მთავარი გვერდი - ბიბლიოთეკა - წმიდა მამები სასოწარკვეთილებისა და მწუხარების შესახებ


წმიდა დიმიტრი როსტოველი

ღვთისკენ სავალ გზაზე მორიგ დაბრკოლებას გვიქმნის ჩვენ სასოწარკვეთილების ღრმა უფსკრული, რადგან როდესაც ბილწი მოვა და დაემკვიდრდება ამ ბოროტების სიღრმეში, ადამიანი დაუდევარი ხდება და ღვთის მოწყალებისადმი იმედის დაკარგვით კიდევ უფრო ღრმად ეცემა ურჯულოების უფსკრულში. ეს უფსკრული უნდა ამოვავსოთ ღვთის მოწყალებისადმი იმედით და უნდა გავიხსენოთ რა დიდი ბოროტება შეემთხვა იუდას სასოწარკვეთილების გამო, რადგან მან უფრო მეტად შესცოდა სასოწარკვეთილებით, ვიდრე ქრისტეს ღალატით. როდესაც უფალმა ნებაყოფლობით თავს იდო ტანჯვა, ორი განუდგა – იუდა და პეტრე: ერთმა გაყიდა, მეორემ კი სამგზის უარყო. ორივემ თანაბარი ცოდვა ჩაიდინა, ორივემ მძიმედ შესცოდა, მაგრამ პეტრე ცხონდა, იუდა კი დაიღუპა. რატომ არ გადარჩა ორივე ან ორივე რატომ არ დაიღუპა? ვინმე იტყვის, რომ პეტრეს მიეტევა, რადგან მოინანია, მაგრამ სახარებაში წერია, რომ იუდამაც მოინანია: „შეინანა და დაუბრუნა ოცდაათი ვერცხლი მღვდელმთავრებსა და უხუცესთ, და თქვა: შევცოდე, რომ მოგეცით მართალი სისხლი“ (მათ. 27: 3-4), მაგრამ მისი სინანული არ იქნა მიღებული, პეტრეს სინანული კი მიღებულ იქნა: პეტრე გადარჩა და იუდა დაიღუპა. რატომ მოხდა ამგვარად? იმიტომ, რომ პეტრემ მოინანია იმედითა და ღვთის მიმართ სასოებით, იუდამ კი – უიმედოდ და სასოწარკვეთილებით. საშინელია ეს უფსკრული! ეჭვგარეშეა, რომ საჭიროა მისი ამოვსება ღვთის მოწყალების მიმართ იმედით. საშინელი რამაა ამპარტავნება, ცუდია სასოწარკვეთილებაც, ერთიცა და მეორეც უნდა დავტკეპნოთ და მოვასწოროთ, ამპარტავნება უნდა მოვთხაროთ, როგორც კლდე და სასოწარკვეთილება უნდა ამოვავსოთ, როგორც უფსკრული.

პატერიკში ვკითხულობთ: იყო ერთი კეთილმსახური კაცი, რომელიც ხან ამპარტავნებით იტანჯებოდა და ხან – სასოწარკვეთილებით. და მოიფიქრა ასეთი კეთილგონივრული რამ: მან თავის საკუთარ, ყველასაგან დაფარულ შინაგან ოთახში, ერთ კედელზე გამოსახა ყველა ცოდვა, რომელთა მიერაც, როგორც ადამიანმა, განარისხა ღმერთი; ასევე გამოსახა ღვთის საშინელი სამსჯავრო – თუ როგორ სასტიკად სჯის ღმერთი ცოდვილებს და გზავნის მათ ცეცხლის გეენაში. ხოლო მეორე კედლეზე კი ჩამოწერა მის მიერ ცრემლითა და სინანულით აღსრულებული ყველა კეთილი საქმე, იქვე გამოსახა თუ როგორ იღებს მოწყალე ღმერთი თავის წიაღში დაბრუნებულ უძღებ შვილს, როგორ პატიობს ცოდვებს მის ფერხით დაცემულ ცოდვილ დედაკაცს და როგორ უხსნის ავაზაკს სამოთხეს. როდესაც კაცს ამპარტავნება იპყრობდა, ის იმ კედელთან მიდიოდა, რომელზეც მისი ცოდვები ეწერა, კითხულობდა მათ და შესცქეროდა საშინელ სამსჯავროს, საყვედურობდა და განიკითხავდა საკუთარ თავს, როგორც ცოდვილი, რომელიც ღირსი იყო საუკუნო ტანჯვისა და ამგვარად, მდაბლდებოდა რა, მოთქვამდა და გოდებდა საკუთარ ცოდვათა გამო. მაგრამ როდესაც საპირისპირო გულისთქმა ეუფლებოდა და სასოწარკვეთილება იპყრობდა, ის იმ კედელთან მიდიოდა, რომელზეც მისი კეთილი საქმეები ეწერა და ფიქრობდა ღვთის გულმოწყალების შესახებ, რომელიც ყოველგვარ ადამიანურ ცოდვებს აღემატება. ამგვარად, სასოწარკვეთილებას განაგდებდა და ღვთის მიმართ სასოებაში მტკიცდებოდა. ეშმაკები კი, რომლებმაც ვერ აიტანეს მისი ამგვარი კეთილგონივრული მიგნება და ქმედება, ცხადად წარდგნენ მის წინაშე და მიმართეს: „არ ვიცით როგორ უნდა გებრძოლოთ, რადგან როდესაც ზეცამდე გამაღლებთ, შენ ჯოჯოხეთამდე ჩადიხარ, ხოლო როდესაც ჯოჯოხეთში განარცხებთ, ზეცამდე ადიხარ“. აი, ამგვარად თრგუნავდა კეთილგონიერი კაცი ამპარტავნების მთას და აღმოავსებდა სასოწარკვეთილების უფსკრულს, ამგვარად ათანასწორებდა იგი მთას უფსკრულთან და უფსკრულს – მთასთან. და თუ ჩვენც განუწყვეტლივ მის მსგავსად ვიფიქრებთ – თუ აღმოვავსებთ ყოველგვარ უფსკრულს და დავამდაბლებთ ყოველ მთასა და ბორცვს, მაშინ მოვასწორებთ ჩვენსკენ მომავალ გზას უფლისათვის და ვაქცევთ უსწორმასწორო გზას სწორად. (იხ.: „როგორც წერია ესაია წინასწარმეტყველის სიტყვათა წიგნში... გაამზადეთ გზა უფლისა და გამართეთ მისი ბილიკები. ყოველი ხევი ამოივსება და ყოველი მთა და ბორცვი დადაბლდება და იქცევა მრუდე გამართულად და უსწორმასწორო – სწორ გზად; და იხილავს ყოველი ხორციელი ღვთისაგან ხსნას“ (ლუკ. 3: 4–6)).


წინა თავი შემდეგი თავი