მთავარი გვერდი - ბიბლიოთეკა - წმიდა მამები მრისხანების შესახებ

წმიდა მამები მრისხანების შესახებ
ცოდვათა განმარტებანი

წმიდა ბასილი დიდი

ვისმინოთ, როგორ ცხადად არის გამოხატული იგავებში, რომ მრისხანება გონიერებსაც ღუპავს (იგავ. 15: 1); ვისმინოთ ასევე მოციქულის დარიგებაც: „ყოველი რისხვაჲ... მოისპენ თქუენ შორის ყოვლითურთ უკეთურებით“ (ეფ. 4:31); ვისმინოთ უფლის სიტყვებიც: „ვინც უმიზეზოდ ურისხდება თავის ძმას, ღირსია სასჯელისა“ (მათ. 5: 22); და ახლა, როდესაც საკუთარი გამოცდილებით შევიტყეთ რა არის ეს ვნება, ვნება, რომელიც ჩვენში კი არ დავინახეთ, არამედ ჩვენ გარეთ, რომელმაც მოულოდნელად ამოვარდნილი ქარიშხალივით დაგვაზიანა, ახლა უფრო მეტად გავიაზრეთ თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ღვთაებრივი დარიგებები. როდესაც მრისხანებას არ აღვკვეთზ, ამით გზას ვუთმობთ მას, როგორც სწრაფად და თავისუფლად მოძრავ ნიაღვარს და როდესაც მშვიდ მდგომარეობაში მყოფნი ვაკვირდებით ამ ვნებით შეპყრობილ ადამიანებს, თუ როგორც უღირსად შფოთავენ და ღელავენ ისინი, საბოლოოდ ვრწმუნდებით გამონათქვამის სისწორეში: „კაცი გულმწყრალი არა შუენიერ“ (იგავ. 11: 25).

როდესაც მრისხანების ვნება მოახერხებს გონება დააკარგვინოს ადამიანს და სულიერადაც დაიმორჩილებს, უკვე მხეცად აქცევს და კვლავ ადამიანად ქცევის საშუალებას ართმევს, რადგან საბრალოს გონება აქვს წართმეული; რაც შხამიანი ცხოველებისთვისაა შხამი, იგივეა მრისხანისთვის გაღიზიანება. მრისხანეები გაცოფებული არიან ძაღლებივით, თავს ესხმიან მორიელებივით, გესლავენ გველებივით. წმიდა წერილი ამ ვნებით შეპყრობილთ იმ ცხოველების სახელით მოიხსენიებს, რომლებსაც ისინი ამ ვნებით ემსგავსებიან. მაგალითად, უწოდებს მათ მუნჯ ძაღლებს (იხ. ეს. 56: 10), გველებს, იქედნეთა ნაშობთ (მთ. 23:33). და იმის გამო, რომ მზად არიან თვისტომთა დასაღუპად, სამართლიანია, რომ მხეცებსა და შხამიან ცხოველებს მივაკუთვნოთ ისინი, რადგან, თავიანთი ბუნებიდან გამომდინარე, შეურიგებელი ბრძოლა და სიძულვილი აქვთ ადამიანების მიმართ.

