მთავარი გვერდი - ბიბლია

ძველი აღთქმა
მეორე რჯული
თავი 11

1შეიყვარო შენ უფალი ღმერთი შენი და დაიმარხნე მცნებანი მისნი და წამებანი და სამართალნი მისნი და მშჯავრნი ყოველთა დღეთა ცხორებისა შენისათა.

2და გულისხმა-ჰყო დღეს, ვითარმედ არა თუ ყრმანი თქუენნი, რომელთა არარაჲ უწყიან და არცა იხილეს სწავლაჲ იგი უფლისა ღმრთისა თქუენისაჲ და საკჳრველებანი მისნი, ჴელი იგი მტკიცე და მკლავი იგი მაღალი,

3სასწაულნი მისნი და საქმენი იგი მისნი, რომელ ყო უფალმან ღმერთმან ეგჳპტეს ფარაო მეფისა ზედა და ყოველსა ქუეყანასა მისსა.

4და რაჲ-იგი უყო ერსა მას მეგჳპტელთასა, ეტლებსა და ჰუნებსა მათსა, ვითარ-იგი დაფარნა წყალმან ერთრისა მის ზღჳსამან წინაშე მდევართა თქუენთა, რამეთუ წარწყმიდნა იგინი უფალმან მოდღენდელად დღედმდე.

5და რავდენ-რაჲ იყო თქუენთჳს უდაბნოსა მას ვიდრე მოსლვად-მოწევნადმდე ადგილსა ამას.

6და რავდენ-რაჲ უყო დათანს და აბირონს, ძეთა მათ ელიაბისთა, ძისა რუბენისთა, ვითარ-იგი აღაღო ქუეყანამან პირი თჳსი და დანთქნა იგინი და ყოველი სიმდიდრე ნაყოფისა მათისა და ყოველნი სახლნი მათნი და საყოფელნი მათნი შორის ძეთა მათ ისრაჱლისათა.

7რამეთუ თუალთა თქუენთა იხილნეს ყოველნი საქმენი უფლისანი და საკვირველებანი მისნი, რომელ ყვნა თქუენ შორის მოდღენდელად დღედმდე.

8ეკრძალენით დამარხვად ყოველთა მცნებათა მისთა, რომელ-ესე მე გამცნებ თქუენ დღეს, რათა სცხონდეთ და გამრავლდეთ და შეხვიდეთ და დაიმკჳდროთ ქუეყანაჲ იგი, რომლისათჳს-ეგე წიაღხუალთ იორდანესა დამკვიდრებად მუნ,

9რათა დღეგრძელ იყვნეთ ქუეყანასა მას ზედა, რომლისათჳს-იგი ეფუცა უფალი მამათა მათ თქუენთა მიცემად მათა და ნათესავისა მათისა შემდგომად მათსა ქუეყანასა, რომელსა გამოსდის სძე და თაფლი.

10რამეთუ ქუეყანაჲ იგი, რომელსა თქუენ შეხუალთ დამკჳდრებად, არა ეგრე არს, ვითარ-იგი ქუეყანაჲ ეგჳპტელთაჲ, სადაჲთ-იგი თქუენ გამიხუედით, რამეთუ რაჟამს დასთესიან თესლი და მორწყიან, ფერჴითა მათითა განქმნიან, ვითარ ყუერბი მტილისაჲ.

11ხოლო ქუეყანა იგი, რომელსა თქუენ შეხუალთ დამკვიდრებად ქუეყანაჲ - მთაჲ და ბარი, ცუარისაგან ზეცისაჲსა ირწყვის იგი.

12რომელსა-იგი უფალი ღმერთი თვით ღუწილ და თუალნი უფლისა ღმრთისანი მარადის მას ზედა არიან დასაბამითგან წელიწადისაჲთ და მიაღსასრულადმდე წელიწადისა.

13უკეთუ სმენით ისმინეთ ყოველნი ესე მცნებანი ჩემნი, რომელთა-ესე დღეს გამცნებ თქვენ და შეიყუაროთ უფალი ღმერთი თქუენი და ჰმსახურებდით მათ ყოვლითავე გულითა თქუენითა და ყოვლითა ძალითა თქუენითა,

14მოგცეს უფალმან წვიმაჲ ქუეყანასა თქუენსა ჟამსა შინა მისსა, მსთუაჲ და მცხეუედი. და შეიკრიბო შენ იფქლი შენი და ღვინოჲ შენი და ზეთი შენი.

15და მოგცეს შენ თივაჲ ველთაგან შენთა საზრდელად საცხოვართა შენთა, შჭამდეღა და განსძღებოდი.

