მთავარი გვერდი - ბიბლიოთეკა - წმიდა მამები შურის შესახებ |
ღირსი ეფრემ ასური
|
ნეტარია, ვინც არ მოქცეულა შურის და მეტოქეობის ზემოქმედების ქვეშ, რადგან ეს ვნებები ერთმანეთს აძლიერებენ და თუ სადმე ერთ - ერთი მათგანია, იქვეა მეორეც, ამიტომ ჭეშმარიტად ნეტარია ის, ვინც თავისუფალია ამ მანკიერებათაგან და არ არის მოშხამული მათით. ვინც ძმას უსამართლოდ ემეტოქება, ეშმაკთან ერთად განიკითხება; ვინც მეტოქეობს, ის მარცხდება, რადგან მტრობაა მასში და სხვისი წარმატებით იტანჯება. ხოლო ვისშიც არ არის შური და მეტოქეობა, მას სხვისი წარმატება არ ამწუხრებს; არ ძრწუნდება, როდესაც სხვას მიაგებენ პატივს; არ წუხს, როდესაც სხვა წარემატება; ყველას უპირატესად აღიარებს, საკუთარ თავზე წინ სხვებს აყენებს, მხოლოდ თავის თავს მიიჩნევს უღირსად, სხვებს კი – უკეთესად; უშურველი არ ეძებს პატივს, მოხარულთან თავადაც ხარობს, საკუთარ თავს არ მიაწერს დიდებულ საქმეებს, შეეწევა წარმატებულებს; ბედნიერია იმათი ცქერით, ვინც კეთილი გზით დადის; აქებს იმათ, ვინც სწორად ცხოვრობს; თუ ხედავს, რომ ძმა კარგად ასრულებს თავის საქმეს, კი არ აბრკოლებს, პირიქით, კეთილი რჩევით წაახალისებს; თუ ხედავს, რომ ვინმე ისვენებს, თანაუგრძნობს და არ ადანაშაულებს; თუ ხედავს ძმის გადაცდომას, სხვათა წინაშე ჩირქს კი არ სცხებს, არამედ სწორ რჩევას აძლევს; თუ ხედავს განრისხებულს, არ აღაშფოთებს, არამედ სიყვარულით ამშვიდებს. თუ მოწყენილს ხედავს, არ უგულებელყოფს, არამედ თანაუგრძნობს და ანუგეშებს სულისთვის სასარგებლო სიტყვით; თუ გაუნათლებელს ხედავს და უწიგნურს, ჩქარობს ასწავლოს და სწორ გზაზე აყენებს; თუ ხედავს უცოდინარს, უმჯობესისკენ უთითებს; თუ ფსალმუნებისას ვინმეს ჩასთვლემს, გულმოდგინედ აფხიზლებს, ერთი სიტყვით, ვინც თავისუფალია შურისაგან და არ ეჯიბრება მოყვასს, არასდროს შეურაცხყოფს და აბუჩად არ იგდებს მას, არამედ, პირიქით, არ შურს მეგობრის წარმატების და ყოველგვარი მეტოქეობის გარეშე უხარია მისი სახელოვნება. ხოლო ვინც შურითა და მეტოქეობის სენით არის მოწყლული, საცოდავია, რადგან ეშმაკის თანამზრახველია, რომლის მიერაც სიკვდილი შემოვიდა ქვეყანაში (სიბრძ. 