მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
ფსალმუნნი
თავი 27

1შენდამი, უფალო, ჴმა-ვყო; ღმერთო ჩემო, ნუ დასდუმნები ჩემგან, ნუ სადამე დასდუმნე ჩემგან და ვემსგავსო მათ, რომელნი შთავლენან მღჳმესა.

2ისმინე, უფალო, ჴმაჲ ვედრებისა ჩემისა, ვედრებასა ჩემსა შენდამი, აპყრობასა ჴელთა ჩემთასა ტაძრისა შენისა მიმართ წმიდისა.

3ნუ მიმზიდავ მე ცოდვილთა თანა და მოქმედთა თანა სიცრუვისათა, ნუ თანაწარმწყმედ მე, რომელნი იტყჳან მშჳდობასა მოყუსისა მათისა თანა, ხოლო უკუეთურებასა - გულთა შინა მათთა.

4მიეც მათ, უფალო, საქმეთა მათთაებრ და უკეთურებისაებრ საქმეთა მათთასა; საქმეთაებრ ჴელთა მათთასა მიეც მათ და მიაგე მისაგებელი მათი მათვე.

5რამეთუ არა გულისჴმა-ყუნეს საქმენი უფლისანი, არცა ქმნულსა ჴელთა მისთასა მიჰხედნეს; დაამჴუნე იგინი და არა აღაშენნე.

6კურთხეულ არს უფალი, რამეთუ ისმინა ჴმაჲ ლოცვისა ჩემისა.

7უფალი შემწე ჩემდა და მფარველ ჩემდა; მას ესვიდა გული ჩემი და შეწევნულ იქმნა, და მხიარულ იქმნნეს ჴორცნი ჩემნი და მე ნებითა ჩემითა აუვარო მას.

8უფალი ძალ არს ერისა თჳსისა და შესავედრებელ არს ცხორებად ცხებულისა თჳსისა.

9აცხოვნე, უფალო, ერი შენი და აკურთხე სამკჳდრებელი შენი. და დაჰმწყსენ და აღამაღლენ იგინი უკუნისამდე.


წინა თავი შემდეგი თავი