მთავარი გვერდი - პუბლიკაციები

სწავლება კეთილი საქმეების ძალისა და მოქმედების შესახებ
წმიდა ნიკოლოზ სერბი


ვინაიდან ღმერთმა ისე ინება, რომ კეთილი საქმით ვუკრავდეთ პირს უგუნურ კაცთა უმეცრებას
(1 პეტ.2:15)


რთულია, ძმანო, კამათი უღმერთოსთან, რთულია საუბარი უგუნურთან, რთულია დაარწმუნო გაბოროტებული. რთულია უღმერთოს, უგუნურისა და გაბოროტებულის სიტყვებით დარწმუნება, მაგრამ მარტივია მათი საქმით დარწმუნება. დაე, „თქვენი კეთილი საქმის შემყურეთ ადიდონ ღმერთი“ (1 პეტ. 2:12). ვისაც სურს გეკამათოთ, გაუკეთეთ სიკეთე და კამათს მოიგებთ. მრავალსაათიან საუბარზე მეტად გულმოწყალება შეაგონებს უგუნურს და კეთილად განაწყობს გაბოროტებულს. თუ ურწმუნოებას, უგუნურებასა და გაბოროტებას უვიცობა განაპირობებს, მას, როგორც სიშლეგეს, ყველაზე სწრაფად კეთილი საქმეები ანადგურებს; თუ უღმერთოსთან კამათობ მისივე უღმერთო საშუალებებით, ამით აძლიერებ მასში ურწმუნოებას; და თუ უგუნურს აბუჩად აიგდებ საუბრისას, ამით უგუნურების სიბნელეს აძლიერებ; და თუ გაბოროტებულის დარწმუნებას ცდილობ მრისხანებით, ამით უფრო მეტად აღანთებ მასში ბოროტ გაშმაგებას.

მშვიდი და კეთილი მოპყრობა – წყალივითაა ხანძრის დროს. ყოველთვის გაიხსენე როგორ ეპყრობოდნენ წმიდა მოციქულები ადამიანებს. თუ გაღიზიანებს უღმერთო, იცოდე, რომ ეს მისი კი არა, ეშმაკის ბრალია, რადგან ადამიანი ბუნებით ღვთისმოსავია; თუ გლანძღავს უგუნური, ამას აკეთებს არა იგი, ადამიანი, არამედ ეშმაკი, რადგან ადამიანი თავისი ბუნებით გონიერია; თუ გაბოროტებული გდევნის, ამას აკეთებს არა იგი, ადამიანი, არამედ ეშმაკი, რადგან ადამიანი თავისი ბუნებით თვინიერია. ეშმაკი გიწვევს ხანგრძლივ კამათსა და უსარგებლო საუბრებში, მაგრამ კეთილი საქმეებისაგან გარბის. აღასრულე კეთილი საქმე ქრისტეს სახელით და გაიქცევა ეშმაკი, და მაშინ საქმე გექნება ადამიანებთან, ნამდვილ ადამიანებთან – ღვთისმოსავ, გონიერ და თვინიერ ადამიანებთან; მაგრამ რასაც აკეთებ – უფლის სახელით გააკეთე ყველაფერი.

ყოვლადსახიერო უფალო, შეგვეწიე, რომ სიკეთე ვაკეთოთ და ამ სიკეთით გავიმარჯვოთ შენი სახელით. დიდება შენდა უკუნისამდე,
ამინ.


მთარგმნელი: დავით თოფჩიშვილი

რედაქტორი: ეკატერინე ქორიძე

წყარო: https://azbyka.ru/

თბილისი 2019