მთავარი გვერდი - ბიბლიოთეკა - წმიდა მამები შურის შესახებ |
წმიდა დიდმოწამე კვიპრიანე კართაგენელი
|
თქვენ ეჭვიანობა მისაღებად მიგაჩნიათ, სხვები კი, საყვარელო ძმებო, მცირე და უმნიშვნელო ცოდვად მიიჩნევენ შურდეთ იმათი, ვინც მათზე უკეთესია; და რაკი მცირე და უმნიშვნელო ცოდვად მიიჩნევენ, არაფრად აგდებენ; და რაკი არაფრად აგდებენ, უგულებელყოფენ; უგულებელყოფის გამო კი არ ერიდებიან მას; შედეგად, შეუმჩნევლად და ფარულად აღესრულება მათი დაღუპვა. ის, რასაც ოდნავ ამჩნევენ წინდახედულები, რომ განერიდონ, წინდაუხედავთა გონებას ჩუმად აზიანებს. არადა, უფალი მოგვიწოდებს ვიყოთ ბრძენნი და გამოვიჩინოთ სიფრთხილე, რათა მტერი, რომელიც მუდამ ფხიზლობს და ჩასაფრებული გველოდება, არ შემოიჭრას ჩვენს გულში და ნაპერწკლიდან ცეცხლი არ გააღვივოს, მცირე რამ დიდად არ აქციოს და სიფრთხილეს მოკლებულებსა და დაუდევრებს ნაზი ქროლითა და მსუბუქი ნიავით ძილი არ მოჰგვაროს, შემდეგ კი გრიგალი და ქარიშხლი არ გამოიწვიოს და ამით არ გაუნადგუროს რწმენა და ცხოვნება, არ დაუნგრიოს თვით ცხოვრება. ასე რომ, საჭიროა ფხიზლად ყოფნა, საყვარელო ძმებო; მთელი ძალებით უნდა დავუპირისპიროთ მტერს გულმოდგინე და დიდი სიფხიზლე, რადგან ის მთელ სხეულზე გამძვინვარებული გვიშენს ისრებს, რომელთაც ძალუძთ ჩვენი დაზიანება და დაჭრა. ამის შესახებ გვარწმუნებს და შეგვაგონებს მოციქული პეტრე თავის ეპისტოლეში: „იფხიზლეთ, მღვიძარე იყავით, რადგან თქვენი მეტოქე ეშმაკი, როგორც მბრდღვინავი ლომი, დადის და ეძებს ვინ შთანთქას“ (1 პეტრ. 5: 8). ის თითოეულ ჩვენგანს გარს უვლის, როგორც მტერი, რომელიც ციხესიმაგრეს ათვალიერებს და ამოწმებს, რომ იპოვოს ნაკლებად გამაგრებული და სუსტი ადგილი, საიდანაც შეძლებს შიგნით შეღწევას. ბოროტი თვალებს მაცდუნებელ გამოსახულებებსა და გასართობებს წარმოუდგენს, რათა შერყვნას ჩვენი უბიწოება; ყურს იტაცებს მხიარული სიმღერებით, რათა სასიამოვნო მელოდიით შეარყიოს და შეასუსტოს ჩვენი სარწმუნოება; ბილწსიტყვაობისაკენ უბიძგებს ენას, მრავალი შეურაცხყოფით აღიზიანებს და თავხედურად აქეზებს ხელს მკვლელობაზე; სთავაზობს არაკეთილსინდისიერ მოგებას, რათა გამორჩენაზე აფიქროს; აჩვევს დამღუპველ დანაზოგებს, რათა ვერცხლისმოყვარეობა შეჰყაროს; ჰპირდება მიწიერ პატივს, რათა ზეციური წაართვას; სააშკარაოზე გამოაქვს ტყუილი, რათა მიიტაცოს შეჭმარიტება. მუდამ იმის ფიქრშია როგორ დაამარცხოს ღვთის მონები, მუდმივად მტრულადაა განწყობილი, მშვიდობიანობის დროს – მზაკვარია, დევნისას – დაუნდობელი; როდესაც არ შეუძლია აცდუნოს ფარულად, ემუქრება ცხადად და დასანახად, აშინებს დევნის სისასტიკით, ამიტომ, საყვარელო ძმებო, საჭიროა სულის სიმტკიცე, უნდა აღვიჭურვოთ როგორც ეშმაკის ყველა ფარული ხრიკის, ასევე მისი ყოველგვარი აშკარა მუქარის წინააღმდეგ. მუდმივი მზაობა გვმართებს მათ მოსაგერიებლად ისევე, როგორც მტერია მუდამ მზად შეტევისათვის. და რადგან ფარულად და უწყვეტად გამოტყორცნილი ისრები უფრო მეტად აზიანებენ და აჭრილობებენ სულს, როცა ნაკლებად აქცევენ მათ ყურადღებას, სწორედ ამიტომ საჭიროა ვიყოთ ფხიზელნი, რათა არ გამოგვეპაროს და მოვიგერიოთ მტრის მიერ ნატყორცნი ისრები, როგორიცაა შური და ეჭვიანობა. ვინც ნათქვამს ჩაუკვირდება, აღმოაჩენს, რომ ქრისტიანი ყველაზე მეტად უნდა ერიდოს და განსაკუთრებით უნდა ეცადოს არ გაიტაცოს წყენამ და შურმა, რათა, გახლართული უხილავი მტრის ფარულ ბადეში და შურით შეპყრობილი, მტრულად არ განეწყოს ძმის მიმართ და გაუცნობიერებლად არ დაიღუპოს თავისივე მახვილით. იმისათვის, რომ სრულად გავიაზროთ და უკეთ გავერკვეთ ამ საკითხში, გამოვიძიოთ დასაწყისი ანუ ვნახოთ საიდან და როგორ დაიწყო ეჭვიანობა, რადგან უფრო მარტივი იქნება ჩვენთვის მოვერიდოთ ამ დამღუპველ ბოროტებას, თუ გვეცოდინება მისი წარმომავლობა და შესაძლებლობები. ღვთის მიერ შექმნილ სამყაროში შურით პირველად ეშმაკი დაიღუპა და შემდეგ თავად იქცა დამღუპველად. ანგელოზებრივი დიდებულებით შემკული, ღვთისათვის სათნო და საყვარელი, ეჭვითა და შურით აღივსო, როდესაც იხილა ღვთის ხატად შექმნილი ადამიანი და შურითვე წაქეზებული, დაემხო მანამ, სანამ სხვას დაამხობდა; დაეცა მანამ, სანამ სხვას დასცემდა და პირველი თავად დაიღუპა, შემდეგ კი, შურით აღვსილმა, მოინდომა ადამიანისათვის წაერთმია მისთვის ბოძებული უკვდავება, მაგრამ თავად დაკარგა ის მდგომარეობა, რომელიც თავდაპირველად ჰქონდა. რა არის ეს ბოროტება, საყვარელო ძმანო, რომლითაც დაეცა ანგელოზი და რომელმაც შეძლო თავგზა აებნია ასეთი უმაღლესი და უაღმატებულესი ქმნილებისათვის და გაენადგურებინა ის? მას შემდეგ შური მძვინვარებს დედამიწაზე, და ვინც ემორჩილება შურის მასწავლებელს, ის იმასვე ბაძავს, რომელსაც შურს და რომლის შესახებაც წმინდა წერილში ნათქვამია: „შურითა ეშმაკისათა სიკუდილი სოფელსა შემოჴდა და განცდიან მას, რომელნი - იგი არიან ნაწილსა მისსა“ (სიბრძ. 2: 24). ძმებს შორის მტრობა და უწმინდური ძმათაკვლაც დაიწყო იმით, რომ უსამართლო კაენს შეშურდა მართალი აბელის, ბოროტმა შეიძულა კეთილი, იეჭვიანა მასზე. გაშმაგებულ ეჭვნიანობას კი ისეთი ძალა ჰქონდა ბოროტების საქმნელად, რომ დავიწყებულ იქნა ძმური სიყვარული, ცოდვის სიმძიმე, ღვთის შიში და დანაშაულის გამო მოსალოდნელი სასჯელი; უსამართლოდ დაიჩაგრა ის, ვინც პირველმა აჩვენა სიმართლე; სიძულვილის მსხვერპლი გახდა ის, ვისაც არ შეეძლო სიძულვილი; უსამართლოდ იქნა მოკლული ის, ვინც არც კი ეწინააღმდეგებოდა სიკვდილისას. ასევე შურის გამო გადაემტერა ესავი თავის ძმას – იაკობს, რადგან სწორედ ამ უკანასკნელმა მიიღო კურთხევა მამისაგან, და აი, შურმა აიძულა ესავი მტრად მოკიდებოდა ძმას და ედევნა ის. შურია იმის მიზეზიც, რომ ძმებმა გაყიდეს იოსები: თავისი უბრალოებით მოუყვა იგი ძმებს იმ ხილვის შესახებ, რომლითაც ეუწყა თავისი მომავალი დიდებულება, მაგრამ მტრულად განწყობილი ძმები უფრო მეტად აღივსნენ ბოროტი შურით. და რა იყო, თუ არა შური, მიზეზი იმისა, რომ შეიძულა საულმა უდანაშაულო, გულმოწყალე, მშვიდი და თავმდაბალი დავითი, თანაც იმდენად, რომ დევნიდა და სურდა მისი მოკვლა?! როდესაც მოკლულ იქნა გოლიათი, ღვთის შეწევნითა და დახმარებით, ხალხმა სახოტბო სიმღერით გამოხატა თავისი აღტაცება დავითის მიმართ. მაშინ შეშურდა საულს დავითის და გაშმაგებული, შეიპყრო მტრობისა