მთავარი გვერდი - ბიბლიოთეკა - წმიდა მამები მრუშობისა და სიძვის შესახებ


ბერი სიმეონ ათონელი

მრუშობის სფერო ის ძალაა, რომელიც ამოძრავებს მსოფლიოს. ის განსაზღვრავს ადამიანის თითქმის ყველა მოტივს. მცირედი გაუფრთხილებლობა... – და უკვე მორევში ხარ ჩათრეული! ამისგან არავინაა დაზღვეული: არც ასაკი და არც ავადმყოფობა არ იძლევა არავითარ გარანტიას. ეს მიდრეკილებაა, რომლის გაკონტროლებაც თითქმის შეუძლებელია, ნამდვილი მაგიაა, რომელიც ქვეცნობიერად მოქმედებს.

მრუშობა ის ძალაა, რომელიც მართავს მსოფლიოს... მამაკაცებზე ის მოქმედებს როგორც დიდი ძალის მაგნიტი, რომელიც თავისკენ იზიდავს მთელ მათ სასიცოცხლო ენერგიას, ხოლო ქალბატონებისათვის, უბრალოდ, უმართავი მაგიური ძალაა, რომელიც იწვევს გაუცნობიერებელ ჟესტებს, შეუმჩნეველ მოძრაობებს... აქ ზომიერება შეუძლებელია. მრუშობის ვნებას ვერ შეაჩერებს ვერც სიჭაბუკე, ვერც სიბერე და ვერც ავადმყოფობა.

ყოველ ადამიანს მოსდის მრუში გულისთქმები, იღებს მათგან ჭრილობებს და იმარჯვებს მათთან ბრძოლაში. ვინც ვერ იმარჯვებს – ეცემა! ეშმაკის მიზანიც ესაა: მრუშობის ცოდვა ნიშნავს ეშმაკის გამარჯვებას ადამიანზე მრავალი წლის განმავლობაში. ამისთვის იღებენ ისინი განსაკუთრებულ ჯილდოსა და დაწინაურებას.

საქმე ისაა, რომ მრუშობით დაცემა იმდენად ძლიერად აზიანებს სულს, რომ ეს ჭრილობა თითქმის განუკურნებელია. ყველაზე მეტად ზიანდება გონება, მასში ადვილად აღწევს აზრები და იგი დაუცველი ხდება ამ აზრებისაგან ათწლეულობით... შეიძლება ითქვას, რომ მრუშობა სრულიად ღუპავს სულს. თუ მრისხანება სულს დროეობით აზიანებს, მრუშობა უბრალოდ, ანადგურებს. მრუშობა ადამიანის პარალიზებას ახდენს – მართალია, არა სამუდამოდ, თუმცა საკმაოდ ხანგრძლივი დროის განმავლობაში.

ამის მიზეზი ისაა, რომ მრუშობით დამარცხებული ადამიანი სიცოცხლის სულს ძალიან მალე კარგავს. ღვთის მადლი შეიძლება იმყოფებოდეს მხოლოდ წმიდა სულში. დიდი დროა საჭირო განსაწმენდელად. მაგრამ როგორ? სინანულით! და როგორ უნდა მოინანიოს ადამიანმა, თუ სულიერად დაბრმავდა და დაყრუვდა?! ის ხაფანგშია გამომწყვდეული.

ამაშია მთელი ტრაგედია. ეს რომ ასე არ ყოფილიყო, ადვილი იქნებოდა ღმერთის გზაზე სიარული. სინამდვილეში, ეს სახიფათო გზაა, სადაც მომაკვდინებელ ჭრილობებს აყენებენ და კლავენ.

თუკი რაიმე წარმატებას მივაღწევთ ცხოვრებაში – მაშინვე გაამაყება და სხვების ზევიდან ცქერა ახლავს ამ წარმატებას, ამიტომ ნებისმიერი ნიჭი ხშირად არის მიზეზი დაცემისა. გამუდმებით გახსოვდეთ, მრუში გულისთქმების შემოტევისას და ნიაღვარის გამოჩენისთანავე, განსაკუთრებით, როდესაც ჩნდება აკვიატებულობა – ეს იმის ნიშანია, რომ დაფარულად თავისქება და განდიდება დაიწყო... ისინი თანამგზავრებივით არიან. თუ ჩვენ თავმდაბლობაში წარვემატებით, აზრები მოგვშორდებიან...

უბიწოება – ეს დიდი მფარველობაა. ადამიანი, რომლისთვისაც უცხოა მრუშობა, ეშმაკებისთვის მიუწვდომელია, ნადგურდება მათი მზაკვრობა. ეშმაკებს შეუძლიათ გამოიყენონ მხოლოდ ის ბოროტება, რომელიც გაგისინჯავს. ისინი ამას შენი რეაქციიდან იგებენ, მაგრამ ყველაზე მთავარია მათთვის – იგრძნონ ადამიანის ენერგია. და რაც უფრო სუფთაა ეს ენერგია, მით უფრო მიუწვდომელია ასეთი ადამიანი ეშმაკთა თავდასხმებისაგან. ისინი მიახლოვებასაც ვერ ბედავენ. ისინი იმსხვრევიან, თითქოს დენი არტყამთ გარკვეულ მანძილზე.

უბიწოება – ეს ის უმთავრესია, რაც ადამიანს აქვს. და მის გამო დიდი ბრძოლებია, სულიერი ბრძოლა მიმდმინარეობს სწორედ მის ირგვლივ. ამის დავიწყება სიკვდილის ტოლფასია.


წინა თავი შემდეგი თავი