მთავარი გვერდი - ბიბლიოთეკა - წმიდა მამები სასოწარკვეთილებისა და მწუხარების შესახებ


მართალი იოანე კრონშტადტელი

თუ ლოცვის დროს ან მის გარეშე მტერი შენს სულს აბრკოლებს ბილწსიტყვაობით ან სხვა რაიმე სისაძაგლით, სასოს ნუ წარიკვეთ ამის გამო, არამედ მტკიცედ თქვი შენს გულში: ამ და მსგავსი ცოდვებისაგან ჩვენს გასათავისუფლებლად „გარდამოხდა ზეცით“ უფალი ჩვენი იესო ქრისტე, ასეთი და მსგავსი უძლურებებისაგან ჩვენს გამოსახსნელად მოვიდა მრავალმოწყალე“. როგორც კი რწმენით წარმოთქვამ ამ სიტყვებს, გულში მაშინვე იგრძნობ სიმშვიდეს, რადგან უფალი განწმენდს გულს. საერთოდაც, არცერთი ცოდვის გამო არ უნდა ჩავცვივდეთ სასოწარკვეთილებაში, არამედ უნდა მივენდოთ უფალს. რა დიდია კეთილმოწყალება ღვთისა! როგორი კაცთმოყვარეა უფალი! დღემდე გვეხმარება თავისი კაცთმოყვარებით, განგვწმენდს და გვაცხოვნებს, მტრის ძლიერება კი შეიმუსრება!

***

ბოროტის მანქანებით, ღვთის დიდ წმინდანებსაც ეუფლებოდათ სასოწარკვეთისა და მწუხარების სული. მაშ, ჩვენ, ცოდვილებმა, რაღა უნდა ვთქვათ? მტერი ჩვენ ხშირად გვწყლავს გაბოროტებით, დამცირებითა და საშინელი სასოწარკვეთილებით. საჭიროა, რომ მუდმივად მივმართოთ უფალს და ყოველ წუთს მასთან ვიყოთ, რათა მრისხანებამ და სასოწარკვეთილებამ არ შეგვიპყროს. არის კიდევ სხვა საშუალება ბოროტი მოწყენილობისა და სასოწარკვეთილებისაგან თავის დასაღწევად – წუთისოფლის განიერი გზა: საკმარისია ამსოფლიურ გართობას მისცე თავი და მეყვსეულად დაგტოვებს მოწყენილობა, გართობის პერიოდში მაინც. მერე კი გართობა ჩვევად და მოთხოვნილებად გექცევა და მხოლოდ და მხოლოდ ის მოგანიჭებს შვებასა და სიხარულს – მაგრამ ღმერთმა ყველა ქრისტიანი დაიფაროს ამგვარი გათავისუფლებით სასოწარკვეთილებისგან. უმჯობესია ვიწრო გზით ვიაროთ, მწუხარება მოვითმინოთ და ვნებათაგან გამოხსნა ვეძიოთ უფალთან, რომელიც სიხარულს ანიჭებს ყველას, ვინც საკუთარი სულის გადასარჩენად ზრუნავს, ვიდრე ვიაროთ წუთისოფლის განიერ და მოსწორებულ გზაზე და იქ სხეულის სიამოვნებებით სასოწარკვეთილების სულისაგან მოვიპოვოთ თავისუფლება. მტერმა სწორედ სასოწარკვეთილების საშუალებით გადაიყვანა ვიწრო და მაცხონებელი გზიდან ბევრი ფართო და სწორ, თუმცა დამღუპველ გზაზე.

***

სასოს ნუ წარიკვეთთ, ჩემსავით ცოდვილნო, არამედ გწამდეთ ღვთის ძის, უფალ იესო ქრისტესი, პატივი ეცით ერთმანეთს და ნუ მოიძულებთ ნურცერთ ცოდვილს, რადგან ყველანი ასეთები ვართ და ყოველი ჩვენგანისათვის მოვიდა უფალი, რათა გვიხსნას, განგვწმინდოს და ზეცად აგვიყვანოს.