და დევნის სურვილმა. მაგრამ არ შემოვიფარგლებით მხოლოდ ცალკეული მაგალითების გახსენებით და ყურადღება მივაქციოთ ერის დაღუპვის შემთხვევასაც. მაგალითად, იმიტომ ხომ არ დაიღუპნენ იუდეველები, რომ უფრო მეტად შური აღეძრათ ქრისტეს მიმართ, ვიდრე ირწმუნეს მისი? ისინი შეურაცხყოფდნენ უფლის მიერ აღსრულებულ საქმეებს და შურით დაბრმავებულებმა, ვერ დინახეს მასში ღვთაებრივი. ვიფიქროთ ამის შესახებ, საყვარელო ძმებო, სიფხიზლისა და სიმტკიცის გალავანი შემოვავლოთ ჩვენს გულებს, უფლისთვის მიძღვნილთ, რათა თავი დავიცვათ ამ დამღუპველი ბოროტებისაგან. დაე, სხვების სიკვდილი სასარგებლო აღმოჩნდეს ჩვენი სულების ხსნასათვის; დაე, დაუდევართა დასჯით სრულიქმნან გონიერნი. ცდებიან ისინი, ვინც ფიქრობს, რომ ამ ბოროტებას მხოლოდ ერთი სახე აქვს და რომ ხანმოკლეა და გარკვეულ საზღვრებში მოქცეული. შურის დამღუპველობა შორს მიდის: იგი მრავალსახე და უხვნაყოფიანია. ესაა ყოველგვარი ბოროტების ფესვი, მოოხრების სათავე, ცოდვების სანერგე, დანაშაულის მიზეზი. აქედან მოდის სიძულვილი, აქედან აღმოცენდება სიფიცხე. შური აძლიერებს სიხარბეს, რადგან როცა თავისზე მდიდარს ხედავს შურიანი, რაც აქვს აღარ აკმაყოფილებს; შური აღვიძებს პატივმოყვარეობას მაშინ, როდესაც სხვას ხედავს უფრო მეტ პატივში. და რაც უფრო სწრაფად მოაუძლურებს შური ჩვენს გრძნობებს და დაეუფლება ფარულ გულისთქმებს, მით უფრო სწრაფად უგულებელყოფს შურიანი ღვთის შიშსა და შეურაცხყოფს უფლის სწავლებას, არ ფიქრობს საშინელ სამსჯავროზე, ქედმაღლობს ამპარტავნებით, ძლიერდება მისი სისასტიკე, იმატებს ღალატი, ტანჯავს მოუთმენლობა, მძვინვარებს უთანხმოება, დუღს მრისხანება – რადგან არ ძალუძს თავის შეკავება და საკუთარი თავის მართვა იმას, ვინც სხვისი ძალუფლების ქვეშ აღმოჩნდება. ამას მოსდევს სიმშვიდის დაკარგვა და კავშირის გაწყვეტა უფალთან, ძმური სიყვარულის დაკარგვა, ჭეშმარიტების დამახინჯება, ერთობის დარღვევა, შემდეგ კი – მწვალებლობათა და განხეთქილებათა აღმოცენება, რადგან იწყებს მღვდლების ლანძღვას, შურს ეპისკოპოსების, უკმაყოფილებას გამოთქვამს რატომ დაადგინეს სხვა და არა ის, არ ცნობს სხვას ხელმძღვანელად. ოჰ, როგორი მატლია სულისათვის, როგორი შხამია აზრებისათვის, როგორი ჟანგია გულისთვის – გშურდეს სხვისი ბედნიერების და გშურდეს სახელოვანის, ანუ გძულდეს სხვაში მისივე დამსახურებები ან ღვთის სიკეთეები, სხვების ბედნიერება საკუთარ უბედურებად აქციო, დაიტანჯო წარმატებული ადამინების კეთილდღეობით, სხვების პატივი სასჯელად გაიხადო და ერთგვარად, საკუთარ გულს მიუჩინო ჯალათები, საკუთარი აზრებს და გრძნობებს მიუსიო მტანჯველები, რომლებიც აწამებენ მათ შინაგანი ტანჯვით, რათა დაფლითონ გული ბოროტი სურვილების ბრჭყალებით! ასეთებს არ ახარებთ საკვები და სიამოვნებას არ ანიჭებთ სასმელი, ისინი გამუდმებით ოხრავენ, ნაღვლობენ, მწუხარებენ და რადგან შური არასოდეს ტოვებს შურიანებს, დღე და ღამ მისით შეპყრობილნი, განუწყვეტლივ იტანჯებიან. ყველა ბოროტებას თავისი საზღვარი აქვს და ყოველი ცოდვა ცოდვის ჩადენით სრულდება: მრუშობის ცოდვა სრულდება მრუშობის აღსრულებით; ბოროტმქმედში ბოროტება