***

რა განაპირობებს იმას, რომ უმნიშვნელო მიზეზის გამო სწრაფად ღიზიანდებიან და მრისხანებენ ადამიანები, ყვირიან, მძვინვარებენ, შხამიან ცხოველზე უფრო სწრაფად ესხმიან თავს სხვებს და მანამ არ ჩერდებიან, ვიდრე მათი უზომოდ დიდი და უკურნებელი ბოროტება ბუშტულასავით არ გასკდება. მრისხანებით გაცოფებულ სულს ვერც ცეცხლი აჩერებს, ვერც მახვილი და ვერც სხვა რაიმე უბედურება, ასევე არაფერი აჩერებს ეშმაკის მიერ შეპყრობილ ადამიანს, რომელიც აღარც გარეგნობით და შინაგანი მდგომარეობით აღარ განსხვავდება ბოროტი სულისაგან. სამაგიეროს გადახდის მსურველის გულში დუღს და ჩუხჩუხებს სისხლი, რომელიც ზევით მოიწევს და გარეგნულადაც იმდენად ცვლის განრისხებულს, რომ ყველასათვის ნაცნობ მის ნაკვეთებს ყველასათვის სასაცილო ნიღბად აქცევს: თვალებს, რომლებსაც აქეთ-იქით აცეცებს და ცეცხლს აფრქვევენ, ვეღარ იცნობ, კბილებს საშინლად აღრჭიალებს, სახე მოღუშული და ჩასისხლიანებული აქვს, ძარღვები ებერება და გულში აღძრული ქარიშხლის გამო, ლამის დაუსკდეს, ხმა უხეში აქვს და დაძაბული, მეტყველება – არეული და სიტყვაჭარბი, გამოთქმა – წყვეტილი და გაუგებარი. და როდესაც ადამიანი განრისხების უკიდურეს ზღვარს მიაღწევს, ისევე, როგორც ცეცხლის ალი აღწევს უკიდურეს ხარისხს უხვად შენთებული საწვავით – მაშინ... ო!.. მაშინ ისეთ სანახაობას იხილავთ, რომლის სიტყვებით აღწერაც (ისევე, როგორც მისი მოთმენა) შეუძლებელია. მრისხანება დაუნდობლად აღმართავს ხელს ადამიანზე და აღარაფერს ერიდება, ფეხით თელავს მის სხეულს და რაც ხელში ხვდება, ყველაფერს სიცოფის იარაღად აქცევს. და თუ საპირისპირო მხარესაც თავისნაირი დახვდება – მისნაირადვე განრისხებული და გაშმაგებული – მაშინ ერთამნეთს დაერევიან და იმ ყველაფრის მოთმენა მოუწევთ, რისი მოთმენაც უწევთ მრისხანების დემონის წაქეზებით მოჩხუბრებს. ამგვარი მოჩხუბრები მრისხანების სანაცვლოდ ხშირად იღებენ ჯილდოდ სხეულის დასახიჩრებას და ზოგჯერ სიკვდილსაც კი. ერთი ხელს გაარტყამს, მეორე სამაგიეროს გადაუხდის, ახლა პირველი დაარტყამს ახალი ძალით, მეორეს კვლავ არ სურს დაუთმოს. ცხვირპირი უკვე დასისხლიანებული აქვთ, მაგრამ მრისხანება მათ ტკივილის გრძნობას აკარგვინებს, დროც არ აქვთ, რომ რაიმე იგრძნონ, რადგან მთლიანად შურისძიებაზე ფიქრით არიან დაკავებული.

***

როგორ ავირიდოთ თავიდან ის ზიანი, რომელიც თან სდევს მრისხანებას? – თუ მრისხანებას ვაიძულებთ, რომ გონებას არ გაუსწროს და ისე მოვექცევით, როგორც ცხენს, რომელსაც ლაგამით ვმართავთ, მაშინ ის არსად გადაუხვევს და იქით წავა, საითკენაც გონება მიუთითებს, ასეთ შემთხვევაში მისით მრავალი კეთილი საქმის აღსრულებას შევძლებთ. მრისხანება გონებას ცოდვასთან ბრძოლაში იმ მეომრის მსგავსად ეხმარება, რომელიც იარაღს თავისი უფროსის წინაშე აწყობს და მზადაა ის გააკეთოს, რასაც უბრძანებენ. მრისხანება სულს თავის ძალას გადასცემს მშვინვიერ საქმეთა აღსასრულებლად, ავხორცობით მოდუნებულ სულს კი რკინასავით აწრთობს. ამგვარად, მრისხანება სუსტ სულს მამაცად და მკაცრად აქცევს.