***

როდესაც გაშფოთებს და სასოწარკვეთილებაში გაგდებს სხვა ადამიანების ბოროტება, გაიხსენე როგორ უზომოდ უყვარხარ ყოვალადძლიერ და ყოვლადმოწყალე უფალს, რომელიც გარკვეულ დრომდე ითმენს ბოროტებას, მაგრამ შესაბამის სასჯელს მიაგებს თავის დროზე.

***

ნუ დამწუხრდები, არამედ დიდსულოვნად დაითმინე შენს სულში არსებული წყვდიადი, რომელიც ასუსტებს მოუთმენლობისა და ბოროტების ცეცხლს, მწუხარებასა და შევიწროვებას და უნდა ვიცოდეთ, რომ ეს ყველაფერი საჭიროა ჩვენი სულიერი ცხოვრებისთვის, რომ ამით ღმერთი გვცდის, ხომ არ მოვიძულებთ ჭეშმარიტების გზას, გზას რწმენისას და სიკეთისას, და ხომ არ ავირჩევთ ეშმაკის ბილიკებს.

***

სასოწარკვეთილება რაიმე საქმეში წარუმატებლობის გამო გვეუფლება, განსაკუთრებით – სამოძღვრო საქმიანობაში, რომელსაც სხვებისთვის აღვასრულებთ, და სირცხვილი, რომელიც ამ დროს სახეზე აღგვებეჭდება– ბოროტისგანაა, რომელიც ყველგან დაძრწის, როგორც მბრდღვინავი ლომი, რათა გვშთანთქას. ის გვიბიძგებს ყოველგვარი წარუმატებლობისა და ცოდვისაკენ, ამიტომ, იმისათვის, რომ დაუბრკოლებელნი ვიყოთ საქმეში, წინასწარ უნდა შევისწავლოთ ეს საქმე უდიდესი თავშეკავებითა და ლოცვით. ყველაფერში სრულყოფილებისაკენ უნდა ვისწრაფვოდეთ და ადგილი არ უნდა დავუტოვოთ ბოროტს.

მაგრამ თუკი წარუმატებლობა გვეწევა რაიმე საქმეში, სასოწარკვეთილებას არ უნდა მივეცეთ, პირიქით, ვაღიაროთ ღვთის წინაშე ჩვენი ცოდვილობა და უძლურება, დავმდაბლდეთ მის წინაშე, უარვყოთ საკუთარი თავმოყვარეობა და სირცხვილის გარეშე გავაცხადოთ ჩვენი ცოდვა და წინდაუხედაობა, სიზარმაცე და სისუსტე, რათა ღვთის მოწყალების უფსკრულში შთავაგდოთ ეს ცოდვა და მომავალი საქმიანობის კეთილად და წარმატებით დასრულებისათვის გამოვითხოვოთ უფლისაგან მოწყალება და შეწევნა.

***

რომელი ვნებებითაც არ უნდა გებრძოლოს მტერი, მოითმინე მწუხარებისა და გაბოროტების გარეშე, სიმდაბლით, მოკრძალებით და ნუ დაუშვებ გულში ბოროტებას, ძაგებას, დრტვინვასა და მოუთმენლობას.

***

ვისთვისაც ცნობილია უხილავი ბოროტი ძალების შემოტევათა უწყვეტობა, სასოწარკვეთილებაში არ ჩავარდება, მიუხედავად იმისა, რომ ეშმაკი ყოველ ღონეს მიმართავს, რათა სწორედ სასოწარკვეთილებაში ჩააგდოს სული. ასეთი ადამიანი არც გაღიზიანდება, რადგან იცის, რომ ისევ მტერი ცდილობს მის ყველაფრით გაღიზიანებას, ყველაფრით გაბოროტებას, ყველაფერში ეჭვიანობას, რათა ფულისა და მატერიალური კეთიდღეობის მიმართ გახადოს დამოკიდებული. საჭიროა, რომ ყურადღებით ვიყოთ საკუთარი თავის მიმართ, რადგან მტერი ხშირად ინიღბება ჩვენი თავმოყვარეობით, თითქოს ჩვენი კეთილდღეობის გამო ღელავდეს, სინამდვილეში კი თავად გვღუპავს. ქრისტიანულო იმედო! რამდენს აკლიხარ უხილავი მტრების მზაკვრობათა გამო! რამდენი ვარდება სასოწარკვეთილებაში და თავს იღუპავს! გავიხსენოთ ნებაყოფლობით ჩამომხრჩვალნი, წყალში დამხრჩვალნი და სხვა მრავალი სახით საკუთარ ცხოვრებაზე ხელაღებულნი, ასევე ლოთები და მრავალი სხვ.