ცხრება მკვლელობის ჩადენით; მძარცველში მტაცებლობა სრულდება დოვლათის გატაცებით, ფლიდი მშვიდდება სიცრუის თქმით, შურს კი არა აქვს საზღვარი – ესაა ბოროტება განუწყვეტელი, ესაა ცოდვა, რომელსაც არა აქვს დასასრული! და რაც უფრო მეტად უმჯობესდება მდგომარეობა იმისი, ვისკენაც შურია მიმართული, მით უფრო მეტად იწვის შურიანი შურის ალით. ამ ყველაფრის თანამდევია პირქუში შესახედაობა, მკაცრი გამოხედვა, ფერმკრთალი სახე, ტუჩების ცახცახი, კბილთა ღრჭენა, გაშმაგებული გინება, მკვლელობისათვის გამზადებული ხელები – გარკვეულ დრომდე მახვილის გარეშე, თუმცა დაუნდობელი სიძულვილით შეიარაღებული. ამიტომაც ამბობს სულიწმიდა ფსალმუნებში: „ნუ შეგშურდება თავის გზაზე წარმატებულის, კაცისა, რომელიც ბოროტს იზრახავს“ (ფს. 36: 7), და კიდევ: „ცუდი განზრახვა აქვს ბოროტს მართლის მიმართ და კბილებს აღრჭენს მის წინააღმდეგ. უფალი დასცინებს მას, ვინაიდან ხედავს, რომ მოდის მისი დღე“ (ფს. 36: 12-13). მათ შესახებ მიუთითებს და აღნიშნავს პავლე მოციქული; „პირაშკმული სამარეა მათი ყელი; ენით ზაკვას იტყვიან; ასპიტთა გესლი სცხიათ ბაგეზე. პირი წყევლითა და სიმწრით აქვთ სავსე. ფეხმარდნი არიან სისხლის საღვრელად. ნგრევა და ვარამია მათ გზაზე. ვერ უცვნიათ მშვიდობის გზა. ღვთის შიში არ არის მათ თვალწინ“ (რომ. 3: 13-18). ბოროტება ბევრად მსუბუქია და საშიშროებაც ნაკლებია, როდესაც ჭრილობას აყენებენ მახვილით. ღია წყლული ადვილად იკურნება მალამოს დახმარებით, მაგრამ ჭრილობა, რომელიც მიყენებულია ეჭვიანობით, თვალისთვის უხილავია და ფარული; უხილავი სენი, გამომწყვდეული სინდისის სამალავებში, არ იღებს საექიმო საშუალებებს. ვინც არ უნდა იყო, თუ ხარ ღვარძლიანი და შურიანი, დაინახე, როგორი მზაკვარი ხარ და ბოროტი იმათ მიმართ, ვინც გძულს, თუმცა შენ ყველაზე დიდი მტერი ხარ შენი ცხოვნების. ყოველი, ვისაც დევნი შენი ეჭვიანობით, შეიძლება ხელიდან გაგისხლტეს, მაგრამ საკუთარ თავს ხომ ვერ გაექცევი! შენი მოწინააღმდეგე, სადაც არ უნდა იყო, მუდამ შენთან ერთად არის, შენი მტერი ყოველთვის შენს გულშია, დაღუპვა შენ შიგნითაა. გახლართული და დაბმული ხარ მძიმე ჯაჭვებით, მძევალი გახდი შენი ეჭვების, რომელთაც დაგძლიეს და აღარ გაქვს შვება. დევნა ადამიანისა, რომელიც სათნოა ღვთისთვის, მუდმივი ბოროტებაა, მოძულება ბედნიერისა – განუკურნებელი ავადმყოფობა, ამიტომაც, საყვარელო ძმებო, ძმის მიმართ ეჭვიანობით რომ არ გაბმულიყვნენ მომაკვდინებელ მახეში, როდესაც მოციქულებმა ჰკითხეს უფალს, თუ რომელი იყო მათ შორის უპირატესი, დიდი საფრთხის თავიდან ასაცილებლად, უფალმა უპასუხა: „თქვენ შორის უმცირესი – უდიდესი იქნება“ (ლუკ. 9: 48). თავისი პასუხით უფალმა განაქარვა ყოველგვარი ეჭვი, განაგდო და აღმოფხვრა გესლიანი შურის ყოველგვარი მიზეზი. ქრისტეს მოწაფისთვის დაუშვებელია შური და ეჭვიანობა – არ შეიძლება გვქონდეს დავა უპირატესობის შესახებ – რადგან ვმაღლდებით თავმდაბლობით და განსწავლულნი ვართ იმით, რითაც შევძლებთ სათნოვეყოთ ღმერთს. განათლებულებმა ქრისტეს ნათელით და გამოხსნილებმა წყვდიადისაგან, უნდა აღვასრულოთ და საქმით ვაჩვენოთ, რომ დავდივართ ნათელში, როგორც ამის შესახებ გვასწავლის და გვარიგებს პავლე მოციქული თავის ეპისტოლეში: „ღამე მიიწურა და მოახლოვდა დღე; მაშ, განვიშოროთ ბნელის საქმენი და შევიმოსოთ ნათლის საჭურვლით. და როგორც დღისით, ღირსეულად ვიაროთ: არა ღორმუცელობით და სიმთვრალით, არა სიმრუშით და სიბილწით, არა შუღლით და შურით, არამედ შეიმოსეთ უფალი ქრისტე, და ხორცზე ზრუნვას ნუ აქცევთ ავხორცობად“ (რომ. 13: 12-14). თუ სიბნელე განეშორა შენს გულს, თუ ღამე განდევნილია და სიბნელე გაიფანტა, თუ შენი გრძნობები განათდა დღის სინათლით და სინათლის ადამიანი გახდი, მაშინ ქრისტეს საქმეებს აღასრულებ, რადგან ქრისტეა დღე და სინათლე. მაგრამ რატომღა ეფლობი ეჭვიანობის სიბნელეში, გარს რატომ იხვევ შურის ღრუბელს, რატომ აბნელებ ბრმა სიძულვილით ყოველგვარი მშვიდობისა და სიყვარულის ნათელს? რატომ ბრუნდები ეშმაკთან, რომელსაც განუდექი, რატომ ემსგავსები კაენს? რადგან მოციქული იოანე კაცისკვლაში ადანაშაულებს იმას, ვინც შეიძულა ძმა და შეშურდა მისი: „ყველა, ვისაც სძულს თავისი ძმა, კაცისმკვლელია; თქვენ კი იცით, რომ არცერთ კაცისმკვლელს არ აქვს საუკუნო სიცოცხლე, თვით მასშივე დამკვიდრებული“ (1 იოან. 3: 15). და კიდევ: „ვინც ამბობს, ნათელში ვარო, მაგრამ თავისი ძმა სძულს, ბნელშია დღემდე... ბნელშივე იარება და არ იცის, საით მიდის, რადგანაც ბნელმა დაუვსო თვალი“ (1 იოან. 2: ს 9,11). მოციქულის სიტყვებით, ვისაც ძმა სძულს, ბნელში დადის და არ იცის საით მიდის. თუმცა გაუცნობიერებლად ის მიდის გეენიაში; ბრმა და უვიცი, მიეშურება საშჯელისაკენ, შორდება ქრისტეს ნათელს და შესაბამისად ქრისტეს, რომელიც ამბობს: „მე ვარ ნათელი ქვეყნისა; ვინც გამომყვება, ბნელში კი არ ივლის, არამედ ექნება სიცოცხლის ნათელი“ (იოანე 8:12). ქრსიტეს კი გაჰყვება ის, ვინც ასრულებს მის მცნებებს, ვინც მიდის მისი მოძღვრების გზით, მისდევს მის კვალს, ბაძავს ქრისტეს სწავლებასა და საქმეებს, როგორც ამის შესახებ გვარიგებს პეტრე მოციქული: „ქრისტეც ჩვენთვის ევნო და დაგიტოვათ მაგალითი, რათა მისდიოთ მის კვალს“ (1 პეტრ. 2: 21). ასევე უნდა გვახსოვდეს, თუ როგორ სახელდებს ქრისტე თავის ერს, როგორ სახელს არქმევს თავის ფარას. ის მათ უწოდებს ცხვრებს, რათა მათ შეადაროს ქრისტიანული უბოროტობა; უწოდებს კრავებს, რათა გონების სიმარტივე იყოს მიმსგავსებული კრავის მარტივ ბუნებას. მაშ, რატომ იმალება ცხვრის სამოსის ქვეშ მგელი? რატომ არცხვენს ქრისტეს სამწყსოს ცრუ - ქრისტიანი? სახელად ქრისტიანის დარქმევა და ქრისტეს გზით არსიარული – ნუთუ არ არის ამ სახელის ღალატი, მაცხოვნებელ გზაზე უარის თქმა, როდესაც ქრისტე თავად გვასწავლის, რომ საუკუნო ცხოვრებას ეზიარებიან მხოლოდ ისინი, ვინც აღასრულებს მის მცნებებს, რომ ბრძენია ის, ვინც უსმენს უფლის სიტყვებს და ასრულებს მათ, რომ ის იწოდება ცათა სასუფეველში დიდ მასწავლებლად, ვინც თვითონ იქმს იმას, რასაც ასწავლის; სიკეთისა და საჭიროებისათვის უწყებული მხოლოდ მაშინ არის სასარგებლო, როდესაც სიტყვით ქადაგებას მოჰყვება საქმით აღსრულება, მაგრამ ყველაზე ხშირად რას ასწავლიდა ქრისტე თავის მოწაფეებს? ყველა დარიგებასა და ზეციურ მცნებებს