკვდიენებელი შხამითაა სავსე, საშუალებას აძლევ დარჩეს შენს გულში. თუ გველი მოცოცავს შენკენ, მთელი სხეული გიკანკალებს და ძრწოლა გიპყრობს, მაგრამ გული კი ბუდედ გიქცევია, რომელიც სავსეა გველებით. საკმარისია მხოლოდ ვასილისკომ შეჰბეროს, რომ სხეული იტანჯება და იხრწნება, ხოლო სადაც მრისხანებაა, იქვეა დამღუპველი შხამი; გეშენია გველისა თუ მორიელის ნაკბენის, და არ გეშენია მრისხანების ბოროტი ნესტრის! ვინ მოისურვებს, რომ მასთან თავი შეაფაროს ვასილისკომ? ვინ დათანხმდება, რომ გველებმა დაიბუდონ მის წიაღში? და თუ ატანა არ გაქვს ამ სასტიკი ქვეწარმავლების, მაშ, როგორ იტან შენში იმათ, ვინც ამ გველებზე სასტიკნი არიან? დაუფიქრებელი სიტყვით, რომლის თქმასაც ბოროტი სული გასწავლის, ფართოდ უღებ კარს მრისხანებას, რათა შემოვიდეს და დაბინავდეს შენს სულში; საძაგელი ანგარების გამო მოყვასი გედავება, შენ კი მტრობას მიმართავ, რომ მოვიდეს და დაბინავდეს შენში; როდესაც მძვინვარე ცოფიანი ძაღლივით იყეფება და ნერწყვს აფრქვევს შენში, ქვის ნაცვლად მშვიდობა დაუპირისპირე და ყეფის უფლება არ მისცე მრისხანებას. განაგდე იგი შენი ნათელი შუბლით, მხიარულად ეჩვენე და არა განაწყენებულად და ამით ხელს შეუშლი მრისხანებას დაღუპოს ორი სული.

მაშასადამე, უხილავმა ღვთაებრივმა ნათელმა გვასწავლა მოვიძულოთ მრისხანება, სანამ ჯერ კიდევ არსებობს ჩვენთვის ხილული სინათლე, რათა სამყაროს აღსასრულისას ეს სინათლე არ გახდეს მოწმე ჩვენსავე წინააღმდეგ და არ აღდგეს ჩვენზე. ჩვენი ნება ყოველი გარედან გაღიზიანების პასუხად მაშინვე სჩადის დანაშაულს, და ბადებს და წარმოქმნის ნაყოფს, იმ თესლის მსგავსად, რომელიც შეითვისა. ამიტომაც ბრძანებს მოციქული: „მრისხანებისას ნუ სცოდავთ; ნუ ჩაესვენება მზე თქვენი რისხვით. ადგილს ნუ დაუთმობთ ეშმაკს“(ეფ. 4: 26-27) – და გვასწავლის, რომ არ უნდა გაიზარდოს ის, რაც ეშმაკმა დაგვითესა, რადგან სანამ ნათესი სუსტია და ნაყოფს გამოიღებს, მანამ ადვილად ამოვძირკვავთ და გავანადგურებთ. ადამიანსაც ხომ უცებ არ კლავენ – მასაც წინ უძღვის ბოროტი განზრახვა, რადგან მტერს არ ძალუძს ჩაიდინოს ბოროტი საქმე თავისი იარაღის გარეშე.


წინა თავი შემდეგი თავი