მთავარი გვერდი - ბიბლიოთეკა - წმიდა მამები მრუშობისა და სიძვის შესახებ


წმიდა იოანე ოქროპირი

მეძავს ვერ შორდები? მრუშობის ცოდვაში ჩავარდი? გსურს მოინანიო? ცოდვას ცოდვას ნუღარ დაუმატებ და ნუ მეუბნები, როგორ შემიძლია ვიცხოვრო ამ ცოდვის გარეშეო. მე გეტყვი, როგორ შეგიძლია. ვნება გწვავს? მაგრამ მეუღლე თუ გყავს? თუ არ გყავს, დაქორწინდი, რათა უსაფრთხოდ იცხოვრო; ხოლო თუ ამბობ, თავს ვერ ვიკავებო, ეს უკვე თავაშვებულობაა. თუ დაგისახელებ სხვას, რომელსაც არ ჰყავს მეუღლე, მაგრამ უბიწოებას იცავს, თავს რითი იმართლებ? ის შუაგულ ზღვაში არ იღუპება, შენ კი ნავსაყუდელში ეცემი? მეუღლე გყავს და მაინც მრუშობ, უფრო მეტიც – სიძვაში ცხოვრობ? მეკითხებით თავი როგორ დავიხსნა ამ ვნებისაგანო; ამაში დაგეხმარებათ მეუღლე. გიკვირთ?! ნახეთ, რას ამბობს პავლე მოციქული: „მაგრამ სიძვის თავიდან ასაცილებლად ყველა კაცს თავისი ცოლი ჰყავდეს და ყველა ქალს - თავისი ქმარი... ცოლი როდია თავისი სხეულის უფალი, არამედ – ქმარი და არც ქმარია თავისი სხეულის უფალი, არამედ – ცოლი“ (1 კორ. 7: 2,4). ასე რომ, თუ მეძავი დაგიძახებს, მიიღე ეს რჩევა და თქვი: ქმარი არაა თავისი სხეულის უფალი, არამედ – ცოლი. გულის ფიცარზე დაიწერე ეს სიტყვები და უთხარი მეძავს: რატომ მიხმობ, ეს სხეული ჩემი ცოლისაა და არა – ჩემი; მე არ შემიძლია გავყიდო სხვისი, ვერ განვკარგავ იმას, რაც მას მზითვებში ერგო, უფლება არ მაქვს განვაგო ის, რაც მისია, ვერ წავბილწავ სხეულს, რომელიც მას ეკუთვნის. ასე არ არის? არ შემიძლია! უთხარი მეძავს: რას მეძახი? არ გაეკარო მის სხეულს! ეს სხეული ცოლს ეკუთვნის და არა მეძავს: მე არ მივიღებ მეძავს, ეს ჩემი ცოლის სხეულია! ღვთის შიში იქონიე და უთხარი, რომ ჩვენ ქრისტეს სხეულის ნაწილები ვართ.

დაე, ისმინონ ეს ცოლებმაც, მათაც გააცნობიერონ თუ რისკენ მოუწოდებთ ქრისტე, ცხადია, სიწმინდის დაცვით და თქვან: „ცოლი არაა თავისი სხეულის უფალი, არამედ - ქმარი“. დაფიქრდი, რამხელა სიბრძნე დევს პავლე მოციქულის ამ სიტყვებში. იმის გამო, რომ მრავალი მათგანი თავშეკავებით ცხოვრობს და ჰყავთ სუფთა და უმწიკვლო ცოლები, თავშეკავებულნი არიან ზედმეტად, იმდენად ზედმეტად, რომ სწორედ ეს ხდება მიზეზი მრუშობისა, ამიტომაც ამბობს პავლე მოციქული: ყოველმა სარეცელი გაიყოს თავის ცოლთან. და მას არ რცხვენია, არამედ შედის და ჯდება სარეცელზე დღე და ღამ, გულში იკრავს ცოლსა და ქმარს, აერთიანებს მათ და ხმამაღლა მოუწოდებს: „ნუ გაშორდებით ერთმანეთს, თუ არა ურთიერთთანხმობით“ (1 კორ 7: 5). შენ იცავ თავშეკავებას და შენი ქმარი სარეცელს არ იყოფს შენთან? მაშინ ის მიდის სახლიდან და სცოდავს და საბოლოოდ, მის ცოდვის მიზეზი არის შენი თავშეკავება. უმჯობესია სარეცელი გაიყოს შენთან, ვიდრე მეძავთან. შენთან თანაცხოვრება არ არის აკრძალილი და თანაცხოვრება მეძავთან აკრძალულია. თუ ქმარი შენთან დაიძინებს, არაფერს დააშავებს და თუ მას სძინავს მეძავთან, მაშინ შენ დაგიღუპავს შენი საკუთარი სხეული.