***

სულიწმინდა იწოდება ნუგეშის მომნიჭებლად – ასეთია მშვიდობა, სიხარული და დაუსრულებელი ნეტარება – და მოქმედებს მორწმუნეთა სულებზე, რომლეთაც, როგორც დედა, ანუგეშებს კეთილ საქმეებში, მწუხარებაში, სნეულებასა თუ სარწმუნოებისადმი თავდადებაში. სულიწმინდა ნუგეშინისმცემლად იწოდება ასევე საპირისპიროდ ბოროტი სულისა, რომელიც ხშირად აშფოთებს ჩვენს სულებს.

***

ყველაფერს აქვს თავისი მიზეზი. მაგალითად, რაიმე კეთილი საქმე აღასრულეთ, გიხარიათ და გულში სიმშვიდეს გრძნობთ. რატომ? იმიტომ, რომ თქვენში არის ნუგეშისმცემელი სული, რომელიც ყოველგან არის და ყოველივეს აღავსებს თავისი მადლით, კეთილთა საუნჯე, რომელიც განუგეშებს თქვენ. ამის საპირისპიროდ, როდესაც რაიმე ცუდ საქმეს ჩაიდენთ ან საერთოდ არაფერს გააკეთებთ, გულში გამანადგურებელ მწუხარებას გრძნობთ. რატომ? იმიტომ, რომ სასოწარკვეთილების ბოროტ სულს დაემონეთ; მაგალითად, იწყებთ ლოცვას და გიპყრობთ სასოწარკვეთილება, რომელიც ლოცვის წინ არც არსებობდა, ან სულიერ წიგნს კითხულობთ, მაგალითად წმიდა წერილს და გეუფლებათ მოწყენილობა, მწუხარება, სიზარმაცე, ეჭვები, მცირედმორწმუნოება და ურწმუნოება. რით არის ეს განპირობებული? იმით, რომ განსაცდელს გივლენენ და თქვენს ცდუნებას ცდილობენ მწუხარების, ეჭვიანობისა და ურწმუნოების ბოროტი სულები.

თქვენ ღვთისმსახურებას ესწრებით ეკლესიაში და გრძნობთ სიმძიმეს, მოწყენილობას, სიზარმაცეს, სასოწარკვეთილება გეუფლებათ – და ისევ, რა არის ამის მიზეზი? ის, რომ თქვენ სასოწარკვეთილებისა და სიზარმაცის ბოროტი სულები გებრძვიან; ან გსურთ ქადაგების მომზადება, თქვენს გულსა და გონებაში კი სიცივე და გაურკვევლობაა, სხეული კი – დაუძლურებული. რატომ? იმიტომ, რომ თქვენზე მუხანათურად მოქმედებენ უხილავი მტრები. ამაში დარწმუნება ძალიან მარტივია: უბრალოდ, არ დაემორჩილოთ მათ და თავს იგრძნობთ მსუბუქად და კარგად! ამიტომაც გვჭირდება სულიწმიდის შეწევნა ყოველგვარ კეთილ საქმეში: იგი არის ჩვენი ძალა, სიმტკიცე, სინათლე, სიმშვიდე და ნუგეში.

***

დაე, ნურცერთი ცოდვილი ნუ წარიკვეთს სასოს, არამედ ჰქონდეს მიტევებისა და ყოველგვარი ცოდვისგან განწმენდის იმედი, რადგან გვყავს მაცხოვარი, რომელიც მადლით ყოველთვის ჩვენთან არის ეკლესიაში, განსაკუთრებით წმიდა საიდუმლოებებში და რომელიც „ჩვენთვის, კაცთათვის და ჩვენისა ცოდვებისათვის გარდამოხდა ზეცით,“ რათა განგვწმინდოს. საკმარისია, რომ ვირწმუნოთ მისი, გულწრფელად მოვინანიოთ და რწმენითა და სიყვარულით ვეზიაროთ მის ყოვლადწმინდა სისხლსა და ხორცს.


წინა თავი შემდეგი თავი