მთავარი გვერდი - ბიბლიოთეკა - წმიდა მამები სასოწარკვეთილებისა და მწუხარების შესახებ


წმიდა ეგნატე ბრიანჩანინოვი

სასწარკვეთილების აზრებთან, როგორი სიტყვამრავალი, დახლართული და გონივრულიც არ უნდა იყვნენ ისინი, ბრძოლა საჭიროა მარტივად, ისევე მარტივად, როგორც მარტივია ქრისტიანული სარწმუნოება, რომელიც თავისი სიმარტივით გასაგებია ყოველი ადამიანისთვის და თავისი სიძლიერით აკმაყოფილებს ყველას. ებრძოლეთ სასოწარკვეთილების აზრებსა და განცდებს მდაბლად წარმოთქმული სიტყვებით: „უფალო, იყოს ნება შენი! კურთხეულია და წმიდა უფალი ყოველ მის საქმეში!“ წარმოთქვით ეს სიტყვები გონებაში, ხოლო როცა მარტო ხართ, ხმამაღლა წარმოთქვი აჩქარების გარეშე, ყურადღებითა და მოწიწებით; იმეორეთ ეს სიტყვები მანამ, სანამ არ ჩაცხრება სასოწარკვეთილების განცდა და აზრები.

და როდესაც ისინი კვლავ აღდგებიან, გამოიყენეთ იგივე იარაღი. გამოცდილებით შეიცნობთ ამ იარაღის ძალას, რომელიც, ერთი შეხედვით, ასეთი უმნიშვნელოა. ბრძოლის მდგომარეობიდან სიმშვიდეში გადასვლა მხოლოდ გამარჯვებით არის შესაძლებელი.

მწუხარებას დამორჩილება უკიდურესად სახიფათოა: როდესაც იგი ადამიანში ძლიერდება, სრულიად ეუფლება მას და შეუძლია მოკლას სულიც და სხეულიც. ნუ იჩქარებთ, რომ მოკვდეთ - ყველაზე ხანგრძლივი ცხოვრებაც კი მარადიულობასთან შედარებით მხოლოდ წამია. მიანდეთ საკუთარი თავი და თქვენი მიწიერი მოგზაურობის წლები ღვთის ნებას, თავად კი გამოიყენეთ ეს ვადა იმისათვის, რომ უკეთესად მოემზადოთ მარადიული ცხოვრებისთვის, რათა რაც შეიძლება მეტი სიკეთე აღასრულოთ თქვენი მშობლისთვის.

ნუ გიკვირთ, რომ სუსტი ხართ სულიერ ღვაწლში - ამის მიზეზი თქვენი სულიერი სიახლეა. დრო გაგამდიდრებთ თქვენ გამოცდილებითა და ძალით. თანგარძნობით შევცქერი თქვენს სულიერ მდგომარეობას: თქვენ, როგორც ცეცხლით, იმგვარად გამოიწრთობით სასტიკი მწუხარებით. დაითმინეთ ამ მდგომარეობის სიმძიმე და მისი დასრულების შემდეგ თქვენ იგრძნობთ, რომ მეორედ დაიბადეთ, იხილავთ საკუთარ თავს, გამდიდრებულს სულიერი საუნჯით, რომლის არსებობის შესახებაც კი არაფერი იციან ადამიანებმა, რომელთა მიწიერი ცხოვრება მხოლოდ სიამოვნებებით იყო აღსავსე. მაშინ თქვენ შეიცნობთ, რომ კეთილია უფალი თვით მწუხარებებშიც, რომელთაც თავად გვიგზავნის - იმოტომ, რომ დროებით მწუხარებებს მიჰყავთ მარადიულ სიკეთეებთან ისინი, ვინც იღებს ამ მწუარებებს სათანადოდ.


წინა თავი შემდეგი თავი