ამგვარად, მოციქული ლამის საქორწინო სარეცელზე ზის და მოგიწოდებთ: „ნუ გაშორდებით ერთმანეთს, თუ არა ურთიერთთანხმობით“. ამისთვის შენ (ცოლს) გყავს ქმარი და ამიტომ შენ (ქმარს) გყავს ცოლი, რათა დაიცვათ უბიწოება. გსურს თავშეკავებით იცხოვრო? შეეცადე ამაში შენი ქმარიც დაარწმუნო, რათა იყოს ორი გვირგვინი – უბიწოება და თანხმობა და არა – უბიწოება და ბრძოლა ან მშვიდობა და ომი. თუ შენ თავშეკავებით ცხოვრობ და ქმარი ვნების ალშია და მრუშობა კი არის აკრძალული, მაშინ მან უნდა გაუძლოს ქარიშხალსა და ღელვას. მაგრამ „ნუ გაშორდებით ერთმანეთს, თუ არა ურთიერთთანხმობით“. სადაც მშვიდობაა, იქ ყველა სიკეთეა, სადაც მშვიდობაა, იქ უბიწოება ბრწყინავს, სადაც ურთიერთშეთანხმებაა, იქ თავშეკავების გვირგვინია, მაგრამ სადაც ომია, იქ უბიწოებაც მოიშლება. ამიტომ „ნუ გაშორდებით ერთმანეთს, თუ არა ურთიერთთანხმობით“.

პავლე მოციქული, უბიწოების მსოფლიო წინამძღვარი, ყველაზე მეტს მსჯელობს ქორწინების შესახებ, ამიტომ არ რცხვენია თქვას:“ პატიოსან არს ქორწილი ყოვლითავე და საწოლი შეუგინებელ“ (ებრ. 13: 4). თავად უფალიც ხომ მივიდა ქორწილში და გამოხატა ქორწინებისადმი კეთილგანწყობა თავისი იქ მყოფობით, საჩუქარიც გაუკეთა მათ – წყალი ღვინოდ აქცია. ამგვარად, იღვაწე თავშეკავებაში რამდენიც გსურს, მაგრამ როდესაც გაგიჭირდება, ცოლქმრობის წესი აღასრულე, რათა ეშმაკმა განსაცდელი არ მოგივლინოთ. აი, ცხოვრების სამი სახე: უბიწოება, ქორწინება, მრუშობა. ქორწინება – შუაშია, მრუშობა – ქვევით, უბიწოება – ზევით.

უბიწოება გვირგვინს იდგამს, ქორწინება შესაბამის ქებას იმსახურებს, მრუშობა კი ისჯება. მაშასადამე, ზომიერება დაიცავი თავშეკავებაშიც, იმისდა მიხედვით, თუ რამდენად შეგიძლია შენი სხეულის სისუსტის ალაგმვა. ნუ შეეცდები ზომიერებას გაცდე, რათა ყველაზე ღრმად არ დაეცე, მყვინთავიც იმ სიღრმეზე ჩადის წყალში, რამდენიც შეუძლია, ამასთანავე, აკვირდება თუ რა მანძილზე მოუწევს უკან დაბრუნება, ასევე შენც, დაიცავი უბიწოება იმდენად, რამდენის ატანაც შეგიძლია, რათა უმეტესად არ დაეცე.

