მთავარი გვერდი - ბიბლიოთეკა - წმიდა მამები მრუშობისა და სიძვის შესახებ


ღირსი ბერი პაისი ათონელი

ბერი პაისი იხსენებდა: „რატომღაც, ერთხელ, ჩემს ნაცნობებს ერთი ჩემი თანაკლასელის შესახებ ვკითხე და შევიტყვე, რომ ის ცუდ გზას დასდგომოდა. მაშინ ვილოცე, რომ ღმერთს მისთვის გონება გაენათებინა და მონასტერში მოსულიყო, რათა მასთან გასაუბრება შემძლებოდა. მე თავი მოვუყარე ნაწყვეტებს სინანულის შესახებ წმიდა წერილიდან და წმინდა მამების წიგნებიდან, და აი, ერთხელაც ის მონასტერში მოვიდა ორ - სამ ქალთან ერთად. შემდეგ შვილთან ერთად მონასტერში სიარულს მოუხშირა და თან მოჰქონდა ზეთი და სანთლები. ერთხელ ერთმა ადამიანმა მითხრა: „მამაო, ის შენ გატყუებს! აქ მოკრძალებით იქცევა და ქალაქში კი პოლიციელებთან სასიყვარულო ურთიერთობები აქვსო.“

შემდეგ ჯერზე, როდესაც მონასტერში მოვიდა, მე ის მკაცრად გამოვლანძღე და ატირებული გავუშვი. მისი წასვლიდან მალევე შევიგრძენი, რომ ჩემს სხეულს ძლიერი ხორციელი ვნება სწვავდა. ლოცვა დავიწყე, მაგრამ არ მშველოდა. გაოცებულმა იმით, რომ ვერ გავიგე საიდან მომდინარეობდა ეს განსაცდელი, კვლავ ლოცვა დავიწყე, მაგრამ – კვლავ უშედეგოდ. მაშინ ცული ავიღე, კუნძზე დავდე მარცხენა ფეხი, დავაწექი ცულის პირით წვივს და ჩაქუჩით ვურტყი ცულის ყუას. ასე ჩამოვიჭერი ხორცის შვიდი ნაფლეთი იმ იმედით, რომ ხორცის აღგზნებას ამ ტკივილით ცოტათი მაინც დავაცხრობდი, მაგრამ მსგავსი არაფერი მომხდარა: ჩექმა სისხლით აივსო, მაგრამ ხორციელი ბრძოლა ოდნავადაც არ შემცირებულა. მაშინ ავდექი, მონასტერი ღია დავტოვე და ტყისკენ წავედი, „უმჯობესია დათვებმა შემჭამონ,“ – ვეუბნებოდი საკუთარ თავს.

გზაში ძალა გამომეცალა და დაუძლურებული ბილიკის პირას დავეცი. ვცდილობდი გამეგო რა იყო თავს დამტყდარი განსაცდელის გამომწვევი, რატომ დამემართა ეს, რა იყო ამის მიზეზი... და უცებ გამახსენდა ის ქალი, რომელიც გამოვლანძღე და გავიფიქრე: „ღმერთო ჩემო, და თუ ის იგრძნობს ასეთ ხორციელ ბრძოლას, საწყალი, როგორ აიტანს ამას?“ აი, რა იყო ჩემი განსაცდელის მიზეზი! მე ვინანე, რომ ასე მკაცრად ვამხილე ის ქალი, პატიება ვთხოვე ამის გამო ღმერთს და მაშინვე ვიგრძენი, თითქოს ცივი შხაპისგან დამეღწიოს თავი, ხორცის მხურვალებაც სადღაც გაქრა“.

დასასრულს ბერმა დაამატა: „როდესაც ჩვენ გვაცდუნებენ ხორციელი გულისთქმები, ამაში დამნაშავე ყოველთვის სხეული არ არის. ხორციელი ბრძოლის მიზეზი შეიძლება იყოს სხვების განკითხვა და ამპარტავნული აზრები. უპირველეს ყოვლისა, ჩვენს თავს დაშვებული განსაცდელის მიზეზი უნდა გამოვიძიოთ და მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება მივიღოთ შესაბამისი ზომები. მიზეზის გამორკვევის გარეშე არ უნდა დავიწყოთ ხორცის წინააღმდეგ ბრძოლა მარხვით, მღვიძარებით ან რაიმე მსგავსით.“

ეს შემთხვევა გვიდასტურებს, რომ მოწამეობრივი გზით ჰქონდა მოპოვებული სულიერი სიბრძნე მამა პაისის, მან უმჯობესად მიიჩნია მტაცებელი ცხოველების კერძი გამხდარიყო, ოღონდ არ შეეცოდა – თუნდაც გონებაში აზრებით. მან, ჭეშმარიტად, გაიღო სისხლი და მიიღო სული.

მსგავსი ისტორიები გვხვდება მამათა ცხოვრებებში. ერთ – ერთი ასეთი მაგალითია აბბა პახუმის შემთხვევა. როდესაც ამ დიდ მამასაც შეემთხვა ხორციელი განსაცდელი, მაშინ წმიდა მამამ უმჯობესად მიიჩნია გეენას კერძი გამხდარიყო, ამის შემდეგ კი შხამიან გველს მიეახლა, მაგრამ ღმერთმა არ ინება მისი სიკვდილი – სიცოცხლეც შეუნარჩუნა და ვნებებისაგან უვნებელობაც მიმადლა მას.

ცულით მიყენებული ჭრილობების კვალი კი მამა პაისის სიცოცხლის ბოლომდე ეტყობოდა. ამის შესახებ ისინი ამოწმებენ, ვისაც უნახავს ეს ნაიარევები და ვისაც თავად მამა პაისისგან სმენია ამ ისტორიის შესახებ.


წინა თავი შემდეგი თავი