მთავარი გვერდი - ბიბლიოთეკა - წმიდა მამები მრუშობისა და სიძვის შესახებ


შესავალი

გაუფრთხილდით საკუთარ თავს, რათა არ დაეცეთ მრუშობისა თუ სიძვის ცოდვით, რომელიც არის სულისა და ხორცის დამღუპველი. „იფხიზლეთ და ფრთხილად იყავით, რადგანაც თქვენი მტერი ეშმაკი დაძრწის, როგორც მბრდღვინავი ლომი და მსხვერპლს დაეძებს“ (1 პეტრ. 5: 8).

გარესამყაროს გარყვნილებამ იმდენად ძლიერ დაასუსტა ზნეობრივი გრძნობები, რომ უკვე ხშირად ისმის ამგვარი კითხვა: „რატომ ითვლება ცოდვად ხორციელი ურთიერთობა კაცსა და ქალს შორის ქორწინების გარეშე? ის ხომ ურთიერთთანხმობით ხორციელდება და ამით არავის არ ადგება ზიანი?!“ მაგრამ ვიკითხოთ რა არის ცოდვა. „ცოდვა არის ურჯულოება“ (1 იოან. 3: 4) ანუ ცოდვა არის სულიერი ცხოვრების კანონების დარღვევა. სულიერი კანონების დარღვევას კი მოსდევს უბედურება და თვითგანადგურება.

ამგვარად, ის, რაც კურთხეულია ქორწინებით, იგივე თუ სრულდება მცნებების დარღევით, არის ცოდვა. ქორწინება აერთიანებს მამაკაცს და დედაკაცს „ერთ ჴორც“ (ეფ. 5: 31), ურთიერთსიყვარულის, შთამომავლობის გაჩენისა და მათი აღზრდის მიზნით, ხოლო ყოველი უკანონო ხორციელი კავშირი ღრმა ჭრილობებს აყენებს ადამიანის სულსა და ხორცს. ქორწინება არის არა მხოლოდ ხორციელი სიახლოვე, არამედ ასევე სულიერი ერთობა, სიყვარული და ნდობა საყვარელი ადამინისადმი.

რასაც თანამედროვე ადამიანი უმნიშვნელოდ მიიჩნევს, სწორედ მას მიჰყავს იგი დაცემისკენ. წმიდა იოანე ოქროპირი ბრძანებს: „ნუ იტყვი: რა მოხდება თუ თვალმოუშორებლად ვუქცერი ლამაზ ქალს? თუ შენ გულში მოაწყობ მრუშობას, მალე გაბედავ და აღასრულებ მას ხორციელადაც... თუ გსურს დატკბე მზერით, მუდმივად უყურე შენს ცოლს და გიყვარდეს იგი: ამას არ კრძალავს არცერთი კანონი.“

სიძვისა და მრუშობის ვნებასთან ბრძოლა ხანგრძლივი პროცესია. წმიდა მამები გვასწავლიან თუ რატომ არის ეს ცოდვა სულისათვის ძალზედ საზიანო და დამღუპველი და ამავდროულად, გვარიგებენ თუ როგორ უნდა შევებრძოლოთ ამ ბოროტ ვნებას.


შემდეგი თავი