მთავარი გვერდი - ბიბლიოთეკა - წმიდა მამები შურის შესახებ

წმიდა მამები შურის შესახებ
ცოდვათა განმარტებანი

მართალი იოანე კრონშტადტელი

განმაშორე, ღმერთო, ამქვეყნიური მზაკვრული გულისთქმები. როგორ მომაბეზრა თავი გაუთავებელმა მაცდურმა სურვილმა ამ ხილულ სამყაროში (არსებობს უხილავიც), რომელიც გვაშორებს ნამდვილ, უხილავ, მარადიულ ცხოვრებას. წუთისოფელში გამუდმებით ვაწყდებით ხილულით გაუმაძღრობას, ვნებებისკენ ლტოლვას, მდიდრების მიმართ შურს, და ა. შ. და ა. შ. ჩვენთვის დაუსრულებლად ვაგროვებთ და არაფერს გავცემთ ღატაკთათვის, უფრო მეტიც, ვართმევთ კიდეც მათ. იყავი მდიდარი ღმერთით და ნუ შეგშურდება იმათი, ვინც უგნურობამდე მდიდრდება და ივიწყებს ღმერთს.

***

როცა ადამიანს სხვისი სიმდიდრისა და ცხოვრებისეული კეთილდღეობის შურს, აღმოაჩენს, რომ თავად აქვს ამ ყველაფრის მიმართ ლტოლვა და გონებაცა და გულიც სხვა მხარეს ეწევა, რის შედეგადაც გულით შორდება ღმერთს და ხდება კერპთაყვანისმცემელი. უმჯობესია დაუკვირდე გლეხს: მისი სასმელი წყალია, ზოგჯერ ჩაი და ისიც – არა ყველასთვის, ქონება – ორი – სამი პირუტყვი, ცხენი, რამდენიმე ცხვარი საკვებისა და ტანსაცმლისათვის. და თუ გავითვალისწინებთ მუდმივ ხანძრებს, ყველაფერს რომ წვავს სოფელში, საკვირველია, კიდევ როგორ ცხოვრობენ ეს ღარიბი ადამიანები. ქალაქელები სიმდიდრეში იხრჩობიან, სოფელი კი ცეცხლსა და სიღატაკეში იძირება. სოფლად მცხოვრებნი მოწამენი არიან, მუდმივად მწუხარებაში მყოფნი. მომავალ საუკუნეში ამ უკანასკნელთაგან ბევრი იქნება პირველი.

ნუ გშურს ძუნწი და გულქვა მდიდრების, რომლებიც უსამართლოდ გამდიდრდნენ გაჭირვებული ადამიანების ხარჯზე. ისინი იღუპებიან ამაოებასა და სიმდიდრეში, ივიწყებენ ღმერთს და შორდებიან მას. გახსოვდეს, რომ „ცეცხლს მიეცემა მიწა და ყოველი მისი საქმე“ (2 პეტრ. 3: 10). ნუ გშურს იმათი, ვინც სხეულით მდიდრდება და უკვდავი სულისთვის არ ზრუნავს, და ილოცე მათთვის, რომლებიც იღუპებიან და დაბნელებული არიან სულიერად, ხოლო შენ ყოველთვის გულში გყავდეს ღმერთი, რომელიც მორწმუნე ადამიანის შეჭმარიტი სიმდიდრეა.

****

ვისაც შურს სხვისი სიმდიდრის, სწორედ ამით ამჟღავნებს თავის თავში დაფარულ სურვილს – თავად დაეუფლოს ამ სიმდიდრეს, ამავდროულად, აღმოაჩენს სიცარიელეს საკუთარ გულსა და გონებაში და არასაკმარის რწმენას უფლისა (ვის მიერაც ცოცხლობს ყოველი კაცი) და არასაკმარის სიყვარულს უძლური მოყვასის მიმართ. ხოლო ღმერთი რომ ყოფილიყო მისი გულის სიმდიდრე, არასოდეს შეშურდებოდა მოყვასის მიწიერი და წარმავალი სიმდიდრის, რადგან ამაოებად მიიჩნევდა მას და ხელისშემშლელად სულის ცხონების გზაზე, რამეთუ მდიდრისთვის საკმაოდ რთულია შევიდეს ცათა სასუფეველში, დაღუპვა კი – ისევე ადვილია, როგორც სახარებაში მოხსენიებული მდიდრის, რომელსაც „ზღვა მოსავალი მოვიდა; საგონებელში ჩავარდნილმა კი თქვა: რა ვქნა, სად წავიღო ამდენი მოსავალი?“ (ლკ. 12:16–17). იკითხე სახარება და გამოიძიე რაში მდგომარეობს ჭეშმარიტი ქრისტიანის სიბრძნე: სულის სიგლახაკებასა და თავგანწირვაში ხომ არა?! მოციქული ბრძანებს: „თითქოს არას მქონენი, მაგრამ ყველაფრის მფლობელნი“ (2 კორ. 6:10).