თუ შენ არასდროს გაბრაზებულხარ ეშმაკის წინააღმდეგ, ვერ შეიძულებ მას ისე, როგორც საჭიროა. ვფიქრობ, ერთნაირი გულმოდგინებით უნდა გვიყვარდეს სათნოება და გვძულდეს ცოდვა, ამისათვის კი ძალიან სასარგებლოა სიბრაზე და მრისხანება. მოთვინიერებული მრისხანება ისე დაყვება გონებას, როგორც ძაღლი დაყვება მწყემსს, ემორჩილება, მირბის გონების შეძახილზე, უცხო ხმა და მზერა კი ამძვინვარებს... აი, ამგვარია საუკეთესო და სწორი თანამოქმედება, როდესაც სიბრაზის ძალა დახმარებას უწევს გონებას. ამ დროს მრისხანება არ იწყნარებს ბოროტებას, არ აბამს მასთან არავითარ კავშირს, არავისთან მეგობრობს გონების საზიანოდ, არამედ, პირიქით, როგორც მგელს, ისე შეუყეფს და შეუტევს საძაგელ ავხორცობას. ასეთია სიბრაზის სარგებელი, თუკი შევძლებთ მის მართვას, რადგან ყოველი უნარი, რომელსაც ადამიანი ფლობს, მისი გამოყენების შესაბამისად, ან საზიანოდ ექცევა მას, ან სასარგებლოდ.

***

რაც შემოქმედმა მოგვცა საცხონებლად, მას ნუ ვაქცევთ ცოდვის მიზეზად! ასევეა მრისხანება: თუ ის მოქმედებს როდესაც საჭიროა და რაგორც საჭიროა, სიმამაცეს, მოთმინებასა და თავშეკავებას წარმოშობს, მაგრამ როცა საღი გონების საწინააღმდეგოდ მოქმედებს, მაშინ სიცოფეში გადაიზრდება. ამიტომაც გვასწავლის ფსალმუნი: „განრისხნებოდეთ და ნუ სცოდავთ“ (ფს. 4: 5). ღმერთი სამსჯავროთი ემუქრება მრისხანეს, მაგრამ არ კრძალავს მრისხანებას იქ, სადაც ის საკურნებლადაა საჭირო, რადგან, ნათქვამია – „მტრობას ჩამოვაგდებ შენსა და გველს შორის“ (შეს. 3:15) და „ემტერენით მადიამელთა“ (რიცხ. 25:17) – ეს სიტყვები იმას გვასწავლიან, რომ ვისარგებლოთ სიბრაზით, როგორც იარაღით. მოსემ, რომელიც კაცთა შორის ყველაზე მშვიდი იყო (რიცხვ. 12:3), კერპთაყვანისმცემელი ძმების დასახოცად მოუწოდა ლევიტელების და უბრძანა იარაღი აეღოთ ხელში: „მახვილი შეიბას ყველამ, მოიარეთ ბანაკი ჭიშკრიდან ჭიშკრამდე და მოკალით ძმამ ძმა, მეგობარმა მეგობარი, ნათესავმა ნათესავი“(იხ. გამოსვლ. 32: 27), და შემდეგ, იქვე წერია: „თქვა მოსემ: აივსეთ ხელი დღეს უფლისათვის, რადგან კაცი თავისი ძითა და ძმით არის, რათა კურთხევა გადმოვიდეს დღეს თქვენზე“ (იხ. გამოსვლ. 32: 29). რამ გაამართლა ფინეზი? მრუშთა მიმართ სამართლიანმა მრისხანებამ! იგი ძალიან კაცთმოყვარე და მშვიდი იყო, მაგრამ როდესაც იხილა, რომ ცხადად და უსირცხვილოდ მრუშობდნენ ზამვრის და მადიანელი ქალი, ისე რომ არ მალავდნენ თავიანთ სამარცხვინო ქმედებას, აღარ მოითმინა ფინეზმა, დროულად მოუხმო მრისხანებას და ორივე შუბით განგმირა (რიცხვ. 25: 7-8). სამოელმაც სამართლიანად განრისხებულმა მოაკვდინა ამალეკთა მეფე აგაგი, რომელიც, ღვთის ბრძანების მიუხედავად, არ მოკლა საულმა (იხ. 1 მეფ. 15: 32-33). ასე რომ, ბრაზი და მრისხანება ხშირად არის კეთილი საქმეების მსახურიც. მოშურნე ელიამაც გააზრებული და შეგნებული მრისხანებით (ისრაელის გადასარჩენად) დახოცა ბაალის ოთხას ორმოცდაათი ცრუწინასწარმეტყველი და აშერას ოთხასი წინასწარამეტყველი (3 მეფ. 18: 19).