2: 24). ის, ვისშიც შური და მეტოქეობაა, ყველას მტერია, რადგან არ სურს, რომ სხვამ აჯობოს. ვინც მოწონებას იმსახურებს, იმას ამცირებს; ვინც კეთილი გზით მიდის, მას გზაზე საცდურს უგებს; ვინც სწორად ცხოვრობს, მას კიცხავს; მოკრძალებულთ თაკილობს და მმარხველს პატივმოყვარედ მიიჩნევს; გულმოდგინედ მგალობელი, მისი აზრით, თავის თავს წარმოაჩენს, მსახურებაში მონდომებულს ხარბს უწოდებს, საქმეებში მარჯვეს კი – პატივმოყვარეს; წიგნების მკიითხველს – უსაქმურს; სიტყვისგებაში დახელოვნებულს – მუცლის მონას. შურიანს არასოდეს უხარია სხვისი წარმატება. თუ ვინმეს საქმისადმი გულგრილობას შეამჩნევს, კი არ მიუთითებს ამის შესახებ, არამედ უარესისკენ წააქეზებს. თუ შენიშნავს, რომ ვინმეს ლოცვის დროს ჩაეძინა, კი არ გააღვიძებს, უფრო მეტად დაიცავს სიწყნარეს; თუ დაინახავს, რომ ძმა ისვენებს, უსაყვედურებს; თუ ცოდვით დაცემულ ძმას შეხვდება, ყველას წინაშე შეარცხვენს. უბედურია შურიანი, რადგან მუდმივად იტანჯება და წვალობს, ფერდაკარგულია და ძალაგამოცლილი, ვერავის იტანს, ყველას მტერია და ყველა სძულს, ნიღაბს ატარებს და მუდმივად თვალთმაქცობს, ყველას ძირს უთხრის, დღეს ერთთან მეგობრობს, ხვალ სხვასთან, მაგრამ ურთიერთობებში არ არის სანდო, და ამგვარად, ერთსაც და მეორესაც ღალატობს; ყველას სურვილს ეთანხმება თითქოს, მაგრამ მალევე ყველას ამტყუნებს, ამცირებს ერთს მეორესთან და ყველას ყველასთან აპირისპირებს, ამგვარად, საშინელი საწამლავია შური და მეტოქოება, მათგან იშვება ცილისწამება, სიძულვილი და მკვლელობა. ამიტომ თქვენ – ზეცისა მოქალაქეობისათვის მებრძოლნო – რაც შეიძლება შორს გაიქეცით შურისაგან, რაც შეიძლება შორს დაიჭირეთ თავი მეტოქეობისა და ჯიბრისაგან, რათა არ განისაჯოთ ეშმაკთან ერთად! ვისაც საკუთარი ძმის წარმატება შურს, ის განეშორება საუკუნო ცხოვრებას, ხოლო ვინც თავის ძმას ეხმარება, მისი თანამოზიარე იქნება მარადიულ ცხოვრებაშიც. და თუ სამსჯავროზე განისჯებიან ბოროტების მოქმედნი და მათი თანამონაწილენი, განა მით უფრო მეტად არ დააჯილდოებს ღმერთი იმათ, ვინც აღასრულებს მის ნებას. ნეტარია, ვინც პატივს მიაგებს წმინდანებს, უყვარს მოყვასი და საკუთარი გულიდან განაგდო შური, რომლის გამოც კაენი გახდა ძმის მკვლელი. არ უნდა გვშურდეს ძმის წარმატებების, რამეთუ ვართ ქრისტეს სხეულის ნაწილები. თუ დაინახავ ქედმაღალ ადამიანს მომხიბვლელი გარეგნობით, ლამაზი სამოსითა და მსახურთა გარემოცვით, ნუ შეგშურდება და ნურც შეცბუნდები, თავი შეიკავე ფიქრებისაგან, რადგან მალევე იხილავ მისი დიდების დაღმასვლას, რადგან გაიფურჩქნებიან და გაბრწყინდებიან მხოლოდ ისინი, ვინც იცხოვრა ღვთის ნებით. ნუ დააყოვნებ შენში შურის ვნებას, რათა ბოროტმა არ გშთანთქას, მალევე მოინანიე და ევედრე უფალს, რომ გიხსნას ამგვარი საშიშროებისგან. უმჯობესია დაეთანხმო სიკვდილს, ვიდრე დაემორჩილო შურს. |
წინა თავი | შემდეგი თავი |