16იგულე თავი შენი, ნუუკუე განსუქნე და განვრცნე და შესცთეს გული შენი და ჰმსახურებდეთ და თაყუანი-სცემდეთ ღმერთთა უცხოთა.

17და განრისხნეს უფალი გულისწყრომით თქუენ ზედა. და დაეყენნეს ცანი და არა გამოსცეს წვიმაჲ და ქუეყანამან არა გამოსცეს ნაყოფი თჳსი და წარწყმდეთ მსთუად ქუეყანისა მისგან კეთილთაჲსა, რომელ-იგი უფალმან მოგცეს თქუენ.

18დაისხენით მცნებანი ესე ჩემნი გულთა თქუენთა და შევიბნეთ იგი სასწაულად ჴელთა თქუნთა და იყვნენ იგინი შეურყეველად წინაშე თუალთა თქუენთა.

19და ასწავლნეთ ესე შვილთა მათ თქუენთა და იტყოდი ამას ჯდომასა სახლსა შენსა, და სლვასა გზასა შენსა, და დაწოლას სარეცელსა შენსა და აღდგომასა შენსა.

20და დასწერნე ესენი ზღურბლთა სახლსა შენისათა და ბჭეთა თქუენთა ზედა.

21რათა განმრავლდენ დღენი თქუენნი და დღენი ნაშობთა მათ თქუენთანი ქუეყანასა მას ზედა, რომლისათჳს ეფუცა უფალი მამათა მათ თქუენთა მიცემად მათა, ვითარცა დღენი ცისანი ქუეყანასა ზედა.

22და იყოს, უკეთუ სმენით ისმინნეთ მცნებანი ესე ჩემნი, რომელთა-ესე მე გამცნებ თქუენ დღეს და ჰყოთ ესე და შეიყუაროთ უფალი ღმერთი თქუენი და ხვიდოდით ყოველთა გზათა მისთა და შეეყვნეთ მას,

23განასხნეს უფალმან ყოველნი წარმართნი პირისაგან თქუენისა და დაიმკჳდრნე შენ ნათესავნი დიდნი და უძლიერესნი შენსა.

24ყოველსავე ადგილსა, რომელსაცა დასდგათ კუალი ფერჴთა თქუენთაჲ, თქუენი იყოს უდაბნოჲთგან დიდით ვიდრე ლიბანედმდე, და მდინარით დიდით ევფრატით და ვიდრე ზღუად დიდადმდე დასავალით კერძო იყავნ საზღვარი თქუენი.

25არა ვინ გიჴდებოდის თქვენ და არცაღა მო-ვინ-გექცეს პირსა თქუენსა, რამეთუ შიში და ზარი თქუენი მიჰფინოს უფალმან ღმერთმან თქუენმან ყოველსა მას ქუეყანასა, რომელსაცა მიხვიდოდით თქუენ, ვითარცა გეტყოდა თქუენ უფალი.

26აჰა, ესერა, მიგცემ თქუენ დღეს წყევასა და კურთხევასა.

27ამისთჳს თუ ისმინნეთ მცნებანი უფლისა ღმრთისა თქუენისანი, რომელსა-ესე გამცნებ თქუენ დღესდღე

28დაწყევასა, არა თუ ისმინნეთ მცნებანი უფლისა ღმრთისა თქუენისანი, რომელსა-ესე დღეს გამცნებ თქუენ და შესცთეთ გზისა მისგან, რომელი გამცენ თქუენ და შეხვიდეთ და ჰმსახურებდეთ თქუენ ღმერთთა უცხოთა, რომელ არა იცოდეთ.

29და იყოს, რაჟამს შეგიყვანოს შენ უფალმან ღმერთმან შენმან ქუეყანასა მას, რომელსა შეხუალ დამკვიდრებად მუნ და მისცე კურთხევაჲ იგი მთასა მას ზედა გარიზინსა და წყევაჲ იგი მთასა მას ზედა გებალსა.

30ესე ორნივე წიაღ იორდანესა გზასა მას მზისდასავალით კერძოსა, ქუეყანასა მას ქანანელთასა, რომელი დამკვიდრებულ არს მზიაღასავალით კერძოთა გალგალასა, მახლობელად მუხასა მას მაღალსა.

31აწ თქუენ, ეგერა, წიაღხუალთ იორდანესა შესლვად და დამკვიდრებად ქუეყანისა მის, რომელ-იგი უფალმან ღმერთმან თქუენმან მოგცეს თქუენ და დაიმკვიდროთ იგი, და დაეშენეთ მუნ.

32და დაიმარხნეთ და ჰყოთ ყოველი ესე მცნებაჲ და სამართალი, რომელსა-ესე გამცნებ თქუენ დღეს.


წინა თავი შემდეგი თავი