შორის, რომელიც გვამცნო უფალმა, რომ აღვასრულოთ და დავიცვათ, ყველაზე დიდია გვიყვარდეს ერთმანეთი ისეთი სიყვარულით, რომლითაც მან შეიყვარა თავისი მოწაფეები. როგორ შეუძლია მისდიოს ღვთის მშვიდობასა და სიყვარულს იმან, ვისაც ეჭვიანობის გამო არ შეუძლია იყოს არც მშვიდობისმყოფელი და არც ალერსიანი? ამიტომაც პავლე მოციქული, ჩამოთვლიდა რა ამქვეყნიურ სიკეთეებს და სიყვარულს, ასწავლიდა და ამტკიცებდა, რომ არც რწმენა, არც მოწყალება, არც აღმსარებლობისათვის დათმენილი ტანჯვა და მოწამეობა არ მოუტანს არავის სარგებელს, თუ არ შეინარჩუნებს სიყვარულის უნარს სრულად და უვნელბად, და იქვე ამატებს: „სიყვარული სულგრძელია და კეთილმოწყალე; სიყვარულს არ შურს, არ ქედმაღლობს, არ ზვაობს“ (1 კორ. 13: 4) ანუ გვასწავლის, რომ მხოლოდ იმას შეუძლია მისდიოს სიყვარულს, ვისაც აქვს დიდი მოთმინება, ვინც გულმოწყალეა, ვისთვისაც უცხოა ეჭვიანობა და შური. მსგავსადვე, სხვა ადგილას გვარიგებს მოციქული, რომ ადამიანმა, რომელიც ფლობს სულიწმიდის მადლს, რომელიც იშვა სულიერად და ღვთის შვილად იწოდება, მხოლოდ სულიერი და ღვთიური უნდა აკეთოს, როგორც ამბობს კიდეც ამის შესახებ: „მე არ შემეძლო, ძმებო, ისე მელაპარაკა თქვენთან, როგორც სულიერ ხალხთან, არამედ გელაპარაკებოდით როგორც ხორციელთ, ან როგორც ჩვილებს ქრისტეში. რძით გზრდილით და არა საჭმლით, ვინაიდან არც მაშინ შეგეძლოთ მეტის ატანა და არც ახლა შეგიძლიათ. იმიტომ, რომ ჯერ კიდევ ხორციელნი ხართ, ვინაიდან თუ თქვენს შორის დღესაც შური და დავაა, განა ხორციელნი არა ხართ და ისევე არ იქცევით, როგორც საერთოდ იქცევიან კაცნი?“ (1 კორ. 3: 1–3). საჭიროა, საყვარელო ძმებო, მოვიძულოთ ხორციელი ცოდვა და მანკიერებანი, საჭიროა წარვხოცოთ მიწიერი სხეულის ყოველგვარი დამღუპველი ლაქა, რათა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ძველი კაცის ცხოვრებას არ დავუბრუნდეთ და კვლავ არ გავიხლართოთ სასიკვდილო ბადეში. ამჯერად მოციქული შემდეგნაირად გვმოძღვრავს და გვაფრთხილებს: „ამრიგად, ძმანო, ხორცის მოვალენი როდი ვართ, რომ ხორციელად ვიცხოვროთ. რადგან თუ ხორციელად ცხოვრობთ, სიკვდილი გელით, ხოლო თუ სულით მოაკვდინებთ ხორცის საქმეს, ცოცხალნი იქნებით. ვინაიდან ღვთის ძეა ყველა, ვისაც ღვთის სული წარმართავს“ (რომ. 8: 12–14). თუ ჩვენ ღვთის შვილები ვართ, თუ ჩვენ შევიქენით ღვთის ტაძრად, თუ მივიღეთ სულიწმიდა, თუ მივიღეთ მადლი და დავიწყეთ წმინდა და სულიერი ცხოვრება, თუ თვალები მიწიდან ზეცას მივაპყარით და ქრისტეთი აღსავსე გული სულიერისკენ მივაქციეთ, მაშ, შევასრულოთ ის, რაც ეკადრება ღმერთს, როგორც მოგვიწოდებს ამისკენ პავლე მოციქული: „უკუეთუ ქრისტეს თანა აღსდეგით, ზეცისასა ეძიებდით, სადაცა - იგი ქრისტე არს მარჯუენით ღმრთისა მჯდომარე. ზეცისასა ზრახევდით და ნუ ქუეყანისასა. რამეთუ მოჰკუედით, და ცხორებაჲ თქუენი დაფარულ არს ქრისტეთურთ ღმრთისა თანა. რაჟამს ქრისტე გამოცხადნეს, ცხორებაჲ იგი ჩუენი, მაშინ თქუენცა მის თანა გამოსცხადნეთ დიდებითა“ (კოლ. 3: 1–4). მაშასადამე, მომკვდარნი და დაფლულნი ნათლისღებით ძველი კაცის ხორციელი ცოდვებისათვის და აღდგომილნი ქრისტესთან და ქრისტეს მიერ ზეციური აღორძინებით, განვიზრახავდეთ და აღვასრულებდეთ ქრისტეს საქმეებს, როგორც კვლავ გვასწავლის და გვარწმუნებს პავლე მოციქული: „პირველი იგი კაცი ქუეყანისაგან მიწისაჲ, ხოლო მეორე იგი კაცი უფალი ზეცით. ვითარცა - იგი მიწისაგანი, ეგრეთცა მიწისაგანნი, და ვითარცა იგი ზეცისაჲ, ეგრეთცა ზეცისაგანნი იგი. და ვითარცა იგი შევიმოსეთ ხატი იგი მიწისაგანისაჲ, შევიმოსოთ ხატიცა იგი ზეცისაგანისაჲ“ (1 კორ. 15. 