****

ქრისტიანისათვის შური არის უგუნურება. ქრისტეში ჩვენ, ყველამ, უსასრულოდ დიდი სიკეთეები მივიღეთ, ყველანი გავხდით ცათა სასუფევლის ენით აღუწერელი და მარადიული სიკეთეების მემკვიდრენი. მიწიერი კეთილდღეობის დაპირებაც გვაქვს, თუკი ვეძიებთ მხოლოდ ღვთის სიმართლეს და ცათა სასუფეველს:“ მაშ, ეძებეთ უპირველესად უფლის სასუფეველი და სიმართლე მისი, და ყოველივე ეს მოგეცემათ თქვენ“ (მთ. 6: 33). ჩვენ გვეუწყა, რომ უნდა ვიკმაროთ ის, რაც გვაქვს და არ უნდა ვიყოთ ვერცხლისმოყვარენი: „თქვენი გზა იყოს ვერცხლმოყვარეობის გარეშე და იმას დასჯერდით, რაცა გაქვთ, ვინაიდან თქვა: „არ მიგატოვებ და არ დაგაგდებ“ (ებრ. 13: 5). და განა უგუნერება არ იქნება ამის შემდეგ, რომ შეგშურდეს რაიმეს გამო მოყვასის, მაგალითად: მისი პატივის ან სიმდიდრის, მდიდრული სუფრის, საუცხოო ტანისამოსის, ბრწყინვალე საცხოვრებლის და ა. შ. განა ეს ყველაფერი მტვერი არაა იმასთან შედარებით, რაც გვებოძა ღვთის ხატებითა და მსგავსებით, როგორადაც ვართ შექმნილი, და რომ გამოგვისყიდა ძე ღვთისამ ცოდვის, წყევისა და სიკვდილისგან, და რომ მოგვმადლა კვლავ ზეციური მამის წყალობა და საუკუნო განსვენება ზეცაში. მაშ, მოვიხვეჭოთ ურთიერთსიყვარული, ერთმანეთის მიმართ კეთილგანწყობა და საკუთარი მდგომარეობით კმაყოფილება, მეგობრობა, სტუმართმოყვარეობა, გლახაკთმოყვარეობა, უცხოთმოყვარეობა და სათნოებათა მწვერვალი – სიმდაბლე, უბოროტობა, კრძალულება, სიმშვიდე, სიწმინდე. პატივი ვცეთ ერთმანეთში ღვთის ხატებას, ქრისტეს სხეულის ნაწილებს, ღვთის შვილებს, ცათა სასუფეველის მოქალაქეებს, ანგელოზთა თანამოქალაქეებსა და თანამსახურებს, „რათა ვიყოთ ყველანი ერთნი“ (შდრ.: იოან. 17: 22), როგორც ღმერთი ჩვენი, სამებით თაყვანისცემული, არის ერთი და ჩვენი გულებიც შემქნა ერთობისათვის, ანუ უბრალოებისა და ერთიანობისათვის.

***

რაოდენ არ ეკადრება ღვთის ხატად შექმნილი ადამინის სულს მიწიური მიდრეკილებები, რომლებიც ამდაბლებენ და დროებითსა და ხრწნადს მიაჯაჭვავენ მას, აშორებენ და აუცხოვებენ მას ღმერთთან, იმის ნაცვლად, რომ „აღვიდეს მთასა წმიდასა“ უფალთან – პირველსაწყისთან და მარადიულ ცხოვრებასთან,. რაოდენ შუარიანია ადამიანის თვალი, რომელსაც სურს დაეუფლოს მთელ სამყაროს და შურს იმათი, ვინც ფლობს მიწიერი სიკეთეებს, დამიუხედავად იმისა, რომ თავადაც საკმარისად აქვს ყველაფერი! რა დიდი შეურაცხყოფაა თავისი ბუნების, რომელიც მიმართული უნდა იყოს სულიერი, მარადიული სიკეთეებისაკენ!

***

არის კიდევ რამდენიმე სახეობა ჩუმი, უსიტყვო და ან ცუდმეტყველი ეშმაკეულობისა: ასეთია ეშმაკეულობა შურიანი ადმიანების, რომელთაც სხვების ბედნიერება და კეთილდღეობა არ ასვენებთ, და რომლებიც ან უთქმელობით იტანჯებიან შინაგანად, როდესაც ახლობლების ბედნიერებას ხედავენ, ან ცილს სწამებენ მათ, ვისიც შურთ.


წინა თავი შემდეგი თავი