მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
ფსალმუნნი
თავი 144

1აღგამაღლო შენ, ღმერთო ჩემო, მეუფეო ჩემო, და ვაკურთხო სახელი შენი უკუნისამდე ღა უკუნითი უკუნისამდე.

2ყოველსა დღესა გაკურთხო შენ და ვაქო სახელი შენი უკუნისამღე და უკუნითი უკუნისამდე.

3დიდ არს უფალი და ქებულ ფრიად, და სიდიდისა მისისა არა არს დასასრულ.

4ნათესავი და ნათესავი აქებდენ საქმეთა შენთა და ძალსა შენსა უთხრობდენ.

5დიდად შუენიერებასა დიდებისა სიწმიდისა შენისასა იტყოდიან და საკჳრველებათა შენთა მიუთხრობდენ,

6და ძალი საშინელებათა შენთა თქუან და სიმდიდრესა შენსა მიუთხრობდენ,

7ჴსენებაჲ მრავალი სიტკბოებისა შენისა აღმოთქუან და სიმართლითა შენითა იხარებდენ.

8შემწყნარებელ და მოწყალე არს უფალი, სულგრძელ და დიდად მოწყალე.

9ტკბილ არს უფალი ყოველთა მიმართ, და წყალობანი მისნი ყოველთა ზედა საქმეთა მისთა.

10აღგიარებედ შენ, უფალო, ყოველნი საქმენი შენნი, და წმიდანი შენნი გაკურთხევდედ შენ.

11დიდებაჲ სუფევისა შენისა წართქუან და ძლიერებასა შენსა იტყოდიან

12უწყებად ძეთა კაცთა ძლიერებაჲ შენი და დიდებაჲ დიდად შუენიერებისა სუფევისა შენისა.

13სუფევა შენი სუფევა არს ყოველთა საუკუნეთა, და მეუფებაჲ შენი ყოველსა შორის თესლსა და თესლსა. სარწმუნო არს უფალი ყოველთა შინა სიტყუათა მისთა და წმიდა არს იგი ყოველთა შინა საქმეთა მისთა.

14განამტკიცნის უფალმან ყოველნი დაცემადნი და აღმართნის ყოველნი დაცემულნი.

15თუალნი ყოველთანი შენდამი ესვენ, და შენ მოსცი საზრდელი მათი ჟამსა.

16აღაღებ შენ ჴელსა შენსა და განაძღებ ყოველსა ცხოველსა ნებისაებრ.

17მართალ არს უფალი ყოველთა შინა გზათა მისთა და წმიდა არს იგი ყოველთა შინა საქმეთა მისთა.

18ახს უფალი ყოველთა, რომელნი ხადიან მას, ყოველთა, რომელნი ხადიან მას ჭეშმარიტებით.

19ნებაჲ მოშიშთა მისთა ყოს და ვედრებისა მათისა შეისმინოს და აცხოვნნეს იგინი,

20დაიცვნეს უფალმან ყოველნი მოყუარენი მისნი და ყოველნი ცოდვილნი მოსრნეს.

21ქებულებასა უფლისასა იტყოდის პირი ჩემი, და აკურთხევდინ ყოველი ჴორციელი სახელსა წმიდასა მისსა უკუნისამდე და უკუნითი უკუნისამდე. დიდებაჲ


წინა თავი შემდეგი თავი