***

თუ ქალმა იმრუშა იძულებით, ის თავისუფალია სასჯელისაგან. თუ იმრუშა მდიდარმა ქალბატონმა და ღარიბმა ქალმა, აქაც სხვაობაა. თუ ქრისტეს მოსვლის შემდეგ ვინმემ იმრუშა და ისე მოკვდა, რომ არ მოინათალა – ისინი მეტად დაისჯებიან, ვიდრე ისინი, ვინც ქრისტეს მოსვლამდე ცხოვრობდნენ. და თუ ვინმემ იმრუშა წმიდა ნათლისღებით განბანვის შემდეგ – ასეთს არავითარი შეწევნა არ ექნება. სწორედ ამის შესახებ ბრძანებს პავლე მოციქული: „უკუეთუ ვინმე შეურაცხ - ყოს შჯული მოსესი, თჳნიერ წყალობისა, ორითა ანუ სამითა მოწამითა, მოკუდების. რაოდენ ჰგონებთ უძჳრესისა ტანჯვისა ღირს - ყოფად, რომელმან ძე ღმრთისაჲ დათრგუნოს და სისხლი იგი აღთქუმისაჲ არა - ღირსად შეჰრაცხოს, რომლითა განწმიდნა, და სული იგი მადლისაჲ აგინა?“ (ებრ. 10:28-29). თუ იმრუშა მღვდელმა, ეს უკვე ყოველგვარ ბოროტებას აღემატება. ხედავ, რამდენი განმასხვავებელი რამაა ერთსა და იმავე ცოდვაში? ერთია ცოდვის ჩადენა კანონამდე და მეორეა – კანონის შემდეგ, სხვაა – მღვდელის მიერ ცოდვის ჩადენა და სხვაა – მდიდარი ქალისა თუ ღარიბისა, ასევე დიდად სხვაობს ცოდვა შეგნების მიხედვით: „ხოლო მონამან რომელმან იცის ნებაჲ უფლისა თჳსისაჲ და არა განემზადოს ნებისაებრ მისისა, იტანჯოს იგი ფრიად“ (ლუკ. 12: 47). მიუხედავად მრუშობის ცოდვისადმი ამგვარი დამოკიდებულებისა, თუ ადამიანი მაინც შესცოდავს, იგი ყველაზე მეტად დაისჯება. სწორედ ამიტომ ამბობს ქრისტე: „ხოლო თქუენ იხილეთ და არა შეინანეთ“ (მათ. 21: 32), და მიუხედავად იმისა, რომ მრავალნი განიკურნენ.

***

ვინც მეძავს უხდის, სასაცილო და სამარცხვინო ხდება; მას ბევრი ჩხუბი შეხვდება და სიამოვნებას კი ხანმოკლეს მიიღებს, უკეთესია ვთქვათ - ხანმოკლესაც არ მიიღებს, რადგან რამდენიც არ უნდა მისცეს კაცმა მეძავს, ისინი სულაც არ იქნებიან მისი მადლიერი: „ჭური განჴურეტილი არს სხჳსა სახლი“ (იგავ. 23: 27). თანაც, ამ ყაიდის ხალხი უსირცხვილოა. მეფე სოლომონმა ასეთი ქალის სიყვარული ჯოჯოხეთს შეადარა. მეძავი ქალი მხოლოდ მაშინ მშვიდდება, როდესაც თავის საყვარელს გააღარიბებს და ყველაფერს დააკარგვინებს. თუმცა, უკეთესია ვთქვათ, რომ ის მაშინაც არ მშვიდდება, არამედ უფრო მეტად წევს თავს მაღლა და ფეხქვეშ თელავს დაცემულს, უმეტესად დასცინის და იმდენ ბოროტებას უკეთებს, რომ აღწერაც შეუძლებელია.


წინა თავი შემდეგი თავი