მთავარი გვერდი - ბიბლიოთეკა - წმიდა მამები შურის შესახებ

წმიდა მამები შურის შესახებ
ცოდვათა განმარტებანი

ღირსი მაკარი ოპტინელი

მეკითხები შურის ვნების შესახებ, რომელიც ჩაბუდებულია შენში, და გეშინია, რომ ასევე დარჩება სიკვდილამდე; თან გიკვირს როგორ წარმოშობს მას სიამაყე. თავად განსაჯე, განა შენი პატივმოყვარეობა და თავმოყვარეობა არ არის შურის მიზეზი? წმინდა მამა ამბობს: „თავმოყვარე ვერ იქნება ძმათმოყვარე“. შენ რომ გეცადა მოგეხვეჭა თავმდაბლობა – აღარაფერს ვამბობ, რომ გქონოდა იგი – ყველაფერში შენზე წინ მოყვასსა და მის ინტერესებს დააყენებდი. რა ტანჯავს შურიანს? მოყვასის კეთილდღეობა და უპირატესობა! მიუხედავად იმისა, რომ თავადაც აქვს იგივე ნიჭი და ხანდახან უპირატესობაც, მაინც წუხს იმის გამო, რომ ეს ყოველივე აქვს მოყვასსაც. ხოლო სადაც სიყვარული და თავმდაბლობაა, იქ შურის ყველა მზაკვრობა განადგურებულია. ნუ შეძრწუნდები, რომ ვნება შენ გაცივებს, შეეცადე შეებრძოლო მას საკუთარი თავის ყვედრებით, თავმდაბლობითა და სიყვარულით. სადაც შურია, უკვე ცხადია, რომ იქ სიყვარული და თავმდაბლობა განდევნილია, მათ გარეშე კი, აბა, სათნოებებს რა ფასი აქვს. მაგრამ სასოწარკვეთილებაში ნუ ჩავარდები და ნუ იფიქრებ, რომ ეს ვნება სიკვდილამდე იქნება შენში. თავმოყვარეობის შესუსტებით, სიყვარულის მოხვეჭითა და თავმდაბლობით შეძლებ გათავისუფლებას.

… ეკლესიაში მყოფი სიმშვიდესა და სიწყნარეს გრძნობდი და ეს განუგეშებდა, მაგრამ შემდეგ მისი უპირატესობის გამო შური დაგეუფლა და გონება დაგიბნელა, აქედანაც ადვილი მისახვედრია, რომ საკუთარ თავზე წარმოდგენა არ უნდა შეიქმნა, თუნდაც რომ დიდი ნიჭები გებოძოს, რადგან ჩვენში ფარულად ისევ მოქმედებს ვნებები... ოჰ, როგორი მწარე და ძნელად ასახსნელია შური, რადგან ის გარეგნულად კი არა, შინაგანად გვეუფლება; შემოუშვებ შურს, შემოუშვებ ეშმაკს, ეშმაკი კი სიბნელე და შფოთია; ხოლო სადაც მადლია, იქ სინათლე და სიმშვიდეა. წინააღმდეგობა გაუწიე შურის ვნებას, იშრომე და არ იფიქრო, რომ ადამიანები გაძლევენ შურის საბაბს, ესა თუ ის შემთხვევა მხოლოდ ააშკარავებს შენში დაფარული ამ ვნებას, რომ დაინახო ის, რომელიც ღვთის განგებულებით დაეშვა შენზე, რათა განიკურნო.

ყველა ვნებას უნდა ებრძოლო მისი საპირისპირო სათნოებით; სიამაყეს – სიმდაბლით, ნაყროვანებას – თავშეკავებით, შურსა და ბოროტმეხსიერებას – სიყვარულით; მაგრამ როცა ასე არ არის, მაშინ ვაყვედროთ თავს, თავი დავიმდაბლოთ და შემწეობა ვთხოვოთ ღმერთს.


წინა თავი შემდეგი თავი