შენ კი ძმის მიმართ უმიზეზოდ მრისხანებ. ნუთუ უმიზეზო არ არის, როდესაც სხვა არის მოქმედების მიზეზი და შენ კი სხვაზე ღიზიანდები? განა იმავეს არ აკეთებ, რასაც ძაღლები, რომლებიც ქვას უღრენენ და არა იმას, ვინც მათ ქვა ესროლა? საცოდავია, ვინც მოქმედების იარაღად იქცევა, მაგრამ უნდა გვძულდეს არა იარაღი, არამედ ის, ვინც მისით მოქმედებს. მისკენ მიმართე შენი გაღიზიანება – კაცისმკვლელის, სიცრუის მამის, ცოდვის შემოქმედის – ეშმაკისკენ, ძმას კი თანაგრძნობით მოეპყარი, რადგან თუ ის ცოდვაში დარჩება, ეშმაკთან ერთად მიეცემა მარადიულ ცეცლხს...

როგორ მოვიქცეთ, რომ მრისხანების ვნება იმ დროს არ გამოვავლინოთ, როცა საჭირო არ არის? უნდა ვისწავლოთ თავმდაბლობა, რომლის შესახებაც უფალმა სიტყვითაც დაგვმოძღვრა და საქმითაც. სიტყვით დაგვმოძღვრა, როდესაც თქვა: „ვის უნდეს თქუენგანსა პირველ ყოფაჲ, იყოს იგი ყოველთა მრწემ და ყოველთა მსახურ“ (მარკ. 9: 35), ხოლო საქმით სიმდაბლე გვიჩვენა, როდესაც მშვიდად და განურისხებლად მოუთმინა იმას, ვინც მას დაარტყა. ზეცისა და ქვეყნის შემოქმედმა და ყოველთა მეუფემ, რომლის წინაშეც მუხლს იდრეკს ყოველი ქმნილება და რომელსაც სიტყვით უპყრია ყოველი (ებრ. 1: 3), ცოცხლად კი არ ჩააგდო ჯოჯოხეთში და კი არ ბრძანა მიწა გამოცლოდა ფეხქვეშ ცოდვილს, არამედ მიუგო: „უკუეთუ ბოროტსა ვიტყოდე, წამე ბოროტისათჳს; უკუეთუ კეთილსა, რაჲსათჳს მცემ?“ (იოან. 18: 23).

და თუ შენც, უფლის მცნების შესაბამისად, ისწავლი იყო ყველაზე უკანასკნელი, ნუთუ შეძლებ, რომ როდესმე გაბრაზდე, თითქოს დაუმსახურებლად მოეყენებინოთ წყენა? თუ ბავშვი გისაყვედურებს – მისი საყვედური ღიმილს მოგგვრის, ხოლო როდესაც უგუნური გაგლანძღავს უსამართლოდ, მას შესაბრალისად უფრო მიიჩნევ, ვიდრე სიძულვილის ღირსად. ასე რომ, როგორც წესი, ჩვენს მწუხარებას განაპირობებენ არა სიტყვები, არამედ საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენა და ზიზღი იმათ მიმართ, ვინც გვსაყვედურობს, ამიტომ, თუ გონებაში ერთსაც გაანადგურებ და მეორესაც, შენ მიმართ ნათქვამი საყვედური ბგერების უშინაარსო ხმაურად იქცევა.