47–49). მაგრამ შეუძლებელია ვატაროთ ზეციური ხატება, თუ არ მივემსგავსებით ქრისტეს. უწინდელი ცხოვრების შეცვლა და ახლის დაწყება საჭიროებს, რომ იშვა ზეციდან, რათა ღვთიური მადლმოსილება შეესაბამებოდეს მამა ღმერთს, რათა პატიოსანი და საქებარი ცხოვრებით იდიდებოდეს ადამიანში ღმერთი, რომელიც თავად გვარწმუნებს და გვპირდება განადიდოს ისინი, ვინც ადიდებს მას: „ჩემს პატივმგებელს პატივს მივაგებ, ხოლო ჩემი მოძულენი დამცირდებიან“ (1 მეფ. 2: 30). ამიტომ, განგვაწყობს და გვამზადებს რა ასეთი დიდებისთვის და შთაგვაგონებს რა მივემსგავსოთ მამას, უფალი იესო ქრისტე სახარებაში გვამცნობს: „თქვენ გსმენიათ, რომ თქმულა: გიყვარდეს მოყვასი შენი და გძულდეს მტერი შენი. ხოლო მე გეუბნებით თქვენ: გიყვარდეთ თქვენი მტერნი; დალოცეთ თქვენი მაწყევარნი; კეთილი უყავით თქვენს მოძულეთ და ილოცეთ თქვენსავ მდევნელთა და შეურაცხმყოფელთათვის. რათა იყოთ შვილნი თქვენი ზეციერი მამისა, ვისაც თავისი მზე ამოჰყავს კეთილთა და ბოროტთათვის და წვიმას უგზავნის მართალთაც და უსამართლოთაც“ (მათ. 5: 43–45). და თუ ადამიანებისთვის სასიამოვნო და საამაყოა ჰყავდეთ მათივე მსგავსი შვილები, და თუ მშობელს უხარია ახალშობილი რომ სახის ნაკვეთებით ემსგავსება მამას, განა უფრო მეტად სასიხარულო არაა მამა ღმერთისთვის, როდესაც ვინმე იშვება სულიერად და თავისი ქმედებებითა და საქებარი თვისებებით ავლენს სულიერ დაბადებას?! რა პატივია და რა ჯილდო – იყო ისეთი, როგორის მიმართაც ითქვა ღვთის მიერ:“ შვილები აღვზარდე და აღვაზევე, ისინი კი განმიდგნენ“ (ის. 1: 2). უკეთესია შეგაქოს და მოგიხმოს ჯიდლოსთვის ქრისტემ ამგვარი სიტყვებით: „მოვედით, კურთხეულნო მამისა ჩემისანო, და დაიმკჳდრეთ განმზადებული თქუენთჳს სასუფეველი დასაბამითგან სოფლისაჲთ“ (მათ. 25: 34). ამგვარი განსჯითაა საჭირო განვმტკიცდეთ სულიერად, საყვარელო ძმებო, აგვარი წვრთნით საჭიროა დავიცვათ თავი ეშმაკის ისრებისგან. დაე, ხელთ გვქონდეს სულიერი საკითხავი და შემეცნებაში – სულიერი განსჯა. დაე, არასოდეს შეწყდეს განუწყვეტელი ლოცვა, დაე, მუდამ აღესრულებოდეს ცხონების საქმე. დავკავდეთ სულიერი მოღვაწეობით, რათა ყოველთვის, როცა ეშმაკი მოგვიახლოვდება და ეცდება შემოძვრომას, ჰპოვოს ჩვენი გული მისთვის დახშული და შეიარაღებული. ქრისტიანებისთვის მხოლოდ დევნის გვირგვინი არ არის განკუთვნილი. სხვა მრავალი გვირგვინიც არსებობს, რომლითაც ამკობენ იმათ, ვინც არაერთ ბრძოლაში არაერთხელ იმარჯვებს მტერზე: ვინც აოკებს ხორციელ ვნებებს, ჯილდოდ მიიღებს თავშეკავებას, ვინც წყენასა და მრისხანებას მოთოკავს – მოთმინების გვირგვინს. გაიმარჯვებს ანგარებაზე ის, ვინც ფულს არ შეიყვარებს და