მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
ფსალმუნნი
თავი 30

1დასასრულსა, ფსალმუნი დავითისი, განკჳრვებისათჳს

2შენ, უფალო, გესავ, ნუ მრცხუენებინ მე უკუნისამდე; სიმართლითა შენითა მიჴსენ და განმარინე მე.

3მოყავ ჩემდა ყური შენი და ისწრაფე განრინებად ჩემდა; მეყავ მე ღმერთ მფარველ და სახლ შესავედრებელ ცხორებად ჩემდა.

4რამეთუ განმაძლიერებელი ჩემი და შესავედრებელი ჩემი შენ ხარ და სახელისა შენისათჳ მიძეღუ მე და გამომზარდო მე.

5და გამომიყვანო მე საბრჴიდა ამისგან, რომელ დამირწყუეს მე,

6რამეთუ შენ ხარ მფარველი ჩემი, უფალო. და ჴელთა შენთა შევჰვედრო სული ჩემი; მიჴსენ მე, უფალო ღმერთო ჭეშმარიტებისაო.

7მოიძულენ შენ იგინი, რომელთა დაცვან ამაოებაჲ ცუდად, ხოლო მე უფალსა ვესავ.

8ვგალობდე და ვიხარებდე წყალობისა შენისა მიმართ, რამეთუ მომხედენ სიმდაბლესა ჩემსა და იჴსენ ჭირისაგან სული ჩემი;

9და არა მიმეც მე ჴელთა მტერთა ჩემთასა, დამიდგენ ფართოსა ფერჴნი ჩემნი.

10მიწყალე მე, უფალო, რამეთუ მჭირს მე; შეშფოთნა გულისწყრომითა თუალი ჩემი, სული ჩემი და მუცელი ჩემი.

11რამეთუ მოაკლდა სალმობით ცხორებაჲ ჩემი და წელიწადნი ჩემნი სულთქუმით; მოუძლურდა გლახაკებითა ძალი ჩემი და ძუალნი ჩემნი შეძრწუნდეს.

12ყოველთა მტერთა ჩემთაგან ვიქმენ მე საყუედრელ და მოძმეთა ჩემთაგან ფრიად და შიშ მეცნიერთა ჩემთა; რომელთა მიხილიან მე, გარე განივლტიედ ჩემგან.

13დავივიწყე მე, ვითარცა მკუდარი, გულთაგან და ვიქმენ მე ვითარცა ჭურჭელი წყმედული.

14რამეთუ მესმა მე ყუედრებაჲ მრავალთა, რომელნი გარემოს იყვნეს ჩემსა; რაჟამს შეკრბეს იგინი ერთბამად ჩემ ზედა, მიღებაჲ სულისა ჩემისა იზრახეს.

15ხოლო მე, უფალო, შენ გესავ; ვთქუ: შენ ხარ ღმერთი ჩემი.

16და ჴელთა შენთა შინა არს მკჳდრობაჲ ჩემი; მიჴსენ მე ჴელთაგან მტერთა ჩემთასა და მდევართა ჩემთასა.

17გამოაჩინე პირი შენი მონისა შენისა ზედა და მაცხოვნე მე წყალობითა შენითა.

18უფალო, ნუ მრცხუენებინ მე, რამეთუ გხადოდე შენ; ჰრცხუენოდენ უღმრთოთა და შთაჴდენ იგინი ჯოჯოხეთად.

19უტყუ იქმნენ ბაგენი მზაკუარნი, რომელნი იტყჳან მართლისა მის ზედა უსჯულოებასა ამპარტავანებითა და შეურაცხებითა.

20ვითარ მრავალ არს წყალობაჲ სიტკბოებისა შენისა, უფალო, რომელ დაუმარხე მოშიშთა შენთა! ჰყავ შენ იგი მოსავთა შენთათჳს წინაშე ძეთა კაცთასა.

21დაჰფარნე იგინი საფარველსა პირისა შენისასა აღძრვისაგან კაცთასა; დაიცუნე იგინი კარავსა შენსა ჴდომისაგან ენათაჲსა.

22კურთხეულ არს უფალი, რამეთუ საკჳრველ-ყო წყალობაჲ მისი ზედა ქალაქსა მტკიცესა.

23ხოლო მე ვთქუ განკჳრვებასა ჩემსა: გან-მე-გდებულ ვარ მე პირისაგან თუალთა შენთასა; ამისთჳს შეგესმა ჴმაჲ ლოცვისა ჩემისა, რაჟამს ვღაღადებდი მე შენდამი.

24შეიყუარეთ უფალი ყოველთა ღირსთა მისთა, რამეთუ ჭეშმარიტებასა ეძიებს უფალი და მიაგოს მათ, რომელნი მეტად ჰყოფენ ამპარტავნებასა.

25მჴნე იყავნ და განძლიერდინ გული თქუენი, ყოველნი რომელნი ესავთ უფალსა.


წინა თავი შემდეგი თავი