ასე რომ, „დასცხერ რისხვისაგან და დაუტევე გულისწყრომაჲ“ (ფს. 36: 8), რათა საკუთარ თავზე არ გამოსცადო მრისხანება, რომელიც გამოჩინებად არს რისხვაჲ ღმრთისაჲ ზეცით ყოველსა ზედა უღმრთოებასა და სიცრუვესა კაცთასა (რომ. 1:18). ხოლო თუ შეძლებ, რომ შეურყვნელად შეინარჩუნო გონება და ძირშივე მოჭრი მრისხანების ფესვს, ამით საფუძველშივე გაანადგურებ ბევრ ვნებას. ვერაგობა, ეჭვიანობა, უნდობლობა, უზნეობა, ბოროტი განზრახვა, თავხედობა და მათი მსგავსი მანკიერებები მრისხანების ცოდვის ნაშიერნი არიან. არ შემოვუშვათ ჩვენში ასეთი დიდი ბოროტება – სულიერი სნეულება, გონების დაბნელება, ღვთისაგან განდგომა, ნათესავების არცნობა, დაპირისპირება, ყოველგვარი უბედურება; ეს ცბიერი დემონი, რომელიც ჩვენი სულის სიღრმეში მკვიდრობს, როგორც ერთი ვინმე აღელვებული მაცხოვრებელი, მთელ ჩვენს არსებას იკავებს და გზას უკეტავს სულიწმიდას, რამეთუ სადაც არის მტერობანი, ჴდომანი, შურობანი, გულის წყრომანი, წვალებანი, შფოთებანი (გალ. 5: 20), შეჯიბრი, რომელიც სულში წარმოქმნის დაუსრულებელ შფოთსა და დაპირისპირებას, იქ სიმშვიდის სული ვერ დამკვიდრდება. მაგრამ დავემორჩილოთ ნატარი პავლეს შეგონებას: „ყოველი სამწარე და რისხვაჲ და გულის წყრომაჲ და ღაღადებაჲ და გმობაჲ მოისპენ თქუენ შორის ყოვლითურთ უკეთურებით“ (ეფ. 4: 31), ვიყოთ კეთილნი და მოწყალენი ერთმანეთის მიმართ, ნეტარი იმედის მოლოდინში, რომელიც აღთქმულია მშვიდთათვის („ნეტარ იყვნენ მშჳდნი, რამეთუ მათ დაიმკჳდრონ ქუეყანაჲ;“ მთ. 5:5) ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს მიერ, რომელსაც ეკუთვნის პატივი და დიდება აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე!

***

ქედმაღალი და ფიცხი ხარ? საიდან გაქვს მრისხანება? საკმარისად არ გცემენ პატივს? შენთვის აუტანელია ისმინო შენი მოკრძალებული წარმომავლობის შესახებ? შენში მაშინვე დუღს მრისხანება? ცდილობ უფრო უარესად უპასუხო, ვიდრე გაგლანძღეს? დახარე მზერა – და შეწყდება შენში მრისხანება. შეხედე მიწას და გაიფიქრე: მან თქვა, რომ მე, მიწისაგან შექმნილი, მდაბიო ვარ წარმოშობით. მან უფრო ნაკლებ დამამდაბლა, ვიდრე სინამდვილეში ვარ; მან ხომ არ თქვა, რომ მიწისგან ვარ, არამედ – ადამიანისგან. ხოლო ადამიანი, რომელსაც სული აქვს, რამდენად უფრო პატივსაცემია, ვიდრე მიწა, რომელსაც ფეხქვეშ თელავენ?! მე მიწას, როგორც უძველეს დედას, ისე ვუყურებ, ამიტომ მონისაგან შობა სირცხვილი კი არა, პატივია, რადგან დავიბადე როგორც სულის მქონე. მან, ვინც ფიქრობდა, რომ შეურაცხყოფას მაყენებდა, თავადაც არ იცოდა, რომ უფრო მეტი პატივი მომაგო, ვიდრე დამამცირა. მე ხომ ძალიან კარგად ვიცი ვინ ვარ და საიდან მოვდივარ!