იქება რწმენით ის, ვინც მომავლის იმედით დაითმენს ამქვეყნიურ განსაცდელებს. ვინც არ ამაყდება წარმატებით – მიიღებს სიმდაბლეს. ვინც მოწყალებას გასცემს გაჭირვებულთათვის – მის წილ მიიღებს ზეციურ საუნჯეს. ვისაც მეტოქეობის გარეშე უყვარს ძმები, არ ექიშპება მათ და მშვიდია, ის დაჯილდოვდება მშვიდობითა და სიყვარულით. ამგვარად, გვირგვინებისკენ მივისწრაფვით და სათნოებათა სარბიელზე ვიბრძვით ყოველდღიურად, და იმისათვის, რომ გვირგვინი მოიპოვო შენც, რომელიც ეჭვიანობისა და შურის ძალაუფლების ქვეშ იმყოფებოდი დღემდე, მოიშორე ყველა ის ბოროტება, რომლებიც შენშია და ისწრაფე მაცხოვნებელი გზებით მარადიული ცხვორებისაკენ. ამოძირკვე შენი გულიდან „კუროსთავი და ეკალი“, რათა ღვთიური და სულიერი თესვით აღმოცენდეს უხვი მოსავალი მკის დროს. შხამისა და საწამლავისაგან განიწმინდე, რათა ეჭვიანობის გესლისაგან გასუფთავდეს შენი შებილწული გონება. ყოველი სიმწარე, მოკალათებული შენ შიგნით, დაე, განქარდეს ქრისტეს სიტკბოთი. და თუ შენ საკვებსა და სასმელს იღებ ჯვრის ნიშის საიდუმლოთი, როგორც ხემ, რომელმაც ოდესღაც დაატკბო მერარის წყლები, დაე ახლაც მთელი ჭეშმარიტებით დაარბილოს და დაატკბოს შენი გული – და შენ არ გაგიჭირდება წამლის პოვნა სხეულის სიმრთელის აღსადგენად. წამალი იმავე წყაროდანაა - საიდანაც ჭრილობებია მოყენებული. შეიყვარე ისინი, ვინც უწინ გძულდა, კეთილად განეწყე იმათ მიმართ, ვისაც ადრე შურის გამო უსამართლოდ ექცეოდი, მიბაძე სიკეთის მქნელს – თუ შეგიძლია, გაჰყვევი და თუ ვერ მისდევ, სულ მცირე, გაიხარე მასთან ერთად და სიხარულით მიესალმე ღირსეულთ. შეუერთდი მათ სიყვარულით, გახდი მათი თანამოაზრე მათი სიყვარულის პასუხად. და მოგეტევება ცოდვები, როდესაც მიუტევებ თავად, შეიწირება შენი მსხვერპლი, როდესაც მშვიდობისმყოფელი მიეახლები ღმერთს, შენი მოქმდებები და შემეცნება წარემართება სიმაღლისაკენ, როდესაც მხოლოდ სიმართლისა და ღვთიურის შესახებ იფიქრებ, როგორც წერია ამის შესახებ წმიდა წერილში: „გული კაცისა ზრახევდინ სიმართლესა, რომელთა ღმრთისა მიმართ წარემართნენ სლვანი მათნი“ (იგავნ. 15: 30). ბევრი რამ არის, რის შესახებაც უნდა დაფიქრდე. იფიქრე სამოთხის შესახებ, სადაც ვერ შევიდა კაენი, რომელმაც შურის გამო მოკლა ძმა. იფიქრე ცათა სასუფევლის შესახებ, სადაც ღმერთი მიიღებს მასთან დათანხმებულებსა და თანამოაზრეებს. იფიქრე იმის შესახებაც, რომ ღვთის შვილებად შეიძლება იწოდონ მხოლოდ მშვიდობისმყოფელნი, რომლებსაც აერთიანებთ სულიერი შობა და ღვთიური კანონები, და რომლებიც ემსგავსებიან მამა ღმერთსა და ქრისტეს. იფიქრე კიდევ იმის შესახებ, რომ ჩვენ ვდგავართ ღვთის წინაშე, რომ თვით ღმერთი გვიყურებს და აფასებს ჩვენ მიერ განვლილ გზას, რომ ღირსნი გავხდებით ღვთის დიდების ხილვისა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გავახარებთ ჩვენი მოქმდებებით იმას, ვინც გვიყურებს ჩვენ, და თუ ვიმოქმედებთ იმგვარად, რომ ღირსნი გავხდეთ მისი წყალობის და მადლის, ჩვენ, შექმნილებმა იმისათვის, რომ მარადიულად სათნოვეყოთ ღმერთს ცათა სასუფეველში, ჯერ უნდა სათნოვეყოთ მას ამ სოფელში. |
წინა თავი | შემდეგი თავი |