ამგვარად, ხსოვნა იმის შესახებ, რომ მიწისგან ვართ შექმნილი, არასოდეს მისცემს მრისხანებას საფუძველს, რომ ჩვენში გაიღვიძოს. დაე, იყოს მიწა ჩვენი გონების თანამგზავრი, რომელიც მუდმივად თავს შეგვახსენებს.

***

როგორ შეიძლება, რომ არ გავბრაზდეთ?

ამას მაშინ შეძლებ, თუ ყოველთვის გემახსოვრება, რომ მუდმივად ღვთის წინაშე დგახარ, რომელიც გიყურებს, რომ უფალი ყოველთვის შენ გვერდით იმყოფება, და რომელი ქვეშევრდომი გაბედავს მეუფის თვალწინ უღირსად მოქცევას? ასევე, არ გაბრაზდები, თუ სხვებისგან კი არ მოითხოვ მორჩილებას, არამედ თავად იქნები მზად ყველას წინაშე მორჩილებისთვის და ყველას შენზე უპირატესად მიიჩნევ, რადგან თუ ვინმე მოითხოვს სხვების მორჩილებას თავის სასარგებლოდ, ასეთმა უნდა იცოდეს უფალი რას გვასწავლის – რომ თითოეული სხვას უნდა ემსახუროს. ასევე, თუ უფლის მცნებების შეუსრულებლობის გამო მოსთხოვ ვინმეს პასუხს, საჭიროა არა მრისხანება, არამედ მოწყალება და თანაგრძნობა, რათა სახარების შესაბამისად მოიქცე: „ვინ უნდა დაუძლურდეს, რომ მასთან ერთად არ დავუძლურდე?“(იხ. 2კორ. 11:29).

***

ზოგიერთნი ამბობენ, რომ შეუძლებელია ადამიანი არ მრისხანებდეს.

მეომრისთვის დასაშვები რომც იყოს მეფის წინაშე მრისხანება, ამ შემთხვევაშიც კი ზემონათქვამისათვის ეს არ იქნებოდა საკმარისი საფუძველი, რადგან თუ ბუნებით შენივე მსგავსი, მაგრამ წოდებით შენზე აღმატებული ადამიანის მზერა გაიძულებს თავი შეიკავო მრისხანებისაგან, მით უფრო მართებს თავშეკავება იმას, ვინც უეჭველად იცის, რომ ღმერთი ყველა მის ქმედებას უყურებს, რადგან ღმერთი, რომელიც გულთამხილავია, უფრო კარგად ხედავს ჩვენს შინაგან სულიერ მოძრაობებს, ვიდრე ადამიანი ხედავს გარეგნულ მოქმედებებს.

***

რას მოითხოვს მოციქული, როდესაც ამბობს: „გული გიწყრებოდენ, და ნუ სცოდავთ. მზე ნუ დაჰვალნ განრისხებასა თქუენსა“ (ეფ. 4:26), თუმც სხვა ადგილას გვეუბნება: „ყოველი სამწარე და რისხვაჲ და გულის წყრომაჲ და ღაღადებაჲ და გმობაჲ მოისპენ თქუენ შორის ყოვლითურთ უკეთურებით“ (ეფ. 4: 31).

ვფიქრობ, მოციქული ამ სიტყვებს წარმოთქვამს უფლის მიბაძვით, რამეთუ უფალი სახარებაში ამბობს: „თქვენ გსმენიათ წინაპართა მიმართ თქმული“– შემდეგ კი ამატებს: მე კი გეუბნებით თქვენ... (მთ. 5: 21,22), ასევე, მოციქულმა ჯერ ძველი გამონათქვამი ახსნა: „განრისხნებოდეთ და ნუ სცოდავთ“ (ფს. 4: 5), შემდეგ კი თავად ამატებს ჩვენთვის გასაგებად:“ყოველი სამწარე და რისხვაჲ და გულის წყრომაჲ და ღაღადებაჲ და გმობაჲ მოისპენ თქუენ შორის ყოვლითურთ უკეთურებით“ (ეფ. 4: 31).


წინა თავი შემდეგი თავი